ბიბი და ბიბო
12-09-2011
ბიბი 5 წლის ბიჭია. ნამდვილი სახელი ბიძინა ჰქვია, ისევე, როგორც მის საყვარელ ბაბუას, რომელმაც დედაც შეუცვალა და მამაც.

დედა რუსი ჰყავს. წლისაც არ იყო ბიბი, სახლიდან რომ გაიპარა და ქმარს წერილი დაუტოვა: "შვილს შენ გიტოვებ, რადგან მე მისი გაზრდის თავი არ მაქვს!"

ბიბის დედა მაინც ძალიან უყვარს. ერთადერთი სურათი აქვს, სადაც დედას ჯერ კიდევ ჩვილი უჭირავს ხელში და ისეთი ლამაზია, ისეთი, რო... სუნთქვა ეკვრის ბიჭს. რამდენჯერ უთქვამს ბიბოსთვის: ჩვენს ქალაქში
დედაჩემივით ლამაზი ქალი არასოდეს მინახავსო!..
ჰო, დროა, ბიბოც გაგაცნოთ. ძალიან ჭკვიანი ძაღლი. ნაგაზია, მაგრამ მთლად სუფთა ჯიშის არა. ერთხელ, ძალიან რომ გაბრაზდა ბიძინა ბაბუა, ბიჭს მწარედ უთხრა:

- ეტყობა, დედაშენივით არც ჩვენი ბიბოს დედა დებდა თავს პატიოსნებაზეო!..
ბიბიმ ახლაც არ იცის, რას ნიშნავს და როგორ
შეიძლება "პატიოსნებაზე თავის დადება", მაგრამ არც აინტერესებს - მისთვის არც დედაზე უკეთესია ვინმე და არც ბიბოზე...

პატარა რომ იყო ბიბი - აი, მაშინ, სიარულიც რომ არ შეეძლო და ბაბუა ძველ საბავშვო ეტლში ჩააკრავდა, სწორედ ბიბო იყო მისი პატრონი და დარაჯი. იწვა მის ფეხებთან და სანამ ბაბუა "სამსახურიდან" დაბრუნდებოდა, არც უცხოს მიაკარებდა აივანზე დატოვებულ ბიჭს და არც მას მისცემდა სადმე გაბობღების საშუალებას. ფეხი რომ აიდგა ბიბიმ, მაშინაც სულ კუდში დასდევდა ბიბო ერთგულ გადიასავით - არც ჭიშკრის გაღების ნებას მისცემდა, არც დანისა და ასანთისკენ გაახედებდა...

ბიძინა პაპა პენსიონერია, მაგრამ პენსია არ ჰყოფნის `ორ კაცს~, ბიბოსაც ხომ უნდა აჭამონ რამე? ამიტომ ურიკა შეკრა და მებარგულობა დაიწყო. კიდევ კარგი, ბაზარი ახლოა და სულ პოულობს მოხუცი სამუშაოს. ოღონდ ბევრი მუშაობაც არ შეუძლია და ამ დროს შვილსაც ლანძღავს, ბიბის მამას, რომელიც ვითომ ცოლის მოსაძებნად წავიდა რუსეთში და ისიც იქ დარჩა. მამას კი შემოუთვალა: "რაც გინდა, ის უყავი ბიბის, თუ გინდა, უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარეო!.."
- უპატრონო ბავშვთა სახლში რატო შენ არ ჩაგაბარეო! - გაბრაზდა შვილზე. - რძალს რა მოვთხოვო, როცა მეც ვერ გამიზრდია შვილიო...
ბიბის გაშვილება სხვამაც ურჩია ბიძინა ბაბუას- მეზობელმა ელიკომ. თავისი ყურით გაიგონა ბიჭმა:
-მოხუცი ხარ, ავადმყოფი. შენი საჭმელიც გიჭირს, კაი ოჯახში დავაბინავებ ბიბის, არაფერს გაუჭირვებენ...
- მეგონა, კაი მეზობელი მყავდი, შენ კი ჩემი ოჯახის დაქცევა გდომებია! _ უხეშად შეაწყვეტინა ელიკოს ბაბუამ და იმის შემდეგ აღარც ესალმება... ბიბომაც შეიძულა ელიკო. ეზოში ისე არ გაატარებს, თუ არ დაუღრინა და დაუყეფა. ბიჭს კი მეტი ყურადღებით დასდევს, თითქოს ეშინია მეზობელზე გულგატეხილს, ელიკომ ჩუმად არ გაიტყუოს ბიჭი...
ჰოდა, სულ ერთად არიან. ბიბი საბავშვო ბაღშიც არ დადის. ბიძინა ბაბუმ ვერ შეძლო მისი ტარება - არც გადასახადის თავი ჰქონდა, არც ბავშვის ჩასაცმელ-დასახური. ბიბის სულ სხვისი გამონაცვალი აცვია - ხან შარვალი აქვს ჩაძრომაზე და ხან გრძელი სვიტერი ებლანდება ფეხებში... მაინც ძალიან ლამაზია ბიბი. ოქროსფერი კულულები (დედის სახსოვარი) მხრებამდე სწვდება, თვალებიც ისეთი ლურჯი აქვს, "ცის ბინადარს" რომ შეეფერება...

ხშირად ჟანგიანი თოფი აქვს მხარზე გადებული (ისიც სხვა ბავშვის გადაგდებული) და რომ ჰკითხო, რუსეთზე აპირებს `გალაშქრებას~. დედა და მამა უნდა დააბრუნებინოს რუსეთში ჩასახლებულ დევებს (დევები იმ ზღაპრიდან გაიცნო, ბაბუა რომ უყვება ძილის წინ...).

...ახლა მაღაზიაშიც დადიან ბიბი და ბიბო, უფრო ხშირად პური მოაქვთ, ზოგჯერ -  ზეთი და მაკარონიც... ბიბომ იცის, რომ ძაღლებს მაღაზიაში არაფერი ესაქმებათ და კართან მოთმინებით ელოდება ბიბის. თუ შეაგვიანდა, აწრიალდება და ცდილობს, სხვისგან გამოღებულ კარში შეიხედოს -შეამოწმოს ბიჭი...

ბიბის და ბიბოს ყველა იცნობს ჩემს უბანში. მეც ხშირად ვხედავ, განსაკუთრებით საღამოობით, როცა ჭიშკართან ჩამოსხდებიან და იმ გზას გაჰყურებენ, ბიძინა ბაბუ რომ უნდა დააბრუნოს...
მანანა
17 აპრილი 2012 12:17
რა არაჩვეულებრივად წერთ, ქალბატონო ინგა!
"კვირის პალიტრის" მკითხველი ვარ დიდი ხანია, მაგრამ ამ გაზეთის კითხვა ჩემთვის ყოველთვის თქვენი წერილებით იწყება! დიდი მადლობა თქვენ, არაჩვეულებრივო ქალბატონო!
ruso
12 სექტემბერი 2011 19:06
ძალიან ლამაზად არის დაწერილი,დიდ მადლობა ქ-ნო ინგა.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?