ბრიტანელმა ქალმა უფროსს "ჩიტის" დაძახების გამო უჩივლა - "ქალისთვის "ჩიტის" დაძახება არის სექსისტური და ასე ხუმრობით მიმართვაც კი სულელურია" - კვირის პალიტრა

ბრიტანელმა ქალმა უფროსს "ჩიტის" დაძახების გამო უჩივლა - "ქალისთვის "ჩიტის" დაძახება არის სექსისტური და ასე ხუმრობით მიმართვაც კი სულელურია"

ბრიტანელმა ქალმა უფროსს "ჩიტის" დაძახების გამო უჩივლა - "ქალისთვის "ჩიტის" დაძახება არის სექსისტური და ასე ხუმრობით მიმართვაც კი სულელურია"

გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, ქალისთვის "ჩიტის" დაძახება არის "აშკარად სექსისტური" და ამ ტერმინით ქალისთვის ხუმრობით მიმართვაც კი "სულელურია." მით უფრო, რომ ასე "ქარაფშუტობას", "გამოუცდელობას" უსვამენ ხაზს. (ცნობისთვის, სასაუბრო ინგლისურში სიტყვით - ბირდ ქარაფშუტა ქალს მოიხსენიებენ.)

სასამართლო ტრიბუნალმა აღნიშნული განჩინება შემდეგ საქმეზე მიიღო - საინვესტიციო ბანკ Barclays-ში მომუშავე ქალმა უფროსს უჩივლა და განაცხადა, რომ მუდმივად "ჩიტს" ეძახდა.

ანა ლაკატუსის თქმით, მისი უფროსი, ჯეიმს კინგჰორნი აგრძელებდა მისთვის ჩიტის დაძახებას მიუხედავად იმისა, რომ ქალმა სთხოვა, ასე აღარ მიემართა და რომ ყოველივე თავს არაკომფორტულად აგრძნობინებდა.

გამოცემა independent წერს, რომ მოსამართლე ჯონ ქროფილის განცხადებით, მხოლოდ სულელმა შეიძლება იფიქროს, რომ ვიღაცისთვის ამ სახელით მიმართვა შეიძლება სახალისო იყოს და ყოველივეს გამო ლაკატუსისთვის მის უფროსს კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ქალი თავის საჩივარში ამბობს, რომ უფროსმა ქინგჰორნმა "ჩიტი" პირველად 2018 წელს უწოდა, ანამ ეს მაშინვე გააპროტესტა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცი აგრძელებდა ასეთი ფორმით მიმართვას. გარდა ამისა, უფროსმა მას უთხრა, რომ HR-თან აღნიშნულის გამო არ ეჩივლა და არაფერი ეთქვა.

სასამართლოზე ქინგჰორნმა აღიარა, რომ მისი ლექსიკა შეუფერებელი, შეუსაბამო იყო.

"სიტყვა "ჩიტის" გამოყენება იყო უადგილო და ირონიის შემცველი, რამაც ადამიანის შეუარცხყოფა გამოიწვია. ირონიისა, თუ მის გარეშე, ასეთი ლექსიკა სრულად სექსისტურია", - აცხადებს მოსამართლე.

ამასთან, სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ დიდი დროის განმავლობაში ანა ლაკატუსი ვერაფერს ამბობდა, რადგანაც ამის გამო უფროსს შეეძლო მისი კარიერისთვის ზიანი მიეყენებინა.

გარდა ამისა, ლაკატუსმა საინვესტიციო ბანკს დაუმტკიცა, რომ ხელმძღვანელობამ არ შეასრულა მისი თხოვნა, შეექმნათ მასზე მორგებული სამუშაო პირობები, რაც სჭირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე - აწუხებდა ენდომეტრიოზი და შფოთვა.

"ყოველივეს შედეგად მისი დაავადება პროგრესირდა, მისი მდგომარეობა უფრო სტრესული გახდა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ გუნდისთვის შრომისმოყვარეობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ადამიანს აწუხებდა ენდომეტრიოზი, სტრესი და შფოთვა და ეს არ გაითვალისწინეს. ყოველივე დისკრიმინაციის სერიოზული შემთხვევაა", - აღნიშნა მოსამართლემ.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ არის დადგენილი კომპენსაციის რაოდენობა. აღნიშნულ თემაზე მოსმენა მოგვიანებით გაიმართება.

წყარო