შიმშერის სისწრაფე - ამოუხსნელი ფენომენი! - კვირის პალიტრა

შიმშერის სისწრაფე - ამოუხსნელი ფენომენი!

შიმშერის (იგივე "ხმალთევზა") ცურვის სრულიად წარმოუდგენელი სიჩქარე მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანად რჩება.

ტროპიკული და სუბტროპიკული წყლების ბინადარი შიმშერი, რომლის წონა 700 კგ-ს, სიგრძე - 5-6 მეტრს აღწევს, უკიდურესად აგრესიული და სრულიად გამოუცნობი ბუნების მქონე მტაცებელია. ის თავის ძვლოვან "მახვილს" (ანუ როსტრუმს, რომლის სიგრძეც სხეულის დაახლოებით მესამედს შეადგენს და მეტრ-ნახევარზე მეტია) ნადირობისას იარაღად იყენებს და თევზებსა თუ კალმარებს ადვილად ხოცავს. მას კბილები არ აქვს, "მახვილი" კი ზედა ყბის მეტად მტკიცე ძვლოვანი წანაზარდია, რომელიც ანატომიურად მტაცებლის ხერხემლის ღერძის გაგრძელებას წარმოადგენს, რაც "მახვილის" დარტყმის ძალას აძლიერებს. თევზი "მახვილდინგიანთა" ერთადერთი წარმომადგენელია. სხვათა შორის, შიმშერის ხორცი დელიკატესად ითვლება, მაგრამ მისი დაჭერა მეტად სარისკოა, რადგან ძალიან ხშირად ესხმის თავს და ძირავს მეთევზეთა ნავებსა თუ კარჭაპებს.

ჯერჯერობით, მეცნიერებმა ვერაფრით დაადგინეს, რატომ ესხმის შიმშერი თავს დიდ გემებსაც. ბოლო ორი საუკუნის მანძილზე აღწერილია ათობით შემთხვევა, როცა მტაცებლის "შუბის" დარტყმით დაზიანებული ხომალდი ჩაძირულა - ასეთ დარტყმას ზოგჯერ თანამედროვე ლითონის კორპუსიც კი ვერ უძლებს. მაგალითად, ინგლისის სანაპიროსთან  ნაღმოსან "ლეოპოლდის" საკმაოდ სქელი ფოლადის კორპუსი შიმშერმა 3 ადგილას გახვრიტა, ხოლო ერთ-ერთი თანამედროვე იაპონური ტრაილერი ჩაძირა. უცნაური თევზი იმდენად აგრესიულია, რომ 1967 წელს ესპანეთის სანაპიროსთან 605 მ სიღრმეზე ამერიკულ ბატისკაფ "ელვინსაც" კი შეუტია და ილუმინატორის უმტკიცესი მინა ისე  გაბზარა, რომ მასში წყალმა შეაღწია. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ გასული საუკუნის გემების ხის კორპუსები, რომელიც მაშინ სპილენძის სქელი ფურცლებით იყო დაფარული, ვერანაირად ვერ გაუძლებდა მისი "მახვილის" დარტყმის ძალას. საქმე იქამდე მივიდა, რომ სადაზღვევო კომპანია "ლოიდმა" 120 წლის წინ სადაზღვევო ნუსხაში "შიმშერის შეტევა" შეიტანა!

KvirisPalitra.Geმთავარი ის არის, რომ შეტევის პიკზე თევზის სიჩქარე 140 კმ/სთ-ს აღწევს, ანუ ზვიგენებისა და დელფინების სიჩქარეს 3-ჯერ აღემატება! მეცნიერების მტკიცებით, ფიზიკისა და მექანიკის ყველა კანონის თანახმად, შიმშერის მიერ ასეთი ფანტასტიკური სისწრაფის განვითარება ყოვლად შეუძლებელია, რადგან გამოთვლებში მისი სხეულის გარსმოდენადობისა და სიგრძის გათვალისწინებით, ასეთი სისწრაფის მისაღწევად მისმა სიმძლავრემ უნდა მიაღწიოს... 1500-2000 ცხენის ძალას! რასაკვირველია, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს მსგავსი სიმძლავრის განვითარება არ შეუძლია. მაგრამ შიმშერი არაფრად აგდებს მექანიკა-ფიზიკის კანონებს და გაცილებით სწრაფად დანავარდობს წყალში, ვიდრე, მაგალითად, ყველაზე სწრაფი ძუძუმწოვარი გეპარდი - მიწაზე (ბოლო გამოთვლით, გეპარდის მაქსიმალური სისწრაფე 110 კმ-სთ-ია.). გასაოცარია ისიც, რომ თუ გეპარდი სისწრაფეს მხოლოდ მოკლე დისტანციაზე ავითარებს, უნიკალურ თევზს დიდხანს შეუძლია უსწრაფესად ცურვა! ფაქტობრივად, შიმშერის მიერ განვითარებული სიმძლავრე მსუბუქი თვითმფრინავის მონაცემების ტოლია. სადღეისოდ შიმშერის ფენომენი მეცნიერებს არ ასვენებთ, თუმცა ახსნასაც ვერავინ პოულობს. გამოთვლილია "მახვილის" დარტყმის ძალაც, რომელიც საშუალოდ 4,5 ტონას აღწევს (დიდი ეგზემპლარებისთვის კიდევ მეტია); თუმცა ასეთი სისწრაფისა და დიდი მასის გათვალისწინებით, ეს კოლოსალური შედეგი აღარც არის გასაკვირი. ინგლისის ქალაქ კენსინგტონის საზღვაო მუზეუმში უჩვეულო ექსპონატი ინახება: შიმშერის "შუბზე" შამფურივითაა ასხმული მე-19 საუკუნის აფრიანი გემის ხის ორმაგი კორპუსის ნაწილი, რამდენიმე სმ სისქის სპილენძის ფურცელი, 15-15 სმ სისქის ფიჭვის ორი სქელი ფიცარი და ხომალდის კონსტრუქციის ნაწილი - მუხისგან დამზადებული 56 სმ სისქის შპანჰოუტი.