საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

იემენის პრეზიდენტმა ალი აბდალა სალეჰმა, რომელიც 30 წელზე მეტია, მართავს ქვეყანას, ხელი მოაწერა შეთანხმებას ძალაუფლების გადაცემის შესახებ. დოკუმენტი, რომელმაც იემენს კრიზისიდან გამოსვლის საშუალება უნდა მისცეს, სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს მიერ არის მომზადებული. სალეჰმა ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტ აბდუ რაბუ მანსურ ჰადის უნდა გადასცეს და ერთი თვის განმავლობაში თანამდებობა დატოვოს. შემდეგ იემენში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თანამემამულეებისადმი მიმართვაში განაცხადა, - თუ აშშ გააგრძელებს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მშენებლობას, რუსეთი გამოვა შემტევი სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულებიდან და უარს იტყვის განიარაღებაზეო. მედვედევმა აშშ და ნატო დაადანაშაულა რუსეთის უსაფრთხოების დარღვევის მცდელობაში - მათ არ სურთ რუსეთის ფედერაციას მისცენ იურიდიული გარანტია იმისა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა რუსეთისკენ არ იქნება მიმართულიო. მედვედევის თქმით, რუსეთი ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთში განალაგებს შეიარაღების სისტემებს, რომლებიც გაანადგურებენ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტებს ევროპაში.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომი ვიეტორმა მედვედევის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა, - ვაშინგტონი არ აპირებს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ფარის მშენებლობაზე უარის თქმასო.

The Wall Street Journal-ის აზრით, მედვედევის გამოსვლა მოწმობს არჩევნების წინ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის დაძაბვას. "ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერება შემთხვევითი არ არის, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც გაისად, მარტში კრემლში აპირებს დაბრუნებას, უკვე მიანიშნა, რომ რფ-ის საგარეო პოლიტიკური კურსი ამჟამინდელზე გაცილებით სასტიკი იქნება", - ნათქვამია გამოცემაში.

სირიაში სისხლის ღვრის შესაწყვეტად არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ საგანგებო გეგმა შეიმუშავა, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. ოპოზიციასთან ხანგრძლივი დაპირისპირების მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტად მაინც ბაშარ ასადი რჩება. სირიაში მიმდინარე მოვლენების კვალად განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ანკარა-დამასკო-თეირანის ურთიერთობა. ყოველ მათგანს საკუთარი ინტერესი გააჩნია. თუ დამასკო ცდილობს ქვეყანაში სტაბილურობისა და ასადის მთავრობის შენარჩუნებას, თეირანს სურს, სირიის საშუალებით შეინარჩუნოს რეგიონში თავისი ინტერესები - "შიიტური ნახევარმთვარე". სირიაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ირანი ვეღარ გაუწევს დახმარებას ლიბანს. ანკარას, რომელსაც პრეტენზია აქვს ოსმანურ ავტორიტეტზე, მიაჩნია, რომ რეგიონში თეირანის პოზიციის შესუსტების შემთხვევაში, მის პოზიციას თვითონ დაიკავებს. ანალიტიკოსების აზრით, ადრე თუ გვიან, ანკარას მოუწევს სირიაში მიმდინარე პროცესში ჩარევა.