მთვრალი ლოსების ქალაქი - კვირის პალიტრა

მთვრალი ლოსების ქალაქი

შვედეთის ქალაქ გეტებორგის მცხოვრები პიერ იოჰანსონი შინ გვიან დაბრუნდა თავსხმა წვიმაში და სახლთან უცნაური ხმები გაიგონა."ჯერ მეგონა, ვიღაც იცინოდა, მაგრამ ეზოში, ვაშლის ხეზე გასული ლოსის (ცხენირემი) კვიცი დამხვდა", - თქვა მან. ტოტებში გაჩხერილი სტუმარი მეტად არასახარბიელოდ გამოიყურებოდა და საცოდავად ხვიხვინებდა...

KvirisPalitra.Ge შეიყარნენ მეზობლები, მოვიდა პოლიციაც და ლოსის გასათავისუფლებლად ვაშლის ხის ტოტების ჭრა დაიწყეს, მაგრამ ცხოველი ისე მყარად გაჭედილი აღმოჩნდა, ვერაფრით უშველეს. ეს საქმე მეხანძრეებმა მოაგვარეს - ხის ღერო ისე დახარეს, რომ ლოსი მიწაზე ჩამოცურდა და მკვდარივით დაიძინა! გამოძახებულმა ცხოველთა დამცველებმა დაადგინეს, ლოსი მთვრალიაო, "მასპინძელმა" ყველა დაამშვიდა, რომ სტუმარს არ შეაწუხებდა. მართლაც, ცხენირემმა დილამდე კარგად გამოიძინა და თავის გზას ეწია.

KvirisPalitra.Geთურმე ვაშლის საჭმელად გეტებორგელთა ბაღებს ლოსები ხშირად სტუმრობენ. როცა პატრონები ვაშლს არ კრეფენ, გადამწიფებული ნაყოფი დუღს და ისპირტება. ასეთი ვაშლის ბლომად მირთმევისას ბუნებით ჩხუბისთავი ლოსები თვრებიან და "მშვიდობიანნი" ხდებიან. "მეზობლის ქალმა მითხრა, - გუშინ მანქანით კინაღამ ლოსს დავეჯახე, აშკარად მთვრალი იყოო. შესაძლოა, ეს სწორედ ის ლოსია", - თქვა პიერმა და დასძინა, რომ გეტებორგის ქუჩებში მობოდიალე მთვრალი ლოსები მასაც უნახავს, მაგრამ ხეზე ასული - არასოდეს!