ღვინის ქურდები
18-07-2011
სოფელში ვანოსაც და ილასაც ლოთებს ეძახიან და არცაა გასაკვირი. ზამთარია თუ ზაფხული, გაგანია მუშაობა თუ უქმე, ჭირი თუ ლხინი - დასალევი მიზეზი არ ელევათ. ვანო ქვრივია. ილა ბერბიჭა - "ღვინის ქინქლას" რომელი ქალი გაჰყვებოდა ცოლად.

- ჩემი ცოლის დამკარგავმა ფხიზელი თვალით როგორ ვუყურო ამ მზეს, - ჩაიქნევს ხოლმე ხელს ვანო და იმისი გამხელა, რა თქმა უნდა, არ უნდა, რომ სიკვდილის წინ ნინამ მიახალა, - შენ შემიმოკლე წუთისოფელი შენი ლოთობითო...
ილაც
ამგვარად იმართლებს თავს: - ფხიზელმა რომ ვიფიქრო ჩემს მარტოკაცობაზე, გული გამისკდება. ქალებმა მიბიძგეს ღვინისკენ და მაგათ ჯიბრზე არ ვაპირებ გამოფხიზლებასო... ერთი ეგ არის, შრომა არ ეზარებათ და მათი ვენახების ნახვას არაფერი სჯობია. მოსავალიც ყოველთვის სხვაზე მეტი და უკეთესი აქვთ. ჭკვიანი კაცი კარგადაც იხეირებდა და მამაპაპისეულ
დანგრევის პირას მისულ სახლს შეაკეთებდა მაინც, მაგრამ არც ილა და არც ვანო გრამ ყურძენსაც ვერ იმეტებენ გასაყიდად: - ეგ რო გავყიდო, უკეთესი რა ვიყიდოო?! - უკვირს ვანოს.

- "დაილოცა იმის სული, ვინც აქცია წყალი ღვინოდ", - შემოსძახებდა ილა თავის ეზოში და საკუთარი მარნიდან აჰყვებოდა ვანო: - მოდი, დავსხდეთ, დავილოცოთ, ვიბაასოთ, მოვილხინოთო..
გაზაფხულის დასაწყისამდე თუ სწვდებოდათ წლის მოსავალი:

- კაცო-ო, გაბზარული არ იყოს ე ჩემი ასფუთიანი! - გაკვირვებული ჩასცქეროდა ვანო ძირგამოჩენილ ქვევრს.
- შენ ეგა თქვი და! - ქეჩოს იქექავდა გუნებაწამხდარი ილა, - რა ვქნათ ახლა, ჩაიზე ხომ არ გადავალთ... იქნებ შეშა ჰქონდეს ვინმეს დასაჩეხი, ვითომ თითო ჭიქას არ დაგვალევინებენ?! - მოიფიქრებდნენ ბოლოს და ხან ვის ჭიშკარს მიადგებოდნენ, ხან - ვისას. ყველა უარით ისტუმრებდა: მაგათი სამყოფი არც ღვინო გვაქვს, არც ნერვებიო...

- შარიანი ბაბულა ისევ ყიდის ღვინოს?! - გაახსენდებოდა ვანოს ბოლოს გაუთხოვრად დაბერებული ბაბულა, რომელსაც თავისი უბედობის გამო კაცი სძულდა, მით უმეტეს, ღვინის მოყვარული.
- ჯერ ფული სადა გვაქვს და რომც გვქონდეს, ოქროზეც არ გაგვიცვლის ღვინოს, ისე ვძულვართ იმ დედაკაცს! - უიმედოდ იქნევდა ხელს ილა.
- რას გვერჩის, რა გველი შევუწვით იმ ყვავის ბიძაშვილსა?! - ბრაზობდა ვანო.
- მე ჩემი მითქვამს და...
- არ მოგვყიდის და მოვიპაროთ! - ნამუსზე ხელი ააღებინა ღვინის სურვილმა ვანოს.

ძმაკაცები ნაშუაღამევს შეიპარნენ ბაბულას ეზოში. მარანი ქალს ცალკე ედგა. სახურავზე ადვილად აძვრნენ და კრამიტიც ფრთხილად გადააწყვეს გვერდზე. მისწი-მოსწიეს ძელებად გადებული ჭოკები და ჯერ ვანო ჩახტა ძირს. ფრთხილად ჩააწოდა ილამ ფარანი და ის იყო, თავადაც უნდა ჩამხტარიყო, რომ განწირული ხმით იღრიალა ვანომ:
- მიშველეეთ!

ილამ სცადა, ნახევრად ჩაშვებულის ამოყვანა, მაგრამ ვერ მოერია ტანის სიმძიმეს და ისეთი ზღართანი მოადგინა, თითქოს სავსე ტომარა გამსკდარიყო... დაკვნესებაც ვერ მოასწრო, რომ რაღაც ძალამ ლავაშივით დააკრა იატაკს... აიხედა და ბაბულას შავი ნაგაზი  დაინახა. ძაღლმა ღრენით მიყარა ერთ კუთხეში და მათ წინ გაიშოტა. ხბოზე დიდი იყო. იცოდნენ ღვინის ქურდებმა, რომ ძაღლს მგელიც ჰყავდა დაგლეჯილი.

- ნწუ, ნწუ, ჯეკა, კაცი არა ხარ, შედი ჩვენს მდგომარეობაში... "მოლაპარაკება" სცადა ვანომ.
- ღ-ღ-ღ! - მოესმა პასუხად.
- ავი განზრახვით კი არ მოვსულვართ, გზა აგვებნა... ფეხი დაგვიცდა, - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ილა, მაგრამ ჯეკამ ისე ახლოს მიუტანა სახესთან დრუნჩი, ლაჯებს შუა სისველე იგრძნო...

არც თავად დაიძინა ჯეკამ დილამდე და არც კაცებს მისცა განძრევის უფლება...
დილით კი ბაბულას ხმა გაიგონა თუ არა, ყეფით მივარდა მარნის კარს და ქალმაც მაშინვე გააგონა:

- რაო, ოჯახის იმედო და პატრონო, - დაუყვავა ძაღლს და ამ დროს დაინახა კუთხეში მიყრილი ვანო და ილა, - ვაი-ი! წამოსცდა წამიერად დაბნეულს, მერე კი მუხლები გამოითქვიფა და სოფელს გააგონა: - ხალხოო, ჩემა ჯეკამ ვირთხები დაიჭირა... მოდით, მომეშველეთ, არ გამექცნენო.
კაცებს ისე დაბუჟებოდათ ხელ-ფეხი, სადღა ჰქონდათ გაქცევის თავი.

პოლიციელი მიხაც მოიყვანეს, მაგრამ ბაბულას ისიც ვერ იტანდა და ამიტომ იქით შეუტია ქალს: - ბაბულ, ეს უბედურები ამ შენ ძაღლს რომ დაეგლიჯა, სიცოცხლის ბოლომდე ციხეში მოგიწევდა ყურყუტიო  და ჯარიმის გამოწერა დაუპირა...

- ასი მანეთი სადა მაქვს, მე უბედურს?! - გულს შემოეყარა ქალს.
- კაი, ჯანდაბას შენი თავი, ათლიტრიანი ამოიტანე საღამოზე განყოფილებაში და გაპატიებ...
- ქურდებს რა ვუყოთ, მიხა! - იკითხა ვიღაცამ.
- გამატანეთ და მოვიფიქრებ რამეს...

მიხამ ვანოსა და ილას ორდღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გამოუწერა... საკუთარ ვენახში: ჯერ კიდევ გაყინული მიწა აბარვინა და ბაბულას ათლიტრიანსაც მათთან ერთად მოულხინა...


რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?