"როცა მე და მი­შამ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყეთ, სანდრასთან დაშორებული იყო" - რას ჰყვება ლიზა იასკო სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე? - კვირის პალიტრა

"როცა მე და მი­შამ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყეთ, სანდრასთან დაშორებული იყო" - რას ჰყვება ლიზა იასკო სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე?

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რჩეულმა, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ჟურნალისტ ალესია ბაცმანთან ვრცელ ინტერვიუში არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ ურთიერთობასა და ასევე სანდრა რულოვსზე.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

ლიზა იასკო:

- მიშას გასულ კვირას შევხვდი. თბილისში ჩავფრინდი და ჩვენ დაახლოებით 4 საათი ვსაუბრობდით, როგორც პოლიტიკურ, ასევე პირად საკითხებზე, მის ჯანმრთელობაზე და იმაზეც, თუ რა ხდება მსოფლიოში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება მსოფლიოში. მას აქვს ტელევიზორიც, უკავშირდება ადვოკატებს, მაგრამ არ აქვს ინტერნეტი და მობილური ტელეფონი.

ციხეში შესვლისას თავიდან აუცილებლად გამოწმებენ. ჩვენ უამრავი კორიდორისა და ოთახის გავლის შემდეგ შევხვდით, ერთმანეთისგან გამჭვირვალე მინა გვყოფდა, შეხების საშუალებაც არ გვქონდა.

ის ფიზიკურად თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ მორალურად ძალიან ძლიერია, რადგან მებრძოლია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინახა მხარდასაჭერად გამოსული ამდენი ადამიანი.

- ფიქრობ, რომ იწერდნენ თქვენს შეხვედრას?

- შესაძლოა. ჩვენ გვესმის, რომ ისეთ ადგილას როგორიც ციხეა, შეუძლებელია ისაუბრო უსაფრთხოებაზე. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ძალიან ძლიერი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან და სიტყვების გარეშეც ბევრი რამის დანახვა შეიძლება.

უკვე სამჯერ შევხვდით ერთმანეთს. ისევე როგორც სხვებმა, მეც ვთხოვე, რომ შეწყვიტოს შიმშლობა. ამბობს, რომ არ აქვს ბევრი საშუალება, ციხიდან ანახოს ყველას მისი ბრძოლა. როცა ის ციხეშია, შიმშილი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ყველას აჩვენებს, რომ უდანაშაულოა, რომ ძლიერია და სიმართლეს დაამტკიცებს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის მოსმენა. ის თავის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს უფრო დიდი მიზნებისთვის და რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ მას ჯანმრთელს ვხედავდე.

- როგორ გაიცანით სააკაშვილი?

- ჩვენ გაცნობისა და ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპი გვაქვს. პოროშენკოს დროს, მე ვხვდებოდი მის ჯგუფს და გვქონდა ურთიერთობა, რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, თუმცა ეს არ იყო სისტემატური ურთიერთობა. სერიოზული ურთიერთობა 2020 წლის აპრილიდან დაიწყო, მაშინ მას ვიცე-პრემიერად ნიშნავდნენ და ფრაქციაში მოვიდა. ამ დროს მას უამრავი დეპუტატი უკავშირდებოდა, მათ შორის მეც. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები დავიწყეთ და პოლიტიკურ საკითხებს განვიხილავდით. ძალიან მალე მივხვდით, რომ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა. ეს კავშირი შემდეგ გაგრძელდა.

მანამდე კი, როცა ოქსფორდში ვსწავლობდი, ჩვენმა საზოგადოებამ ის მიიწვია, რათა სიტყვით გამოსულიყო, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო პოროშენკოს ისტორიაც... დაიწყო მისი რეპრესია. ჩემს კურსელებს ვეუბნებოდი, რომ ის იყო შეუდარებელი ადამიანი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა ვერ მოხერხდა. შემდეგ როცა შევხვდით, გამაოცა იმან, რომ ის ძალიან მშვიდი და ჰარმონიული ადამიანია. სულ მეგონა, რომ იყო მეამბოხე, მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ის მშვიდია. ვფიქრობ, რომ ის კეთილია და სწორედ ეს არის მისი პრობლემა. ენდობა ადამიანებს და მათ ყოველთვის აძლევს მეორე და მესამე შანსს. იმპულსურია, თუმცა ადამიანებზე ყოველთვის კარგს ფიქრობს.

მე ვარ ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი გვერდი გადაფურცლა, თუმცა ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ძლიერი სიყვარული. როცა ეს იწყებოდა, ჩვენ ვხვდებოდით, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. გაგრძელება