ახალგაზრდა მოხუცი - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა მოხუცი

KvirisPalitra.Geშეიძლება ფიქრობთ, რომ ამ ფოტოებზე აღბეჭდილ ასაკოვან კაცს ცხოვრება უკვე გაუვლია, მაგრამ მწარედ ცდებით - ეს "მოხუცი" სამხრეთაფრიკელი ბური ლეონ ბოტაა, რომელიც უკურნებელი სენით იყო დაავადებული და 26 წლისა გარდაიცვალა. პროგერია, ანუ  ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომი - ასეთი იყო საბედისწერო დიაგნოზი, რომელიც ბიჭუნას ოთხი წლის ასაკში დაუდგინეს.პროგერიით დაავადებული პაციენტები ნაადრევად ბერდებიან და სიცოცხლეს ახალგაზრდა ასაკში ემშვიდობებიან. თვით სიტყვა პროგერია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "პროგეროს", რაც ნაადრევად დაბერებულს ნიშნავს.  დაავადებულთა სიცოცხლის საშუალო ასაკი 13 წელია, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტს ორმოც წლამდეც უცოცხლია.

პროგერიით დაავადებული ჩვილები  თავიდან ნორმალურად ვითარდებიან. დაბადებიდან 1 წლის შემდეგ კი თავს იჩენს სიბერისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი: უნაოჭდებათ კანი, არ უვითარდებათ ძვლოვანი სისტემა, უპატარავდებათ სახის ნაკვთები, მათ ისეთივე მყიფე ორგანოები აქვთ, როგორიც მოხუცებს, სცვივათ თმა, უქვეითდებათ მხედველობა და აქვთ სისხლძარღვთა პრობლემები... დაბერების პროცესი იმდენად ჩქარდება, რომ რვა წლის ბავშვი გარეგნულად 80 წლის მოხუცს ემსგავსება. ლეონ ბოტაც თანდათან ემსგავსებოდა ბერიკაცს. ცნობილია, რომ პროგერიით დაავადებული ადამიანები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. დაავადების სინდრომი შვილს მშობლისგან არ გადაეცემა, თავად პაციენტები კი ვერ ცოცხლობენ იმდენ ხანს, რომ შთამომავლობა დატოვონ... ბოლოდროინდელი გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ პროგერია არის რომელიმე გენის უცაბედი მუტაციის შედეგი, რის გამოც ადამიანის ბიოლოგიური და ფიზიკური განვითარება ჩქარდება დაახლოებით 50-100-ჯერ. დიაგნოზის დასმა შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, გენეტიკური ტესტის მეშვეობით. მეცნიერები ცდილობენ, ამოხსნან ეს უცნაური ფენომენი, მაგრამ იმედისმომცემ შედეგს ვერ იღებენ. "დამნაშავე" გენის გაკონტროლებას მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, ამიტომაც დაავადებულთა 90 პროცენტი გულის შეტევითა და ინსულტით იღუპება...

KvirisPalitra.Geარავინ იცოდა, რამდენ ხანს იცოცხლებდა, მაგრამ დიჯეისა და მხატვარ ლეონ ბოტას მაინც მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა: მისდევდა სპორტს, ვარჯიშობდა, ჰქონდა უამრავი გატაცება, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკა იყო. მუსიკოსის მეტსახელი იყო "დიჯეი სოლარიზე", ლეონ ბოტა კეიპტაუნელი რეპმომღერლების აქტიური ქომაგი იყო, თვითონაც მონაწილეობდა მუსიკალურ პროექტებში და ბევრი კონცერტის ინიციატორი და სულისჩამდგმელი გახლდათ. ლეონი ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი კაცი იყო და ნაადრევ ასაკში დაგროვილი სიბრძნით კვებავდა ირგვლივმყოფთ. ჯერ კიდევ ბავშვმა გააცნობიერა, რომ ადამიანის სიცოცხლე  ძალზე ხანმოკლეა და არ ღირს, ეს გზა მტრობასა და შუღლში გაატარო. ალბათ, ამის გამოც ლეონმა მოსალოდნელზე უფრო დიდხანს იცოცხლა,  მიუხედავად უსიამოვნო გარეგნობისა, იგი არასოდეს ემალებოდა საზოგადოებას. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ის მხატვრობასა და დიჯეობას მოდელობასაც უთავსებდა და ბევრი ცნობილი ფოტოგრაფის მოდელი იყო. მსოფლიომ კი მაშინ გაიცნო, როდესაც ჯგუფ Die Antwoord-ის პოპულარულ კლიპში მიიღო მონაწილეობა. კლიპს ჯგუფის წევრებმა Enter The Ninja  დაარქვეს. სპეციალისტთა აზრით, კლიპის პოპულარობა სწორედ ლეონ ბოტას გამორჩეულმა გარეგნობამ განაპირობა.

მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ იხილეთ ვიდეო