"მადლის სავანე" - კვირის პალიტრა

"მადლის სავანე"

ინდოეთის ოკეანეში, იემენის რესპუბლიკასთან მდებარე კუნძული სოკოტრა, რომლის სიგრძე 120 კმ-ია, სიგანე 40 კმ, დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ მოსწყდა აფრიკის კონტინენტს... მილიონობით წლით იზოლირების გამო ღრმა მარადმწვანე ხეობებით დასერილი გაუდაბნოებული ფერდობები საოცარი რელიქტური მცენარეებითაა დაფარული. რაც მთავარია, სოკოტრა უძველესი დროიდან მსოფლიოს საკმევლით ამარაგებს.

ერთი ვერსიით, სოკოტრა სანსკრიტზე "მადლის სავანეს" ნიშნავს. კუნძული ძველთაგანვე ამარაგებდა სამყაროს საკმევლითა და მურის სურნელოვანი ფისით - კუნძული ძველი საზღვაო გზების გადაკვეთაზე მდებარეობს, რომელიც სპარსეთის ყურისა და ინდოეთის  ნავსადგურებს აღმოსავლეთ აფრიკასთან აკავშირებდა. გარდა ამისა, მრავალი საუკუნე სწორედ აქედან გაჰქონდათ "დრაკონის სისხლი" - აქაური ენდემური ე.წ. დრაკონის ხის კაშკაშა წითელი ფისი (შეიცავს მდგრად წითელ პიგმენტებს და საუკუნეების განმავლობაში მისგან მზადდებოდა სამხატვრო საღებავები თუ ფერადი ლაქი, ასევე მრავალნაირი სამკურნალო საშუალებები). ამიტომ კუნძულის სახელწოდების მეორე ვერსიით, ის არაბულად "დრაკონის სისხლის ბაზრობასაც ”ნიშნავს...

1880 წლის დასაწყისში სოკოტრას პროფესორ ისააკ ბალფოურის ხელმძღვანელობით ბრიტანელ მკვლევართა პირველი ექსპედიცია ეწვია. ბოტანიკური კვლევის შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა - 48 დღის განმავლობაში სოკოტრაზე მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი 200-ზე მეტი მცენარე აღმოაჩინეს! მას შემდეგ კუნძულს "ბოტანიკურ სამოთხესაც" უწოდებენ. სულ სოკოტრაზე 850 სახის მცენარე ხარობს, მათგან ენდემური 270-ია. ისტორიულად მსოფლიო ოკეანის დონის ცვლილებების პერიოდში კუნძული არასდროს დატბორილა და მისი მცენარეულობა სასწაულით გადარჩენილი უძველესი ფლორაა, რომელიც მატერიკებზე აღარ არსებობს. მეცნიერები მათ რელიქტურ, ანუ პალეოენდემურ მცენარეებს უწოდებენ.

სოკოტრის პალეოენდემური მცენარეებიდან ყველაზე ცნობილი დრაკონის ხე, ანუ დრაცენაა (Dracena drako), რომელიც 20 მლნ წლის წინ დედამიწის ვრცელ არეებს ფარავდა, ამჟამად კი სოკოტრის მთებზე ზღვის დონიდან 300 მ და მეტ სიმაღლეზე იზრდება. ლეგენდის თანახმად, კუნძულზე ძველად სისხლისმსმელი დრაკონი ცხოვრობდა, რომელიც სპილოებს ესხმოდა თავს. ერთხელ, ბებერი ძლიერი სპილო  დრაკონს დაეცა, გაჭყლიტა და მათი სისხლი შეერია ერთმანეთს - ამ სისხლიდან გაიზარდა ხეები, რომელთაც დრაცენა უწოდეს (ბერძნულად Dracaina "ძუ დრაკონს" ნიშნავს). ადგილობრივი მოსახლეობა დრაკონის ხეებს თვალისჩინივით უფრთხილდება და სხვას არავის აქვს უფლება, მოიპოვოს "დრაკონის" სისხლი.

KvirisPalitra.Geსოკოტრის უამრავ ეგზოტიკურ მცენარეს შორის  არის ერთი თითქოს არაფრით გამორჩეული მცენარე, რომელიც ზაფხულის ცხელი მუსონებისგან მთებით დაცულ მარადმწვანე ხეობებში იზრდება.  ეს არის საკმევლის ხე, ანუ ბოსველია (Boswellia sakra), რომელმაც კუნძულს მთელ ძველ სამყაროში ფართოდ გაუთქვა სახელი - ძველი ეგვიპტისა და ბაბილონის ქურუმები მისი ფისისგან გუნდრუკს ამზადებდნენ, ძველ რომში კი სოკოტრის საკმევლის ფისი ოქროზე ძვირად ფასობდა.

ამ ხეობების აბორიგენი მოსახლეობა ძველ ენაზე ლაპარაკობს, არაბული არ იცის და როგორც საუკუნეების წინ ქრისტიანულ და არაქრისტიანულ სამყაროს საკმევლით კვლავ ამარაგებს... აქვე იზრდება ძველი სამყაროსთვის ასევე კარგად ცნობილი სურნელოვანი ფისის - მურის ხის, ანუ კომიფორას 3-4 სახეობა. მური ადრე მიცვალებულთა ტრადიციულ სურნელოვან საცხებად და ასევე მირონის ხარშვისას იხმარებოდა (ამჟამად, მირონის ხარშვისას სხვა კომპონენტებთან ერთად საკმევლის ფისი იხმარება).

KvirisPalitra.Geკუნძულზე უამრავი უცნაური მცენარეა. მათგან უმრავლესობა ტენიან ტროპიკულ ტყეებში იზრდება, ხოლო უდაბურ ადგილებში მრავლადაა ე.წ. სუკულენტი, ანუ ხორციანი მცენარეები, რომლებიც წყალს მსხვილ ღეროებში აგროვებენ. ამის მაგალითია "მსუქანი ადენიუმის", ანუ "უდაბნოს ვარდის" ბოთლისებრი ღერო, რომლის დიამეტრი დაახლოებით 2 მ-ია, მაშინ, როცა სიმაღლე 3,5 მ-ს არ აღემატება. ყვავილობის დროს "უდაბნოს ვარდის" ღერო და მისი უცნაური კოტიტა ტოტები ნაზი მოწითალო ყვავილებით იფარება...

KvirisPalitra.Geასევე უცნაური ფორმისაა კვახისებრთა ოჯახის ხე ბილიმბი (Averrhoa bilimbi), რომელსაც სოკოტრაზე "კიტრის ხეს" უწოდებენ. 5-7 მ სიმაღლის ხე. ნაყოფს პირდაპირ ღეროზე ისხამს - 10 სმ სიგრძის "კიტრები" მასზე მტევნებადაა განლაგებული. ნაყოფი ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში.

ცხადია, აქაური ფლორის მიახლოებითი აღწერაც კი შეუძლებელია. საინტერესოა ისიც, რომ რადგან კუნძულზე არასდროს ცხოვრობდნენ მსხვილფეხა ბალახისმჭამელები, აქაური ბუჩქებიც და ბალახებიც თავის დასაცავად არ შეიცავენ შხამიან ნივთიერებებს და არა აქვთ ეკლები. ვირები, თხები და აქლემები მხოლოდ მოგვიანებით შემოიყვანეს.  სოკოტრის ფაუნაშიც ასევე ბევრი ენდემური სახეობაა. კუნძულის საუკუნეობრივი იზოლაციის გამო მწერებისა და რეპტილიების 90% მხოლოდ აქ გვხვდება. სოკოტრაზე სულ რამდენიმე მცირე ზომის ძუძუმწოვარი ცხოველია.

საინტერესოა, რომ 1967 წლიდან, როცა იემენმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, სოკოტრაზე "მოძმე" საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ბაზა განლაგდა, რის გამოც სამეცნიერო ექსპედიციების მიერ მისი კვლევა შეწყდა. სამეცნიერო მუშაობა მხოლოდ 1982 წლიდან განახლდა და მეცნიერები დღესაც პოულობენ ფლორისა და ფაუნის ახალ  ენდემურ სახეობებს. ბიოლოგები სოკოტრის გარშემო ზღვისა და კუნძულზე აღმოჩენილი 7 კმ-იანი მღვიმის გამოკვლევისთვის ემზადებიან.

საბედნიეროდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი ხანია კარგად გაითავისა, რომ მათი კეთილდღეობა მშობლიური ბუნების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. მრავალი საუკუნეა სასტიკად აკრძალულია ხეებისა და ბუჩქების გაჩეხა, საქონელსაც კი საძოვარს სისტემატურად უცვლიან ნიადაგის გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად. აკრძალვები, რომელსაც ტომების ბელადები მკაცრად იცავდნენ, ფოლკლორშიც კი აისახა - ასეთი დამოკიდებულება კი სწორედ იმის გარანტიაა, რომ "მადლის სავანე" მადლის დაკარგვას არ აპირებს.

KvirisPalitra.Ge