"წყნარი" სამეფო ქორწილი - კვირის პალიტრა

"წყნარი" სამეფო ქორწილი

30 ივლისს ედინბურგში ელისაბედ მეორის უფროსი შვილიშვილის, პრინცესა ანას შვილის, ტახტის რიგით მე-13 მემკვიდრის - ზარა-ანა-ელისაბედ ფილიპსის ჯვრისწერა და ქორწილი გაიმართა. 30 წლის ზარა ცოლად 32 წლის პროფესიონალ მორაგბეს, ინგლისის ნაკრების წევრ მაიკ ტინდალს გაჰყვა. სამეფო ოჯახის წევრის არჩევანი არავის გაჰკვირვებია, რადგან ზარა თავადაც წარმატებული სპორტსმენია - 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა საცხენოსნო სპორტში. "ბი-ბი-სიმ" 2007 წელს "წლის სპორტულ ადამიანად" აღიარა, ხოლო დიდედა ელისაბედმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. ზარას სამეფო ოჯახის დიზაინერის, სტიუარტ პარვინის შეკერილი კაბა ეცვა, მისივე სურვილით, ქორწილი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა, თუმცა ჯვრისწერისას ტაძართან ათასობით ედინბურგელი შეიკრიბა, ქვეყანა კი ცერემონიას ტელევიზიით ადევნებდა თვალს.