თალიბები მზად არიან დიალოგისთვის - კვირის პალიტრა

თალიბები მზად არიან დიალოგისთვის

მოძრაობა "თალიბანმა" გამოაცხადა, რომ ავღანეთის შიდაკონფლიქტის მშვიდობიანად მოსაწესრიგებლად დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ მათ სურთ, საქმე იქონიონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არა ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურ ჰამიდ ყარზაისთან.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სავსებით შესაძლებელია, ზომიერი თალიბები ვაშინგტონისთვის პარტნიორებად იქცნენ. "თალიბანის" წარმომადგენლის, ზაბიულა მუდჯაჰიდის თქმით, ისინი უკვე 15 წელია იბრძვიან ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად, ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად. მათ მიიღეს დამატებითი პოლიტიკური ზომები და სურთ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა გაგებით მოეკიდოს მათ ძალისხმევას ავღანეთში შექმნილი ვითარების მოსაწესრიგებლად.

ზაბიულა მუდჯაჰიდის არ დაუზუსტებია, "რა დამატებით პოლიტიკურ ზომებს" გულისხმობდა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აღიარა, რომ ბოლო ხანს ვაშინგტონმა გააძლიერა ძალისხმევა თალიბებთან მშვიდობიანი დიალოგის ორგანიზებისათვის. აშშ ისლამისტ რადიკალებთან დიალოგის დაწყებას მათი მხრიდან მრავალი პირობის შესრულებას უკავშირებს. კერძოდ, "თალიბანმა" უნდა აღიაროს ავღანეთში 2004 წლიდან მოქმედი კონსტიტუცია, რაც თავისთავად ნიშნავს ჰამიდ ყარზაის რეჟიმის აღიარებას.

"დი ველტი", გერმანია