"ვფიქრობდი 5 წელიწადში მოვკვდები, როგორ იქნება ნიკოლოზი, ედუარდი, რას იზამს ჩემი ოჯახი" - საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ვფიქრობდი 5 წელიწადში მოვკვდები, როგორ იქნება ნიკოლოზი, ედუარდი, რას იზამს ჩემი ოჯახი" - საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება

"არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი", - ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს ეკუთვნის. იდეალისტი ქალის სტატუსმა გუშინ კიდევ ერთხელ გააოცა საქართველო. ამ სიტყვებით სანდრა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების დღეს, უკრაინელი დეპუტატის ლიზა იასკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ლიზასთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო.

ყველაზე პოპულარული პირველი ლედი

სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წლის დეკემბერს ჰოლანდიის ქალაქ ტერნეზენში დაიბადა. კათოლიკურ ოჯახში გატარებული ბავშვობის პარალელურად სწავლობდა უცხო ენებს და ოცნებობდა რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში ჰუმანიტარული მისიით გამგზავრებულიყო.

25 წლის ასაკში სტრასბურგში, უნივერსიტეტის კაფეტერიაში ქართველი სტუდენტი მიხეილ სააკაშვილი გაიცნო და ამ დღის შემდეგ მათი გზები სამუდამოდ გადაიკვეთა.

ცხოვრება შტატებში გააგრძელეს და საქართველოში უამრავი გეგმით, უკვე დაოჯახებულები დაბრუნდნენ. პირველი, რაც ქართველების რძალმა გააკეთა, მეუღლის მშობლიური ენა ისწავლა.

თუმცა, საქართველოში პირველად როგორც მიხეილ სააკაშვილის მეუღლე არ ჩამოსულა.

პირველად 1992 წელს იმოგზაურა, მოსკოვიდან მატარებელს გამოჰყვა და სოხუმში ჩამოვიდა. იმჟამად ფლამანდიელ ძმებს თარჯიმნობას უწევდა, რომლებმაც საქართველოში ჰოლანდიური ბოსტნეულის თესლი ჩამოიტანეს და სოხუმიდან პირდაპირ ქუთაისში ჩამოვიდნენ. ათი დღე გაატარეს ქუთაისში და ჰოლანდიაში დაბრუნდნენ.

პირველი ლედის სტატუსი 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. "ვარდების რევოლუციით" მოსულ ხელისუფლებაზე ხალხი დიდ იმედებს ამყარებდა და საზოგადოებამ ძალიან თბილად მიიღო ქართულ ენაზე მოსაუბრე ჰოლანდიელი რძალი, იმჟამად წყვილს პირველი შვილი - ედუარდი უკვე ჰყავდა. განაგრძეთ სტატიის კითხვა და იხილეთ ფოტოები