ცნობილი ბრენდების არანაკლებად ცნობილი სახეები - კვირის პალიტრა

ცნობილი ბრენდების არანაკლებად ცნობილი სახეები

მათ აერთიანებთ ის, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი არიან - მსახიობები და მომღერლები, გარდა იმისა, რომ თავის საქმეს აკეთებენ, სხვადასხვა სამოდელო სახლის სარეკლამო სახეებიც ხდებიან. ძვირად ღირებული კონტრაქტები და საკუთარი თავის გამოცდა ახალ ამპლუაში... ცნობილი ბრენდები პროდუქციისა და იმიჯის მიხედვით ირჩევენ სარეკლამო სახეებს.

KvirisPalitra.Geმონიკა ბელუჩი

მონიკა ბელუჩი, ქალურობისა და მიმზიდველობის სიმბოლო, სამოდელო სახლ "დიორის" ერთ-ერთი სახეა. იგი რეკლამას გაუწევს პომადის ხაზს ROUGE DIOR. როგორც აღმოჩნდა, თანამშრომლობის დაწყებამდე, მსახიობის საყვარელი პომადაც სწორედ ეს იყო. "დიორის წითელი პომადით სარგებლობდა ჩემი ბებიაც და დედაც. ამასთან, წითელი ფერი ჩემს სამშობლოში, იტალიაში სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა", - ამბობს მსახიობი. ამ ამბის აღსანიშნავად პარიზში მოეწყო პრეზენტაცია, რომლის მთავარი გმირიც, რა თქმა უნდა, თავად მსახიობი იყო. ის სტუმრებს ჯონ გალიანოს წითელ კაბაში გამოწყობილი შეხვდა, მის გარშემო კი შავ სამოსში გამოწყობილი მოდელები ტრიალებდნენ. მოდური მიღებებით განებივრებული პარიზი და პარიზული ბომონდიც კი ვერ მალავდა აღფრთოვანებას.

თანამშრომლობა გაღრმავდა და მონიკა ბელუჩი რეკლამას უკვე "დიორის" არომატსაც გაუკეთებს - HYPNOTIC  POISON.

KvirisPalitra.Geპენელოპა კრუსი

ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუსი ცნობილი მარკის, "მანგოს" სარეკლამო სახეა. ამას გარდა, მისი უმცროსი და - მონიკა "მანგოსთვის" ახალ კოლექციას შექმნის. სარეკლამო რგოლში მსახიობი და მისი და ერთად უკეთებენ "მანგოს" რეკლამას. გავრცელებული ხმებით, პენელოპა, კონტრაქტის პირობებით, ყოველ წელს კომპანია "მანგოსგან" 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

მალე გამოვა შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია, რომელშიც პენელოპას საყვარელი აქსესუარის, კეპების მთელი სერიაა. "ერთ მშვენიერ დღეს, მივხვდი, რომ კეპით უფრო ადვილია დაემალო პაპარაცებს, ამიტომაც ეს აქსესუარი ჩემი გარდერობის განუყოფელი ნაწილი გახდა".

KvirisPalitra.Geკირა ნაიტლი

ყველაზე სექსუალური, ახალგაზრდული და თან ქალური. მისი სურნელი გაჯადოებს და გონებას გიბინდავს, გულისცემას გიჩქარებს და სუნთქვას გიხშირებს... ეს "შანელის" ახალი სუნამო "კოკო მადმუაზელია", რომელსაც რეკლამას ჰოლივუდის ახალგაზრდა მსახიობი კირა ნაიტლი უკეთებს. კირა "შანელის" ახალი სახეა, ბილბორდები და სარეკლამო რგოლები უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა, "შანელი", როგორც ყოველთვის, საუკეთესოს ირჩევს.

კირა ნაიტლი არასდროს ყოფილა საკუთარი სხეულით კმაყოფილი, ამბობდა, რომ ძალიან პატარა მკერდის გამო, ვერასდროს გადაიღებდა და იპოზირებდა შიშველი, თუმცა ცნობილმა გამოთქმამ "არასდროს თქვა, არასდროს" როგორც ყოველთვის, ახლაც გაამართლა. როგორც "შანელის" სახე აცხადებს, ამ ფორმაში სარეკლამოდ პოზირებას იგი კომპლექსების დასაძლევად დათანხმდა... ფოტოებზე წელამდე შიშველია, მკერდს კი ქამრის ვიწრო ზოლი უფარავს, თუმცა ფოტოშოპის წყალობით, საკმაოდ სექსუალურია და არც მისი მკერდია ისე პატარა.

სუნამოს სარეკლამო რგოლი 5-წუთიანია და კირა ნაიტლი თავად კოკო შანელის როლს თამაშობს, ქალს, მოცულს იდუმალებით, სიძლიერითა და ქალურობით. "კოკო შანელის პიროვნება, მისი ძლიერი ტემპერამენტი და ქარიზმა საოცარია, მსოფლიოში არ არსებობს მეორე ასეთი ქალი, მისი გავლენა ვრცელდება მოდის მთელ სამყაროზე, მან შეცვალა საზოგადოება და გაათავისუფლა ქალი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით", - ამბობს კირა ნაიტლი.

ცნობილია, რომ კირა ნაიტლიმ "შანელის სახლთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მილიონ დოლარზე მეტი ჰონორარი მიიღო. "შანელი" ყოველთვის ირჩევს დახვეწილ და ქალურ სახეს, კირა ნაიტლამდე ბრენდის სახე იყო კატრინ დენევი, ქეით მოსი და თვით მერილინ მონროც კი...

KvirisPalitra.Geმადონა

1940 წელი. ერთ-ერთი მოდური ბარი, პარიზი... ჩანთა, ფეხსაცმელები, სამაჯური და სექსუალურად აწეული ფეხი, ფერები საუცხოო და მდიდრული... ეს არის არა მხოლოდ ლუი ვიუტონის, არამედ თავად მადონას წარმატებაც. სარეკლამო ფოტოებზე მომღერალი საუცხოოდ გამოიყურება. სამოდელო სახლის კრეატიული დირექტორი, მარკ იაკობსი ინტერვიუში ამბობს: "მინდოდა, რომ სარეკლამო კამპანია ყოფილიყო ოდნავ უხეში, მგრძნობიარე და მოდური. ამ ყველაფრის გამოსახატავად გვჭირდებოდა მაღალი კლასის შემსრულებელი და ჩემთვის ეს არის მადონა. მაშინ, როდესაც ვმსჯელობდით, ვინ გახდებოდა ახალი კოლექციის სარეკლამო სახე, მე მადონას კონცერტის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და ხუმრობით წარმოვთქვი მისი სახელი. შემდეგ, როდესაც ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ, მივხვდით, რომ ის საუკეთესო კანდიდატურა იყო. სასწრაფოდ მივწერე მადონას და პასუხმაც არ დააყოვნა, თქვენთან კონტრაქტს სიამოვნებით გავაფორმებო".

გავრცელებული ხმებით, კონტრაქტის ღირებულება 6.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მადონა წელსაც რჩება სამოდელო სახლის სახედ, უკვე გადაღებულია ფოტოსესია "შემოდგომა-ზამთარი 2010".