"მთელი ცხოვრება ერთი ქალი მიყვარს..." - რას ჰყვება ოჯახსა და პოლიტიკურ გზაზე ქუთაისის მერობის კანდიდატი? - კვირის პალიტრა

"მთელი ცხოვრება ერთი ქალი მიყვარს..." - რას ჰყვება ოჯახსა და პოლიტიკურ გზაზე ქუთაისის მერობის კანდიდატი?

"ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, მეხუთე თაობის ქუთაისელი ვარ და ვალდებულიც ვარ, მისი კეთილდღეობისთვის ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთო, როგორც იტყვიან, პატარა, ჩემი ხელიც დავატყო. მინდა, ყველას ახსოვდეს და წლების მერეც ლაპარაკობდნენ იმაზე, ხახალეიშვილის მერობის პერიოდში ქუთაისში ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდაო", - გვეუბნება "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.

საფიჩხიაზე გაზრდილი ბიჭი დიპლომატობაზე ოცნებობდა, შემდეგ - ექიმობაზე, თუმცა ბედისწერას ვერსად გაექცა და ხუმრობს, როგორც, ბიჭიკო შემორჩა ვარდენს სიძედ, ისე შემოვრჩი ქუთაისის გპი-ს სტუდენტადო. გუბერნატორის თანაშემწეობიდან არასამთავრობო სექტორში, შემდეგ ისევ გუბერნიასა და მერიაში აღმოჩნდა. ამბობს, რომ გული წყდება იმ სიძულვილის კამპანიაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ "ნაციონალებმა"ააგორეს, თუმცა თავად იმავე მეთოდებით ბრძოლაზე უარს ამბობს. სჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ აქვს და ერთ კვირაში ქუთათურებს მერის ამპლუაში მოევლინება.

საფიჩხიაზე გატარებული ბავშვობა

- როგორც ჩემი თაობის უმრავლესობას, ლაღი ბავშვობა მქონდა. მე და ჩემი და ერთად შეგვიყვანეს სკოლაში, თანაკლასელები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ მასზე წლით და 4 თვით უფროსი ვარ, ასე ვთქვათ, წამომაწიეს. 3 თვის ვიყავი, როცა ახალგაზრდა, 23 წლის ბიძა გარდაიცვალა, ოჯახში დიდი ტრაგედია იყო, მერე ბაბუა მოჰყვა ავარიაში.. ჩემმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და 10 წელი თითქმის ბებიასთან ვიზრდებოდი, საფიჩხიის უბანში, ევდოშვილზე. ბებია-ბაბუა დიდი სიყვარულით მზრდიდა. მახსოვს დიდი, ლამაზი მწვანე ეზო ყვავილნარით, სადაც მუდმივად ბავშვების ჟრიამული და ბურთის თამაში იყო, რასაც თან ახლდა ბებიას შეძახილები - ფრთხილად, ბავშვებო, ყვავილები არ დამიტეხოთო. მუდმივად ბურთს გვიმალავდნენ, ერთი-ორჯერ, დაჭრაც მოუწია ჩვენს ბურთს.

ბებია ძალზე მორწმუნე ადამიანი იყო. ჩემს ბავშვობაში, საფიჩხიაზე, ამაღლების ტაძართან არსებულ ბიბლიოთეკაში ჩამწერა და იქ დამატარებდა. მერე, როცა წამოვიზარდე, მივხვდი, თვითონ რომ ევლო ეკლესიაში სალოცავად, ბებიასთვის ერთგვარი შირმა ვიყავი - ვითომ შვილიშვლი მიჰყავდა ბიბლიოთეკაში წიგნის წასაკითხად ან გამოსატანად. გარკვეული დროის შემდეგ, მეც მივედი მოძღვართან, ბებიას წყალობით, ყველა ლოცვა ზეპირად ვიცოდი.

კორიფეების სკოლაში

- პირველი საშუალო სკოლა წარჩინებით, ვერცხლის მედალზე დავამთავრე. ჩვენ, ხახალეიშვილებს არ გვახასიათებდა ლამაზი კალიგრაფია და ამის გამო ქართულ ენაში დამაკლდა ნიშანი. როგორც წარჩინებული და აქტიური მოსწავლე, ვიყავი პიონერთა ხელმძღვანელი, კომკავშირის მდივანი, ქალაქში თუ ვინმე სტუმარი ჩამოდიოდა, მე უნდა დავხვედროდი... გამოსაშვები გამოცდები როცა გვქონდა, კანონი შეიცვალა, რის მიხედვითაც ქართული წერის ნიშანი ავტომატურად გადადიოდა ზეპირშიც. მაშინ თემურ შაშიაშვილი იყო ქალაქკომის მდივანი, მივედი მასთან და ვუთხარი, ასეთი პრობლემა გვაქვს-თქო. თემურის წყალობით შეიცვალა ეს კანონი, ბევრმა ბავშვმა იმ წელს მედალი აიღო, რაშიც ჩემი წვლილიც იყო. ერთ-ერთ შეხვედრაზე, შაშიაშვილმა მამაჩემს პირდაპირ უთხრა (მაშინ რაღაც პრობლემა იყო ქალაქში), შენი შვილი უფრო მეტს აკეთებს ქალაქისთვის, ვიდრე შენო. ხუმრობით უთხრა, რა თქმა უნდა. მამა საქართველოს დამსახურებული ტრანსპორტელია (სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობდა), ქალაქის კოლორიტი და შესანიშნავი ადამიანი.

მეამაყება, პიველსკოლელი რომ ვარ. ის ქუთაისში ძალიან პრესტიჟული იყო და არის დღემდე. ვაჟას და ილიას გარდა, ყველა გამოჩენილ და სასიქადულო ადამიანს ეს სკოლა აქვს დამთავრებული - ექვთიმე თაყაიშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, აკაკი წერეთელს, სერგეი მესხს, აკაკი შანიძეს, შალვა ნუცუბიძეს, ტიციანს, პაოლოს, ლეო ქიაჩელს, მაიაკოვსკის, უშანგი ჩხეიძესა და სხვებს. ეს არასრულყოფილი სიაა, ყველას რა ჩამოთვლის...

"ასე შევრჩი ქუთაისის გპი-ს სტუდენტად"

- პროფესია სკოლის დამთავრებამდე დიდი ხნით ადრე მქონდა არჩეული. მინდოდა, დიპლომატი გავმხდარიყავი და სასწავლებლად მოსკოვში, "მგიმოს" მოსამზადებელ სკოლაში წავსულიყავი. ჩემი წასვლის პერიოდი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს დაემთხვა და თავისთავად ცხადია, იქ ვეღარ წავიდოდი და საბჭოთა დიპლომატი ვერ გავხდებოდი. ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი ჩართული და მოსკოვში წასვლაზე უარი ვთქვი. პროფესიის გადარჩევა მომიწია და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე. ამაშიც არ გამიმართლა, მაშინ ატყდა ერთი ამბავი, დაპირება იყო ასეთი, ვინც მოსამზადებელ კურსზე იყო, ავტომატურად უნდა ჩაერიცხათ ინსტიტუტში, ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, იქნებოდა თუ არა მიღება. მერე ჯარმაც მომიწია და უცებ აღვმოჩნდი ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კვების მრეწველობის ფაკულტეტზე. მედალი რადგან მქონდა, ერთი გამოცდით ვხვდებოდი და ისე არ მინდოდა იქ ჩაბარება, ერთი ამოცანა შეგნებულად არ დავწერე, არც ჩაჭრა გამოდიოდა, მედალოსნისთვის უხერხული იყო. საბოლოოდ, ბიჭიკოსი არ იყოს, - ასე შევრჩი ვარდენს უდიპლომო სასიძო სიძედო, ისე შევრჩი ქუთაისის გე-პე-ის სტუდენტად. გააგრძელეთ კითხვა