არადიდგვაროვანზე ქორწინების გამო იაპონიის პრინცესა სამეფო ოჯახიდან "გააძევეს" - 21-ე საუკუნის ზღაპრული სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

არადიდგვაროვანზე ქორწინების გამო იაპონიის პრინცესა სამეფო ოჯახიდან "გააძევეს" - 21-ე საუკუნის ზღაპრული სიყვარულის ამბავი

იაპონიის სამეფო ოჯახში სკანდალია. პრინცესა მაკო ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც დიდგვაროვანი არ არის და არაფერი აკავშირებს საიმპერატორო ოჯახთან.

პრინცესა მაკოს რჩეული კეი კომუროა. ქორწინების გამო მაკოს სამეფო ტიტული ჩამოართვეს.

წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად 26 ოქტომბერს გააფორმა. 30 წლის მაკომ, ტიტულს სიყვარული ამჯობინა. მან ჯერ კიდევ 4 წლის წინ განაცხადა, რომ კომუროზე დანიშნული იყო. პრინცესას ამ გადაწყვეტილებისთვის ბევრი კიცხავდა. მაკომ სახელმწიფოსგან 1 მილიონის მიღებაზეც კი უარი თქვა, რომ ხალხისთვის დაემტკიცებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის კომუროსთან ოჯახის შექმნა. როგორც ცნობილია, ეს თანხა სამეფო ოჯახის დატოვების შემთხვევაში გადაეცემათ იმპერატორის ნათესავებს.

ქორწინების შემდეგ, წყვილი მედიის წინაშე წარსდგა და საკუთარი გრძნობების შესახებ გულახდილად ისაუბრა. 30 წლის კეი კომურამ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გულისამაჩუყებლად ისაუბრა:

"მე მიყვარს მაკო. ერთხელ ვცხოვრობთ და მსურს ეს დრო ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერად გავატარო. მე და მაკოს თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახის შექმნა გვინდა. ჩვენ ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით ბედნიერებასა თუ განსაცდელში", - ამბობს კეი კომურო.

ახლად დაქორწინებულებს ნიუ იორკში სურთ საცხოვრებლად გადასვლა, სადაც კომურო საადვოკატო ფირმაში მუშაობს.

პრინცესა მაკოს საიმპერატორო გვირგვინის დადგმა მაინც არ ეწერა, რადგან იაპონიაში ქალების მმართველობა კანონით აკრძალულია. აგრეთვე, სამეფო ოჯახის ქალ წარმომადგენლებს, იაპონიის კონსტიტუციით, ოჯახსა და ტიტულზე უარის თქმა ევალებათ, თუ ისინი "უბრალო ადამიანზე" გათხოვებას გადაწყვეტენ.

წყვილს ოჯახის შექმნა ჯერ კიდევ 2018 წელს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ კომუროს დედასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ქორწილი გადაიდო. უფრო დეტალურად კი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ყოფილი საქმროსგან 36.000 დოლარი ისესხა და თანხა უკან აღარ დაუბრუნა. კომურომ ამაზე 28-გვერდიანი განცხადებაც კი დაწერა, სადაც ამტკიცებდა, რომ დედამისს ფული საჩუქარი ეგონა და დავის მოსაგვარებლად ის ფულადი ანაზღაურების გადახდაზეც იყო თანახმა. განაგრძეთ კითხვა