"ჭიანჭველას ლომი" - კვირის პალიტრა

"ჭიანჭველას ლომი"

ჭრიჭინას მსგავსი მწერი, უცნაური სახელწოდებით "ჭიანჭველას ლომი" (Myrmeleon formicarius), ულმობელი მტაცებელია - მხოლოდ მატლობაში!"ჭიანჭველას ლომის"" მატლი გარეგნულად ტკიპას ჰგავს, მაგრამ მძლავრი ყბები აქვს. საინტერესო ისაა, რომ სისხლისმსმელი მატლის სტადიაში "ჭიანჭველას ლომი" მთელი 3-4 წელი რჩება, ხოლო ჭუპრად, საიდანაც უკვე ზრდასრული "ჭრიჭინა" გამოფრინდება - სულ ერთი თვე! ზრდასრული მწერი, რომელიც თითქმის მთელ ევროპაშია გავრცელებული, სრულიად უწყინარია. ბოროტი მატლი ბინადრობს ქვიშიან ადგილას, სადაც ჭიანჭველებს ხაფანგს უგებს: თხრის 5 სმ სიღრმისა და 7 სმ დიამეტრის ძაბრივით ორმოს, რომლის ფსკერზეც თავადაა ქვიშაში ჩამალული და ზემოთ მხოლოდ უზარმაზარი ყბები აქვს ამოშვერილი. ის ჭიანჭველების გარდა ხაფანგში მოხვედრილ ობობებსა თუ სხვა მწერებზეც არ ამბობს უარს... როგორც კი ძაბრის კიდეზე მსხვერპლს ფეხი დაუცდება, ქვიშა დაბლა ჩაიყრება, რაც მატლისთვის სიგნალია და იგი მსხვერპლს დამატებით კიდევ ქვიშას სტყორცნის, რომ მწერი ორმოს ფსკერზე ჩამოაგდოს. იქ კი მსხვერპლი მატლის ყბებში  ხვდება - "ლომის" მატლი თავისზე დიდ მწერსაც ადვილად ერევა, მით უმეტეს, რომ კბენისას შხამს და მომნელებელ წვენებს გამოყოფს, მერე შიგთავსს გამოსწოვს და ცარიელ გარსს ორმოს გარეთ აგდებს.