სიყვარული დათვსაც უნდა! - კვირის პალიტრა

სიყვარული დათვსაც უნდა!

ნიუ-ჯერსის შტატის პატარა ქალაქ ისტ ბრიუნსვიკის ზოოპარკის ბინადარ დათვს, "6131"-ს (ასე უწოდებენ მას) უკვე ყველა იცნობს. საქმე ის არის, რომ 3 წლის დათუნია ზოოპარკიდან სატრფოს საპოვნელად ბოლო კვირების მანძილზე უკვე მეექვსედ გაიქცა! ზოოპარკის თანამშრომლები კი დაუდგრომელ მიჯნურს დასაძინებელი შპრიცის სასროლი სპეციალური თოფით მთელ შტატში დასდევენ. ბოლოს, უიღბლო მიჯნური ათობით კმ-ით დაშორებულ უბანში ხიდან "ჩამოხსნეს". დათვის დაძინება კი მხოლოდ მესამედ ნასროლი შპრიცით შეძლეს... ხიდან ჩამოვარდნილ "საკუთარ ქონებას" ზოოპარკის თანამშრომლები ქვემოთ გასაჭიმი ბადით დახვდნენ, რათა არაფერი დაშავებოდა. ""მსგავსი არაფერი მინახავს", - ამბობს ვეტერინარი ქეთი უილისი, - ჩვეულებრივ, დასაძინებლად ერთი შპრიციც საკმარისია, მაქსიმუმ ორი. სამი კი ნამეტანია! მით უმეტეს, რომ დათვმა ამ დღეებში ასობით კმ გაიარა და წონაშიც გვარიანად დაკლებულია". ჯიუტ "6131"-ს უკვე ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა და მისთვის და ზოოპარკისთვის "საპატარძლოს" შეძენას გეგმავენ...