ნიანგი-მონსტრი - კვირის პალიტრა

ნიანგი-მონსტრი

ფილიპინებზე, ქალაქ ბუნვანის მახლობლად 6,4 მ სიგრძისა და 1 ტონაზე მეტი წონის მქონე უშველებელი ნიანგი დაიჭირეს. ადგილობრივთა ვარაუდით, სწორედ ამ მონსტრმა შესანსლა ივლისში რამდენიმე კამეჩი და ზედ ერთი ფერმერიც დააყოლა.ვარაუდობენ, რომ ამ უზარმაზარმა ნიანგმა 2009 წელს 12 წლის გოგონაც შეჭამა. მისი ასაკი 50 წელზე მეტია. ეს არის ყველაზე დიდი ნიანგი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე დაუჭერია.

ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კანიბალი მტაცებელი ტურისტების მოსაზიდად ზოოპარკში მოათავსოს. ეს მონსტრი ეკუთვნის "ზღვის ნიანგთა" რიგს, რომელიც  ყველაზე დიდი სახეობაა და ყველაზე საშიშიც. მისი მაქსიმალური სიგრძე 7 მ-ს, ასაკი კი 100 წელს აღწევს. აქამდე გინესის წიგნის მიხედვით ყველაზე დიდი ნიანგი კვინსლენდის ზოოპარკის ბინადარი 80 წლის კასიუსი იყო, რომლის სიგრძეც "სულ რაღაც" 5,48 მ-ია. ბუნვანელები შიშობენ, რომ ახალი რეკორდსმენის გარდა, მათი ქალაქის ახლოს კიდევ ერთი საშიში მტაცებელი ბინადრობს.