თევზი-ნაპოლეონი - კვირის პალიტრა

თევზი-ნაპოლეონი

ყველა, ვინც მარჯნის რიფების წყალქვეშა სამყაროს ათვალიერებს, ამ თევზთან შეხვედრაზე ოცნებობს - "ნაპოლეონი" ულამაზესი ორმეტრიანი თევზია, დამახასიათებელი "სამკუთხა ქუდით". იგი ძალიან მიმნდობი და მეგობრულია - ახლოს მიდის ადამიანთან და აუცილებლად შეეხება მის გაწვდილ ხელს ისე, როგორც ამას ძაღლი აკეთებს, როცა მოფერება სურს... თანაც, იმახსოვრებს და ცნობს ადამიანებს.

სამწუხაროდ, მას ყველა მეგობრულად როდი პასუხობს - მას შემდეგ, რაც "თევზი-იმპერატორი" ოდესღაც ჩინეთის ნამდვილი იმპერატორის სუფრაზე მოხვდა, ყველაზე სასურველ დელიკატესად ითვლება. ამიტომ მსოფლიოში მისი რაოდენობა სულ უფრო იკლებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კი თითქმის გაქრა.

თევზი-ნაპოლეონი 230 სმ-მდე იზრდება და წონით 190 კგ-ს აღწევს. დიდი ზვიგენების გარდა, მას მტერი არ ჰყავს. თავად ნადირობს მოლუსკებზე, ზღვის ვარსკვლავებსა და, რაც მთავარია, რიფების ბინადარ იმ შხამიან მავნებლებზე (ზღვის კურდღელი და სხვ.), რომლებიც მარჯნის პოლიპებით იკვებებიან და რიფებს აზიანებენ. ამიტომაც თევზ-ნაპოლეონს უდიდესი ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს.