ჰოლივუდის ფილმების წყევლა - კვირის პალიტრა

ჰოლივუდის ფილმების წყევლა

ცნობილია, რომ ხშირად მსახიობები, რომლებიც უწმინდურ ძალებს ასახიერებენ, რეალურ ცხოვრებაშიც ხიფათში ვარდებიან. ამიტომაც უარს ამბობენ ხოლმე ბოროტი სულების განსახიერებაზე, რათა არ გაიზიარონ თავიანთი გმირების ბედი.

"სუპერმენი"

ამის ქრესტომათიული მაგალითია ფილმები სუპერმენზე. პირველი მსხვერპლი ამ პერსონაჟის შემქმნელი, მწერალი ჯორჯ სიგელი გახდა. მან და მხატვარმა ჯორჯ შუსტერმა შექმნეს კომიქსების გმირი, რომელიც აშშ-ში ძალიან პოპულარული გახდა. გარკვეული დროის განმავლობაში მხატვარი და მწერალი პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდნენ, მაგრამ მალე კომიქსების ბაზარზე გამოჩენილმა ახალმა გმირებმა "სუპერმენს" წყალი შეუყენეს. მხატვარმა სხვა სამუშაოს მოჰკიდა ხელი. სიგელი კი უსაქმოდ დარჩა, ახალი ვერაფერი შექმნა და გალოთდა. სწორედ მას უწოდეს "სუპერმენის წყევლის" პირველი მსხვერპლი.

გავიდა რამდენიმე წელი და სუპერმენი ეკრანზე აღორძინდა. მისი როლი ხვდა მსახიობ კირკ ელინს, რომელიც, მართალია, ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ უკვე ბევრი როლი ჰქონდა ნათამაშები. რამდენიმე წლის განმავლობაში მან ითამაშა სამ ფილმში სუპერმენზე და დიდ ჰონორარსაც გამოჰკრა ხელი. სამაგიეროდ, სხვა რეჟისორებისაგან სარფიან შეთავაზებას ვეღარ ეღირსა. პოპულარული მსახიობი, რომელსაც მსოფლიო უკვე სუპერმენად იცნობდა, მცირებიუჯეტიან ფილმებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა. გადიოდა დრო, კირკ ელინს უკვე აღარავინ არაფერს სთავაზობდა. მოგვიანებით,  ხანდაზმულთა თავშესაფარში მასთან ინტერვიუს ასაღებად მისულ რეპორტიორებს კირკ ელინი სინანულით უყვებოდა - სუპერმენმა დამღუპა, ცხოვრება გამიმრუდა, ძალიან ვნანობ, რომ მას დავუკავშირე ბედი, მაგრამ ახლა უკვე გვიანიაო.

სუპერმენის როლის განსახიერებას ემსხვერპლა მსახიობი ჯორჯ რივზიც. წარსულში ცნობილი მოკრივე, ოლიმპიური თამაშების მონაწილე "სუპერმენის" სერიალის თითქმის ას ფილმში გადაიღეს. მაგრამ მაშინ, როდესაც მისმა კარიერამ მწვერვალს მიაღწია, ჯორჯ რივზიმ თავი მოიკლა. ამბობდნენ, "სუპერმენმა" ამაში დიდი როლი ითამაშაო.

ამ "დაწყევლილი როლის" უკანასკნელი მსხვერპლი შესანიშნავი მსახიობი და სპორტსმენი ქრისტოფერ რივი გახდა. პოპულარულმა "სუპერმენმა", რომელიც მშვენიერი ცხენოსანი იყო, ვერ დაიმორჩილა ბედაური და გადმოვარდა. საშინელმა ტრავმებმა 9 წლის განმავლობში გააწამა ქრისტოფერ რივი, მსახიობმა სიცოცხლე ხეიბრის სავარძელში დაასრულა.

"ეგზორცისტი"

დაწყევლილ ფილმებში ერთ-ერთი პირველთაგანია "ეგზორცისტი", რომელიც 1973 წელს გამოვიდა ეკრანზე. ფილმს საფუძვლად დაედო ეშმაკით შეპყრობილი გოგონას სხეულიდან დემონების გამოდევნის ამბავი. სცენარი დაიწერა იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით, ეგზორციზმი, ანუ გამოდევნა მართლაც მოხდა მერილენდის შტატში. ფილმის გადაღების დაწყებიდანვე დაიწყო უბედურებები. მსახიობებს ზედიზედ ეხოცებოდა ახლობლები, რეჟისორის ორივე ასისტენტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ხანძარში ჩაიფერფლა დეკორაციები - მიზეზი ვერ გაირკვა. რეჟისორი უილიამ ფრიდკინი შეშფოთებული იყო - ფირებთან დაკავშირებით რაღაც ამოუხსნელი ხდებოდა, კადრებში გაორებულად აღიბეჭდა გოგონას სახე, რომელსაც დემონი დაეუფლა.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ "ეგზორცისტის" წყევლა კინოთეატრებზე გადავიდა. მაყურებელი გულშეწუხებული გამოდიოდა დარბაზიდან, ბევრი გონებას კარგავდა. კინოთეატრებთან სასწრაფო დახმარების მანქანები იდგა.

"როზმარის შვილი"

საშინელი აღმოჩნდა "როზმარის შვილის" შემქმნელის ბედი. ეს არის ფეხმძიმე ქალის ამბავი. მას ბავშვი ეშმაკეულისაგან ჩაესახა. ისე მოხდა, რომ ნამდვილი ეშმაკეული მართლა ჩაერია არა მარტო სურათის რეჟისორის რომან პოლანსკის ბედში, არამედ მისი მზეთუნახავი მეუღლის, მსახიობ შერონ ტეიტის ცხოვრებაშიც. ეს ეშმაკეული გახლდათ ნახევრად გიჟი, მანიაკი ჩარლზ მენსონი, რომელმაც თავი სატანად გამოაცხადა, თავისი ბანდის წევრებთან ერთად პოლანსკის სახლში შეიჭრა და მისი ცოლი მხეცურად მოკლა.

"პოლტერგეისტი"

უბედურებაში გაეხვია ცნობილი რეჟისორი სტივენ სპილბერგი პარანორმალურ მოვლენებთან დაკავშირებული ფილმის გადაღებისას. 6 წელიწადში გარდაიცვალა "პოლტერგეისტში" დაკავებული ოთხი მსახიობი.

მსახიობი უილი სიმფსონი, რომელიც გადასაღებ მოედანზე დემონის გამოდევნის სცენას ახორციელებდა, მალევე გარდაიცვალა ავადმყოფობით, რომლითაც სხვები წლების განმავლობაში ცოცხლობენ.