სტამბოლმა ქაბული და ისლამაბადი მოარიგა - კვირის პალიტრა

სტამბოლმა ქაბული და ისლამაბადი მოარიგა

სტამბოლში ავღანეთთან დაკავშირებით რეგიონული კონფერენციის გამართვამდე თურქეთის შუაკაცობით ისლამაბადი და ქაბული მორიგდნენ. მათი ურთიერთობა ძალიან გაცივდა 20 სექტემბერს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობის შემდეგ. სტამბოლის კონფერენციაზე, "უსაფრთხოება და თანამშრომლობა აზიის შუაგულში", განიხილეს ავღანეთში ვითარების სტაბილიზაციის გზები იქიდან 2014 წლის დამლევამდე საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ეტაპობრივად გამოყვანის ფონზე. კონფერენციას ესწრებოდნენ 20 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, აგრეთვე ჰუმანიტარული და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე გერმანიის, საფრანგეთის და დასავლეთის იმ ქვეყნების დელეგაციები, რომელთა ჯარისკაცები იმყოფებიან ავღანეთში.

ქაბული სტამბოლში დაასახელებს 7 პროვინციას, სადაც წესრიგის დაცვა ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ტერაქტმა შეიწირა 13 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე. ავღანეთს პარტნიორების მხრიდან დამატებითი ძალების დახმარების იმედი აქვს, რაც განიხილებოდა კონფერენციაზე.

უკანასკნელი დღეების მნიშვნელოვან ამბად იქცა პაკისტანისა და ავღანეთის შერიგება. ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა და შეიარაღებულ ძალთა ხელმძღვანელებმა სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივ წვრთნაზე, გარდა ამისა, ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალებით გამოიძიონ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობა.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ბოლო ხანს აძლიერებს თავის პოტენციალს საერთაშორისო საქმეებში. ერთი მხრივ, იყენებს იმას, რომ კარგი ურთიერთობა აქვს ისლამურ ქვეყნებთან, მეორე მხრივ კი თავისი, როგორც ნატოს წევრის, მდგომარეობას.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ