საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა "წლის ადამიანად" დაასახელა განზოგადებული "დემონსტრანტი", რადგან 2011 წელს სწორედ ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანმა (პროტესტერ-მა) მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა მსოფლიოს განვითარებაზე.

Time განსაკუთრებით უსვამს ხაზს მუჰამედ ბუაზიზის როლს - მანამდე ყველასთვის უცნობმა ტუნისელმა ხილით მოვაჭრემ თავი დაიწვა, რასაც მოჰყვა მღელვარების დაწყება ტუნისში. სწორედ ტუნისი გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც მოიშორა დიქტატორი. მოგვიანებით ასევე უცნობმა ადამიანებმა მიაღწიეს დიქტატორების დამხობას ეგვიპტეში, ლიბიასა და იემენში, აგრძელებენ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში, ბაჰრეინსა და სხვა ქვეყნებში. 2011 წლის განმავლობაში "უსახელო" დემონსტრანტები უტევდნენ ბევრი ევროპული ქვეყნის მთავრობას. Timeე-მა "წლის ადამიანის" ცნებაში რუსეთის ის მოქალაქეებიც გააერთიანა, ვისაც არ შეეშინდა, პროტესტი გამოეთქვა "არჩევნების გამყალბებელი" ფსევდოდემოკრატიული რეჟიმის მიმართ.

2011 წლის დამლევს ნათელი გახდა, რომ თავიანთი "ვითომ მეგობრობის" შემდეგ, რომელსაც ხაზს უსვამდნენ პრეზიდენტები დმიტრი მედვედევი და ბარაქ ობამა, მოსკოვი და ვაშინგტონი კვლავინდებურად ერთმანეთს არ ენდობიან. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ აშშ-სა და ნატოს არ სურთ ევროპაში რუსეთთან ერთობლივად განათავსონ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ასე რომ, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის "გადატვირვა" ჩავარდა.

დნესტრისპირეთს, რომელსაც 20 წლის განმავლობაში მართავდა იგორ სმირნოვი, ახალი პრეზიდენტი ჰყავს - პარლამენტის ექსსპიკერი, მოძრაობა "აღორძინების" ლიდერი ევგენი შევჩუკი. ამომრჩევლების 70%-ის მხარდაჭერამ მას საშუალება მისცა, მოეგო მეტოქისათვის - აუღიარებელი რესპუბლიკის პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარის ანატოლი კამენსკისათვის, რომელსაც აქტიურად ემხრობოდა მოსკოვი. ექსპერტები კამენსკის მარცხს აუღიარებელ რესპუბლიკებში მოსკოვის მეორე ჩავარდნად მიიჩნევენ. ერთი თვის წინ სამხრეთ ოსეთში გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა ალა ჯიოევამ მოუგო მოსკოვის კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს. ჯიოევას იმედი აქვს, რომ გაზაფხულზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებს.

სირიის მთავრობამ, არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამშვიდობო გეგმის თანახმად, დაიწყო ქვეყნის დასახლებული პუნქტებიდან ჯავშანტექნიკის გამოყვანა. არაბულ სახელმწიფოთა ლიგის დამკვირვებლებმა უკვე დაიწყეს სირიაში მუშაობა, იყვნენ ანტისამთავრობო გამოსვლების ერთ-ერთ მთავარ კერაში - ჰომსში. თუმცა ძალადობის შეწყვეტა კრიზისის მოსაწესრიგებლად გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მშვიდობიანი დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ დაწყებულა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჰომსში მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაციები იმართებოდა, ე.წ. სირიის ოპოზიციური თავისუფალი არმიის მებრძოლებისა და სახელისუფლებო ჯარის ნაწილებს შორის შეტაკებებს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოპოზიცია მოითხოვს სირიაში არსებული რეჟიმის დემონტაჟს და რადიკალურ რეფორმებს. ხელისუფლება კი ყველა ღონეს ხმარობს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და არც ძალადობაზე ამბობს უარს. დასავლეთის სახელმწიფოები ჯერჯერობით თავს იკავებენ სირიის შინაურ საქმეებში ჩარევისაგან.