ფეხშიშველა ბანდიტი - კვირის პალიტრა

ფეხშიშველა ბანდიტი

2010 წლის ზაფხულის ერთ ღამეს ბაჰამის კუნძულებზე ოტელ "რემორა ბეის" მცველთან ახალგაზრდამ მიირბინა შორტებსა და მუქ ლურჯ საფეხბურთო მაისურში. "მიშველეთ, მოკვლას მიპირებენ!" - ყვიროდა ის და პისტოლეტს იქნევდა. მცველმა თავდაპირველად მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ  მერე ერთ დეტალს მიაქცია ყურადღება... არა, პისტოლეტს კი არა, შიშველ ფეხებს და მცველი მიხვდა, რომ მას მარტო ვერ გაუმკლავდებოდა. იმწამსვე სასტუმროს თანამშრომელმა ანა უარდმა შეტყობინება მიიღო, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი გამოცხადდა. ანამ განკარგულება გასცა, ყველა კატერის ძრავა გამოეთიშათ. ბიჭის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა.

ანას დანახვისას ბიჭმა გაქცევა სცადა. ის ხომ მეცხრე წელი იყო, პოლიციას პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებდა. გემსაბმელით დამაგრებულ კატერში ჩახტა და როცა ვერ დაქოქა, მეორეზე გადაინაცვლა, აამუშავა და ის იყო, სიჩქარესაც მოუმატა, რომ მეჩეჩზე შეჯდა და ძრავა ჩაუქრა. სცადა მისი ამუშავება, მაგრამ წამოწეულმა პოლიციელებმა ძრავა დაუცხრილეს. სასოწარკვეთილმა პისტოლეტი საფეთქელზე მიიდო, მაგრამ არ გაუვიდა - მაინც განაიარაღეს. მოსეირეები დიდხანს არ დაშლილან, აინტერესებდათ, მაინც ვინ იყო ესოდენ საშიში დამნაშავე. პასუხი საღამოს ტელევიზიით გახდა ცნობილი - ეს იყო 19 წლის კოლტონ ჰარის-მური, რომელსაც აშშ-ში "ფეხშიშველა ბანდიტს" ეძახდნენ.

KvirisPalitra.Geსპეცსამსახურების ყურადღება ჰარის-მურმა 2009 წელს მიიქცია, როცა გაუხსნელი  დანაშაულები დაგროვდა. წლის განმავლობაში სხვადასხვა შტატში 70 დანაშაული ჰქონდა ჩადენილი: მაღაზიებში პროდუქტებს იპარავდა, საბანკო ბარათებიდან - ფულს, იტაცებდა მანქანებს, კატერებს, ხუთი კერძო თვითმფრინავიც კი "გააყოლა ხელს". არადა, არც ფრენის ლიცენზია ჰქონდა და არც საფრენოსნო სკოლაში უსწავლია. მისი ბოლო "რეისიც" სწორედ ინდიანიდან ბაჰამზე გადაფრენა იყო. კოლტონი აშშ-ში გადაიყვანეს. როგორადაც უნდა დასრულდეს მისი პროცესი, ჰარის-მურმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ამერიკის გამოჩენილი დამნაშავეების პანთეონში.

"ამაფრინე, ამაფრინე..."

ჰარის-მური პატარაობიდანვე უცნაური ბიჭი იყო. მისი მეზობელი იხსენებდა: "როცა ჰარის-მური ჩემი მშობლების სასურსათო მაღაზიაში შედიოდა, ყოველთვის დაძაბული ვიყავი. არ მომწონდა, როგორ უცქერდა მოლარეს". თურმე მეზობელს კოლტონისთვის თვალებში ჩახედვისაც ეშინოდა - ისინი თავისი სიცარიელით აფრთხობდნენ. ჰარის-მური ცხოველებს აღმერთებდა. უვლიდა ბრმა იხვს. ერთხელ, ძარცვის შემდეგ, ცხოველების თავშესაფარში შეიარა და 100 დოლარი დატოვა ბარათითურთ: "აქვე მივდიოდი და ცხოველებისთვის ცოტაოდენი ფულის გაღება გადავწყვიტე".

კოლტონი უმამოდ იზრდებოდა.  დედამისი ხშირად სვამდა და ბიჭისთვის სხვადასხვა "მამა" მოჰყავდა. შვიდი წლისა იყო, როცა მამინაცვალი ბილი მოუკვდა და დედამისმა "აიწყვიტა". პურსაც კი ვეღარ ყიდულობდნენ და ბიჭმაც ნელ-ნელა ქურდობა დაიწყო. კოლტონის ოთახი ნაქურდლით იყო სავსე. რას არ ნახავდით აქ: ტელეფონებს, ნოუტბუკებს, პლეერებს... და როცა ერთ მშვენიერ დღეს პოლიციამ მიაკითხა, ჰარის-მური გაიქცა. მას შემდეგ ბინად ტყე გაიხადა. "ფეხშიშველა ბანდიტიც" მაშინ შეარქვეს. დროდადრო ტყიდან მოსაპარად გამოდიოდა, მდევრისგან თავს კვლავ ტყეს აფარებდა, პოლიციელები მის მოელვარე ქუსლებსღა ხედავდნენ. გატყიურებულ ბიჭს მეტსახელი მოეწონა და ფეხსაცმელს საგანგებოდ აღარ იცვამდა.

KvirisPalitra.Ge2007 წელს კოლტონი მაინც გაება და არასრულწლოვანთა კოლონიაში გამოამწყვდიეს. იქ სანიმუშოდ იქცეოდა და გამოსასწორებელ სკოლაში გადაიყვანეს. კოლტონმა კიდევ ცოტაც "ისწავლა", ხოლო 2008 წლის აპრილში ღობეს გადაევლო და გაიქცა. ამის შემდეგ მხოლოდ "დიდ საქმეებს" ჰკიდებდა ხელს.

თვითმფრინავები ძალიან უყვარდა. დედამისი იხსენებდა, რომ ბიჭი საათობით კოტრიალებდა გაზონზე და თვითმფრინავებს უყურებდა, შეუმცდარად ცნობდა მოდელსა და გამოშვების წელსაცო. სოციალურ ქსელ "მაისპეისში", გრაფაში - "პროფესია", "ფეხშიშველამ" პილოტი მიუთითა. თუმცა პილოტების სკოლაში არასოდეს უსწავლია, სამაგიეროდ, ავიასიმულატორის პროგრამებს ტვირთავდა ინტერნეტიდან და თავდავიწყებით თამაშობდა. ერთხელაც გადაწყვიტა, რომ ფრენისთვის მზად იყო. სან-ხუანის ავიახაზების უფროსი ქურდობას არ უწონებს, მაგრამ მაინც აღფრთოვანებულია კოლტონით: "ასე ფრენა მხოლოდ ძმებმა რაიტებმა გაბედეს. თვითმფრინავის გატაცებაც თვითნასწავლი ბიჭუნას მიერ ძალიან რომანტიკულია!"

პირველი გაფრენა ჰარის-მურმა ორკასის აეროპორტიდან ვაშინგტონის შტატში დაგეგმა. ღამით ანგარში შეიპარა და თვითმფრინავში შეძვრა. ფარანი აანთო, ინსტრუქციას გაეცნო  და ღილაკები შეისწავლა. გამთენიისას ბილიკზე გამოვიდა და შტურვალი თავისკენ მიიზიდა. ჯოჯოხეთური ამინდი იყო, თვითმფრინავი ირყეოდა, მაგრამ ბიჭი არაფერს შეჰპუებია.

ორკასის აეროპორტში კოლტონი ორჯერ დაეშვა, ორჯერვე თვითმფრინავი ბალახზე გადაუცდა და დააზიანა. სხვათა შორის, სიეტლის რადიოსადგურის დიჯეის თვითმფრინავი იმიტომ მოჰპარა, რომ მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქზეც" პირველი გაფრენისას ცუდად დაჯდომის გამო გაამასხარავა.

"ფეისბუქზე" კოლტონი სისტემატურად აქვეყნებდა ანგარიშებს გაწეული "სამუშაოს" შესახებ, იქვე შეიქმნა მისი ფანკლუბიც. სიეტლელები კოლტონის პორტრეტით დამშვენებულ მაისურებსაც იცვამდნენ.

კოლტონმა სულ ხუთი თვითმფრინავი გაიტაცა. 2010 წლის ივლისში მიხვდა, რომ აშშ-ში დარჩენა სახიფათო იყო და ბაჰამის კუნძულებს მიაშურა. ისევე როგორც პირველი აფრენისას, საშინელი ავდარი მძვინვარებდა. არქიპელაგის საზღვართან ჰარის-მურს წყლის ზედაპირთან ძალიან ახლოს მოუწია ფრენამ,  პატრულს რომ არ შეენიშნა, მაგრამ თვითმფრინავის რბილად დასმა ისევ ვერ მოახერხა. საავარიო შუქურა ამოქმედდა და აშშ-ში მაშინვე შეიტყვეს მისი ადგილსამყოფელი...

ქურდის კვერი ცხვა?!

კუნძულ ორკასზე, სადაც კოლტონი ბოლო წლებში იმალებოდა, მისი დაკავება დღესასწაულს უდრიდა. "ფეხშიშველმა ბანდიტმა" ისე მოაბეზრა თავი ყველას, რომ მშვიდობიანი კუნძულელებიც შეიარაღდნენ. მიუხედავად ამისა, კოლტონის "კრიმინალური ნიჭის" თაყვანისმცემლებიც ბევრნი იყვნენ.დაკავებიდან რამდენიმე დღეში "ფეისბუქზე" შექმნილ ჯგუფში 89 ათასი კაცი გაწევრდა. ზოგი ამბობდა, რომ ჰარის-მური გმირია, სხვა - ფულის შეგროვებას აპირებდა, კოლტონს ციხეში საყვარელი პიცა რომ არ მოჰკლებოდა.

სპეციალისტებმა მის პოპულარობას ახსნა მოუძებნეს: თეთრკანიანია, ბავშვური, სანდომიანი, ყველას აჯადოებდა მისი უნარი, ხელიდან დასხლტომოდა პოლიციას.სანამ ფანატიკოსები და ექსპერტები "ფეხშიშველა ბანდიტის" პოპულარობაზე მსჯელობდნენ, უფრო მერკანტილურმა ხალხმა ფულის შოვნაზე დაიწყო ფიქრი. კინოკომპანია "20 სენჩარი ფოქსმა" კოლტონზე ფილმის გადაღება დაგეგმა. ინტერნეტმომხმარებლები გაცხოველებით მსჯელობენ, რომელმა მსახიობმა უნდა შეასრულოს მისი როლი. კანდიდატებს შორის ემილ ჰირში და ლეონარდო დი კაპრიოც კი დაასახელეს. შარშან კი ნიუიორკელი სტუდენტთა ჯგუფი ჰოლივუდურ კინოგიგანტს აღარ დაელოდა და გადაიღო შტეალინგ შუბურბია, რომელიც კანის კინოფესტივალზე უკვე აჩვენეს...

ჰარის-მურის დედამ ის ადვოკატი დაიქირავა, რომელიც იცავდა "ნირვანას" აწ გარდაცვლილი სოლისტის, კურტ კობეინის სკანდალური მეუღლის, კორტნი ლავის ინტერესებს. შვილის "პოპულარობით" მანაც ხომ უნდა იხეიროს და "კუთვნილი წილი" მიიღოს.

მოამზადა გელა გურგენიძემ