ჯადოქარი და გენიოსი - კვირის პალიტრა

ჯადოქარი და გენიოსი

გგონიათ, ჯადოქრები მხოლოდ ზღაპრებსა და ლეგენდებში არსებობენ? კალიფორნიის ინსტიტუტის პროფესორი ბრუს მილერი ვარაუდობს, რომ ჩვენ, ყველანი, პოტენციური ჯადოქრები ვართ. ამ დასკვნამდე იგი ერთმა შემთხვევამ მიიყვანა - სტუდენტს, რომელსაც ბავშვობაში მძიმე დაავადება გადაუტანია, გამოჯანსაღების შემდეგ თვალების ფერი შესცვლია - ლაჟვარდისფერი თვალები სხვადასხვაფერად ქცეულა: - ერთი მწვანედ, მეორე - შავად.

ბიჭი გაიზარდა, კოლეჯში განაგრძო სწავლა და უეცრად სასწაულები დაიწყო: ყველა სურვილი უსრულდებოდა, შეეძლო, მომავლის წინასწარმეტყველება, ხედავდა შორ მანძილზე და იოლად კითხულობდა სხვის ფიქრებსა და გადასცემდა საკუთარს. სამეცნიერო ენით რომ ვთქვათ, ეს თანამედროვე ჯადოქარი წინასწარმჭვრეტელი, ნათელმხილველი, ტელეპათი, რეტროსკოპია და ამასთან, მოვლენათა მსვლელობაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა.

პროფესორ მილერის აზრით, "სასწაულებრივი თვისებები" მაშინ გამოვლინდება, როცა ე.წ. მკვდარი ზონა მოქმედებას წყვეტს. იგი თავის ტვინის მარცხენა საფეთქლის არტერიულ ნაწილში მდებარეობს და თრგუნავს ადამიანის შემოქმედებით აქტივობასა და ექსტრასენსორულ თვისებებს. როცა "მკვდარი ზონა" ითიშება (ეს კი ავადმყოფობის, უძლიერესი სტრესის ან რაიმე გარეშე ფაქტორების ზეგავლენით ხდება), ადამიანი გენიოსად ან ჯადოქრად "იქცევა". ეს ექსპერიმენტმაც დაამტკიცა. ავსტრალიელმა მეცნიერებმა დროებით ჩაუკეტეს "მკვდარი ზონა" ხუთ მოხალისეს, რის შემდეგაც მათი შემოქმედებითი ნიჭი შესამჩნევად გააქტიურდა.

თუმცა გენიალურობას სხვა მიზეზებიც აქვს. როგორც ბრიტანელი უფოლოგი ჯონ პოუპი ამტკიცებს, კაცობრიობის ყველა გენიოსი კოსმოსიდან წარმოგზავნილი იყო. დაახლოებით 30-40 ათასი წლის წინ ჩვენს პლანეტას ხშირად სტუმრობდნენ უცხოპლანეტელები და აქტიურად ერეოდნენ დედამიწელთა ცხოვრებაში - ქორწინდებოდნენ კიდეც მათზე. პოუპის აზრით, უცხოპლანეტელთა შთამომავლებმა მყარად მოიკიდეს ფეხი დედამიწაზე. სხვათა შორის, კოსმოსელი წინაპრებისგან გადმოცემული ნიჭიც შეიძლება ჩაახშოს "მკვდარმა ზონამ". თუმცა სულ პატარა ბიძგიც კი საკმარისი იქნება, რათა ნიჭმა კვლავ გაიღვიძოს და თავი შეგვახსენოს.