"იმედის ხელი" - კვირის პალიტრა

"იმედის ხელი"

სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ფოტომ საზოგადოება გააოცა. ეს არის ფრაგმენტი უნიკალური ოპერაციისა, რომელიც 1999 წლის აგვისტოში ჩატარდა. პროფესორმა ჯოზეფ ბრუნერმა ნეშვილის სამედიცინო ცენტრში 21 კვირის ფეხმძიმე ჯულია არმასს უნიკალური ოპერაცია გაუკეთა - ნაყოფს ხერხემალზე წანაზარდი ჰქონდა, რომელიც მის განვითარებას ხელს უშლიდა და ჩვილი დაბადებამდე დაიღუპებოდა. ჯულიამ შემთხვევით გაიგო სასწაულმოქმედი პროფესორის, ჯოზეფ ბრუნერის შესახებ და გადაწყვიტა, მისთვის მიენდო პატარას ბედი. პროფესორმა საშვილოსნოს გარსი გახვრიტა და ლაპარასკოპიული მეთოდით უნიკალური ოპერაცია გააკეთა, რის შემდეგ ქალის ორსულობა ჩვეულებრივ გაგრძელდა  და 1999 წლის 2 დეკემბერს პატარა სამუელი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

ეს ნამდვილი სენსაცია იყო!

არმასების ოჯახში ამბობენ, რომ სამუელი ორჯერ მოევლინა ქვეყნიერებას - პირველად "სადაზვერვო ოპერაცია" ჩაატარა, ხელი დაგვიქნია და გაუჩინარდა, სამყაროს კი მხოლოდ მას შემდეგ ეწვია, როდესაც დედას ორსულობის ვადა ამოეწურა. სამუელი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას გახდა ცნობილი და მისი ბედით დღემდე დაინტერესებულია მსოფლიო. ბიჭუნას პოპულარობა კი მიხეილ კლანსის უნიკალურმა ფოტომ განაპირობა - ოპერაციის დასასრულს პროფესორი ფრთხილად აბრუნებს პაწია სამუელის ხელს საშვილოსნოში! ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ნაყოფი ექიმს ხელზე ებღაუჭება. ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, ფაქტისთვის კიდევ უფრო სენსაციური ელფერი მიეცათ და განაცხადეს, პაწიამ ასე გადაუხადა მხსნელს მადლობაო, ამიტომ ფოტოს "იმედის ხელი" დაარქვეს, პროფესორი ბრუნერი კი იძულებული გახდა, საზოგადოებისთვის განემარტა, რომ ანესთეზიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნაყოფი ასეთ რამეს ვერ მოიმოქმედებდა. მიუხედავად ამისა, 12 წლის შემდეგაც კი მიხეილ კლანსის ფოტო კვლავ ჟურნალისტების შერქმეული სახელით ვრცელდება. ის ძველებურად ახდენს გავლენას საზოგადოებაზე, რომელსაც სჯერა, რომ პატარა სამუელს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას და თანაც უმძიმესი ოპერაციის დროს შეეძლო,  მადლიერების გამოხატვაზე ეფიქრა.

KvirisPalitra.Geკლანსის ფოტო წლის ფოტოდ იქცა. ფოტოგრაფის თქმით, 1999 წლის აგვისტოს შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. "მე ფირზე აღვბეჭდე სასწაული, რომელმაც ჩემს ცნობიერებაში ბევრი რამ თავდაყირა დააყენა", - ამბობს კლანსი.

ახლა სამუელ არასი 12 წლის ხდება. თურმე, კაჟივით მაგარი ბიჭია და ხერხემალიც შესანიშნავად აქვს განვითარებული.

ოპერაციის სავალალოდ დასრულების რისკი ძალიან დიდი იყო. მშობლებს  საგანგებო განცხადებაც კი დააწერინეს, რომ თანახმა იყვნენ, მათი შვილისთვის ასეთი ოპერაცია გაეკეთებინათ. "გვჯეროდა, რომ სასწაული მოხდებოდა და ბიჭუნა გადარჩებოდა. ვგრძნობდით, რომ ჩვენს რწმენას დიდი ძალის მიცემა შეეძლო როგორც ექიმის, ისე მისი დაუბადებელი პაციენტისთვის", - იხსენებენ ჯულია და ალექს არასები, სამუელის შესახებ კი ინტერნეტსაიტებზე ყოველწლიურად შეხვდებით ახალ-ახალ ინფორმაციას.

ფოტოს კომენტარებში ერთ-ერთი "ფეისბუკელი" - მარიამ გოდუაძე წერს, რომ თბილისელ პროფესორ გივი ბაქრაძეს, რომელსაც ბევრი ჩვილი და ორსული გადაურჩენია, 4 თვის ორსულისთვის ისე ამოუცლია სიმსივნე, ნაყოფს არაფერი დაშავებია. "კვირის პალიტრა" შეეცდება, ქართველი ექიმების მოხდენილი სასწაულების შესახებაც აუწყოს საზოგადოებას და მოხარული ვიქნებით, თუ მკითხველები დაგვეხმარებიან.

ქართველი მედიკოსების თქმით, XX საუკუნის მიწურულს ბრუნერის ჩატარებული ოპერაცია მართლაც სასწაული იყო. მას შემდეგ მსგავს ოპერაციებს არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ ევროპულ სამედიცინო ცენტრებშიც აკეთებენ.