საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების წინაშე გამოსულმა გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა: - უაზრობაა, დაჰპირდე სულ უფრო მეტ ფულს და არ შეებრძოლო კრიზისის მიზეზებს. ჩვენ კარგი ბალანსი დავამყარეთ ევროპის ქვეყნებთან სოლიდარობასა და ქვეყნის წინაშე საკუთარი თავის პასუხისმგებლობას შორისო. ქალბატონმა მერკელმა ამით მიანიშნა, რომ გერმანია საკუთარ ძალებს უფრთხილდება და არ გეგმავს თავისი წილის გაზრდას ანტიკრიზისულ პროგრამაში.

აშშ-ის სახმელეთო ჯარი 80 ათასი კაცით შემცირდება. ამას საფუძვლად უდევს პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ არმიის წინაშე მდგარი ამოცანების ახლებური ხედვა და პენტაგონის ბიუჯეტის შემცირება. ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ამერიკის შეიარაღებულ ძალთა პასუხისმგებლობის ზონაში სტაბილურობის შენარჩუნების ამოცანები მცირერიცხოვანი სპეცქვედანაყოფებისა და პლანეტის სხვადასხვა რეგიონში განთავსებული სამხედრო ბაზების გამოყენებით განხორციელდება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა მოიწონეს უნგრეთის მიმართ სანქციების შემოღება მის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების გეგმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ამგვარად, უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც დაისაჯა "ექვსი საკანონმდებლო" ინიციატივის პაკეტის" ნორმების შეუსრულებლობისთვის. ევროკომისიამ მიიღო სანქცია უნგრეთის დასაჯარიმებლად და 2013 წლიდან ბუდაპეშტისათვის ნებისმიერი ფინანსური დახმარების გასაყინად.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ თაიფ ერდოღანი ქვეყნის პარლამენტში გამოვიდა საფრანგეთის მიმართ სანქციების შემოღების წინადადებით. ანკარამ ამ მკაცრი ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა საფრანგეთის სენატმა მოიწონა გახმაურებული კანონპროექტი სომეხთა გენოციდის უარისმყოფელთა დასჯასთან დაკავშირებით.

თურქეთი საფრანგეთის მიმართ სასტიკ ზომებს მიიღებს, თუ პრეზიდენტი სარკოზი ორი კვირის განმავლობაში ხელს მოაწერს კანონპროექტს. ერდოღანმა განაცხადა, რომ არასდროს წავა საფრანგეთში, თუ "დისკრიმინაციული და რასისტული კანონი შევა ძალაში". საგარეო საქმეთა მინისტრ ახმეტ დავუთოღლუს თქმით, თუ "ქვეყნების პარლამენტები გადაწყვეტილებას ისტორიაზე საკუთარი შეხედულების თანახმად მიიღებენ და შემდეგ მის განხორციელებასაც შეეცდებიან, ევროპაში ინკვიზიციის ახალი ერა დაიწყება." თურქების მიერ სომეხთა გენოციდს 19 ქვეყანა აღიარებს.

სირიის ოპოზიციის ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, აჰმად რამადანის განცხადებით, საუდის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი საუდ ალ-ფეისალი კაიროში მათ დელეგაციას დაჰპირდა, რომ საუდის სამეფო მათ სირიელი ხალხის ოფიციალურ წარმომადგენლად აღიარებს. თუმცა პრინც ალ-ფეისალს არ დაუზუსტებია, ერ-რიადი როდის აპირებს საბჭოს აღიარებას და დაუჭერენ თუ არა მხარს საუდელებს მათი მოკავშირეები სპარსეთის ყურიდან. რამადანის თქმით, თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში მდგომარეობის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მთავრობას ეკისრება.

საუდის არაბეთმა და ნავთობით მდიდარმა სხვა სახელმწიფოებმა თავიანთი დამკვირვებლები გამოიყვანეს სირიიდან, კატარმა ისიც განაცხადა, რომ მისიამ ვერ შეძლო სირიაში ძალადობის შეჩერება და საჭიროა სხვა ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად, ჯარის შეყვანაო.

გარდა ამისა, ბრიტანული "თაიმსი" წერდა, რომ კატარი და საუდის არაბეთი თანახმანი არიან, დაეხმარონ ამბოხებულებს, რომლებიც ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძვიან.

"ვიკილიქსის" შემქმნელი ჟულიან ასანჟი წაიყვანს ტოქშოუს

RUSSIA TODAY-ს ინგლისურენოვან არხზე, რომელსაც კრემლი მფარველობს. გამოდის, რომ კრემლი მაინცდამაინც ნაწყენი არ არის ასანჟიზე, რომელმაც "ვიკილიქსზე" გამოქვეყნებულ მასალებში რუსეთს "ნამდვილი მაფიოზური სახელმწიფო" უწოდა, - წერს "ფაინენშელ თაიმსი".