სახელგანთქმული ფეთხუმები - კვირის პალიტრა

სახელგანთქმული ფეთხუმები

მათ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ. ყველა მათგანის ცხოვრება გამორჩეული და საინტერესო იყო, თუმცა ჰქონდათ ადამიანური სისუსტეებიც და მავნე ჩვევებიც... ალბათ, გაინტერესებთ ცნობილ ადამიანთა ცხოვრების ყველაზე უცნაური და საიდუმლო  დეტალები, რომელთა შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ.

მშვენიერი, იდუმალი მერილინი

მერილინ მონრო დღემდე ითვლება ქალის სილამაზის ეტალონად. ის განუმეორებელი ღიმილითა და გარეგნობით ხიბლავდა მილიონობით ადამიანს, თუმცა ცოტამ თუ იცოდა, რომ ძალიან მოუწესრიგებელი ქალი იყო. მის მრავალრიცხოვან საყვარლებს შორის ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი კენედი გახლდათ. თუ ქალთა გულების მპყრობელ კლარკ გეიბლს დავუჯერებთ, მერილინს ბევრი მავნე ჩვეევა ჰქონდა - იშვიათად იღებდა აბაზანას და ძალიან უყვარდა საწოლში ჭამა. ნარჩენებს ცნობილი მსახიობი იატაკზე ან საწოლის ქვეშ ყრიდა.

KvirisPalitra.Ge"უცნობი" ბეთჰოვენი

ნახევრად ყრუ ბეთჰოვენი სიცოცხლეშივე აღიარეს მუსიკის მეფედ, თუმცა გენიალური შემოქმედი არც ისე ადვილი ასატანი ყოფილა, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში. ახლობლები ამტკიცებდნენ, რომ ავადმყოფობამ ბეთჰოვენი მთლიანად შეცვალა: საშინლად ფიცხი და ჭირვეული გახდა, თანაც ერთი უცნაური ზნეც ჰქონდა - ბანაობა არ უყვარდა, რადგან ეშინოდა, ტყვიით არ მოწამლულიყო - მის ეპოქაში ხომ წყალგაყვანილობის მილები სწორედ ტყვიისაგან მზადდებოდა. გენიალური კომპოზიტორის მცირერიცხოვანი მეგობრები მალულად ცდილობდნენ, მის სახლში წესრიგი დაემყარებინათ და დიდი მაესტროს პირადი ნივთები გაეწმინდათ, ვიდრე ბეთჰოვენს ეძინა.

KvirisPalitra.Geდიდი მეფის დიდი ნაკლი

ჰენრიხ IV ნავარელი ყველაზე სახელგანთქმული იყო ფრანგ მეფეთა შორის. ჰენრიხი ქვეყანას ბრძნულად მართავდა და სურდა, მის სამეფოში საზრდო ღარიბებსაც არ მოჰკლებოდათ. ქვეშევრდომები ხედავდნენ, როგორ იცვამდა მათი მბრძანებელი ყოველ დილით გაქათქათებულ სამოსს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჰენრიხს რაღაც სპეციფიკური სუნი ასდიოდა. ცნობილია, რომ ჰენრიხ ნავარელს ძალიან უყვარდა ნადირობა, ნადირობიდან დაბრუნებული კი სულაც არ იწუხებდა თავს ბანაობითა თუ სურნელოვანი წყლის გამოყენებით. ამის გამო ცოლი და საყვარელი ხშირად საყვედურობდნენ, მაგრამ მეფე მათ საყვედურებს ყურადღებას არ აქცევდა.

KvirisPalitra.Geჩაის ფოთლები ჯაგრისის ნაცვლად

მაო ძედუნის უმკაცრესმა პოლიტიკამ მილიონობით თანამემამულე შეიწირა, მაგრამ ჩინეთი მძლავრ სახელმწიფოდ აქცია. ახლობლებმა იცოდნენ, რომ დიდი მაო არც კბილებს იხეხავდა და არც ბანაობდა. ამ პროცედურის ნაცვლად მსახურებს ევალებოდათ, ბელადის სხეული სველი პირსახოცით გაეწმინდათ. კბილის ჯაგრისს მაო საერთოდ არ იყენებდა და გახეხვის ნაცვლად ჩაის ფოთლებს ღეჭავდა, რათა პირის ღრუ გაესუფთავებინა. მაო ძედუნი ყველას არწმუნებდა, ვეფხვი არასოდეს იწმენდს კბილებს ჯაგრისით, მაგრამ ამით არაფერი აკლდებაო. რა თქმა უნდა, დიქტატორს ვერავინ ედავებოდა და ისიც არ ღალატობდა სასურველ ცხოვრების წესს.

KvirisPalitra.Geძუნწი მილიარდერი

ჰენრიეტა გრინი აშშ-ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ბიზნესლედი და ცნობილი მილიარდერი. ქალი, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მიიჩნევდნენ, საოცრად ხელმომჭირნე იყო. ის ცნობილია, როგორც ყველაზე ძუნწი ქალი ბიზნესის ისტორიაში. ჰენრიეტა გრინმა თიაქრის ოპერაციაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ ქირურგის ჰონორარი, 150 დოლარი, მეტისმეტად ეძვირა. გრინი იშვიათად ბანაობდა, რადგან საპნისა და ცხელი წყლის ეკონომიას აკეთებდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში შავ კაბებს იცვამდა და ახალს მხოლოდ მაშინ ყიდულობდა, როცა ძველი საბოლოოდ გაიცრიცებოდა.

KvirisPalitra.Geმშიშარა მონარქი

მრავალწლიანი მმართველობის მანძილზე "მეფე-მზედ" მონათლულმა ლუდოვიკო XIV-მ ევროპაში ყველაზე ძლიერი აბსოლუტური მონარქია დაამყარა. ის უშიშარი მებრძოლი იყო და ყველაზე სასტიკ ბრძოლებშიც კი ინარჩუნებდა გამჭრიახობასა და სიმშვიდეს, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ შორდებოდა წყლის  შიში. ამის გამო მხოლოდ ორჯერ  თუ სამჯერ აიძულეს, აბაზანა მიეღო. ლუდოვიკო XIV ამჯობინებდა, არომატული ფხვნილებით შეპუდრულიყო და სახე სპირტიანი ტილოთი გაეწმინდა. როდესაც ფეხზე განგრენა განუვითარდა, ექიმები ახლოსაც არ გაიკარა და არც ფეხი დაუბანია. "მეფე-მზის" სიცოცხლე სწორედ ამ დაავადებამ შეიწირა.

KvirisPalitra.Geძაღლების მოყვარული მეფე

ფრიდრიხ მეორემ პატარა და უმნიშვნელო ქვეყანა, პრუსია, უმძლავრეს სახელმწიფოდ აქცია, სახელმწიფოდ, რომელიც შიშის ზარს სცემდა მეზობლებს. მოხუცმა მეფემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები თავის საყვარელ ძაღლებთან ერთად გაატარა. მეფე საშინლად ლანძღავდა ყველა მსახურს, რომელიც ეცდებოდა, ძაღლების სადგომი დაესუფთავებინა. სიცოცხლის ბოლო წლებში მეფე ფრიდრიხი ჭკუიდან შეიშალა, საერთოდ შეწყვიტა ბანაობა და ტანსაცმელსაც აღარ იცვლიდა. 1786 წელს, როდესაც გარდაიცვალა, მისმა კამერდინერმა აღმოაჩინა, რომ დიდი მეფის პერანგი ოფლისა და ჭუჭყისაგან გაცრეცილიყო.

KvirisPalitra.Geკარლ მარქსის ახირება

"კომუნიზმის მამა", კარლ მარქსი, რომელიც მდაბიო ხალხისა და პროლეტარიატის მფარველი იყო, ჰიგიენას ნამდვილად არ სწყალობდა. მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სტანჯავდა ფურუნკულები, გამუდმებით ეწეოდა თამბაქოს და არც ალკოჰოლზე ამბობდა უარს, თანაც, სისუფთავე და თავის მოვლა ბურჟუაზიულ გადმონაშთად მიაჩნდა. მარქსი ამაყობდა იმით, რომ მისი ცნობილი ნაშრომის - "კაპიტალის" პირველ ტომში არაერთი ფურცელი მისივე ფურუნკულებიდან გამოდენილი სისხლით იყო მოსვრილი.(!)

მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ