შეწყვეტილი "სიყვარულის ჰიმნი" - კვირის პალიტრა

შეწყვეტილი "სიყვარულის ჰიმნი"

სიკვდილი "ჰოლივუდურად"

სახელგანთქმული მომღერალი უიტნი ჰიუსტონი 11 თებერვალს სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

მთელი მსოფლიოს ტაბლოიდები აგრძელებენ მკითხაობას უიტნი ჰიუსტონის სიკვდილის მიზეზებზე. ოფიციალურად სიკვდილის მიზეზი გამოცხადებული ჯერ არ არის, თუმცა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული უიტნი ჰიუსტონის სიკვდილის გარემოებების თანახმად, მის ფილტვებში წყალი მცირე რაოდენობით აღმოჩნდა და წყლით დახრჩობის ვერსია გამოირიცხა.  ვარაუდობენ, რომ საბედისწერო გახდა ალკოჰოლისა და ანტიდეპრესანტების კომბინაცია.

პასუხგაუცემელი კითხვა კი ჯერჯერობით ბევრია: ვინ იპოვა იგი აბაზანაში - მისმა დეიდამ, მერი ჯონსმა თუ პირადმა მცველმა? რა ხმა გაიგონა უიტნის სიკვდილამდე ერთი წამით ადრე მეზობელმა? რატომ ვერ შეამჩნია ვერაფერი უჩვეულო დედამისმა, კისი ჰიუსტონმა, რომელიც 25 წუთით ადრე ელაპარაკა ქალიშვილს?

გაზეთების მტკიცებით, "ბევერლი ჰილტონის" სასტუმროს მის ნომერში პოლიციელებმა იპოვეს მედიკამენტების - "ქსანაქსის", "ლორაზეპამისა" და "ვალიუმის" კოლოფები. სიკვდილის წინ კი უიტნი თითქმის უწყვეტად, ორი დღე ერთობოდა კლუბ "TRU HOLLYWOOD"-ის საღამოზე, რომელიც "გრემის" საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით მომღერალმა კელი პრაისმა მოაწყო.

უიტნი ტეკილას ეტანებოდა და სკანდალიც მოაწყო - თავის ბოიფრენდს, 31 წლის რეი ჯეის ეჩხუბა, ხოლო გოგონას, ვისაც რეი ელაპარაკებოდა,  შოუ "X ფაქტორის" მონაწილე სტეისი ფრენსისს, უყვირა და გამოლანძღა.

თვითმხილველთა თქმით, უიტნი უცნაურად იქცეოდა. კლუბში პოპვარსკვლავის მაჯაზე შეამჩნიეს ნაჭდევები, ფეხზე - სისხლი.

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სუპერვარსკვლავი 3-ჯერ მკურნალობდა ნარკოდამოკიდებულებისგან. ექსპერტების თქმით, ის არ უფრთხილდებოდა საკუთარ თავსა და ნიჭს. წლების მანძილზე "კრეკის" სისტემატური მოწევის გამო მისი შესანიშნავი, უმძლავრესი "5-ოქტავიანი" ხმა შესუსტდა.

ექსპერტების აზრით, მომღერალს წინ სიღარიბე ელოდა - ვალების გასასტუმრებლად ატლანტაში სახლის გაყიდვა დასჭირდა, ხოლო მისი მდიდრული სასახლე ნიუ-ჯერსიში გირაოშია ჩადებული. ტაბლოიდების მტკიცებით, მას "ბევერლი ჰილტონის" ნომრის გადასახდელი ფულიც არ ჰქონდა. მომღერალი და მისი პროდიუსერი კლაივ დევისი დიდ იმედებს ამყარებდნენ უიტნის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მსოფლიო ტურნეზე - 2013 წლისთვის დაგეგმილ გასტროლებზე 30 მლნ-ზე მეტი შემოსავლის მიღებასა და დამცრობილი პოპულარობის აღდგენას ელოდნენ.

ბედის ირონიით, სწორედ ამ გასტროლებთან დაკავშირებით, იმ საბედისწერო დღეს სასტუმროს ჰოლში ტელეკომპანია VH1-ის გადამღები ჯგუფი ინტერვიუს ასაღებად მოთმინებით ელოდა, როდის მიიღებდა ვარსკვლავი აბაზანას: "ჩვენ ჰოლში ვიყავით, როცა დაცვამ მუშაობის შეწყვეტა მოგვთხოვა, ჰიუსტონის ადმინისტრატორმა კი გამოგვიცხადა, - ინტერვიუზე ვეღარ მოვაო", -”თქვა ჟურნალისტმა ალისონ სამუელსმა.

სასტუმრო "ბევერლი ჰილტონი" უკვე შეიტანეს ტურისტულ მარშრუტში სახელწოდებით "ტრაგიკული ამბავი". ამიერიდან ავტობუსები აუცილებლად გაჩერდებიან სასტუმროსთან, სადაც გიდები მსოფლიოს ტურისტებს მილიონობით ადამიანის საყვარელი მომღერლის სიცოცხლისა და სიკვდილის ტრაგიკულ ამბავს მოუყვებიან...

უიტნის ახლობლებმა უარი თქვეს სამოქალაქო პანაშვიდზე, რომელიც სტადიონზე უნდა გამართულიყო. გამოსამშვიდობებელი ღვთისმსახურება კი ბაპტისტურ ეკლესიაში "ახალ იმედში" გაიმართა, რომლის გუნდშიც უიტნი ბავშვობაში მღეროდა. მომღერლის დაკრძალვის ცერემონიალს უიტნის "პირადი მცველი" კევინ კოსტნერი უძღვებოდა. დაკრძალვაზე მისმა ნათლიამ არიეტა ფრანკლინმა და სტივ უანდერმა იმღერეს.

ბრაუნი კი ჯერჯერობით თავის გოგონასთან შეხვედრასაც ვერ ახერხებს, რაშიც ყოფილ სიდედრს - კისი ჰიუსტონს ადანაშაულებს. კისის უამრავი მიზეზი აქვს, არ უყვარდეს ყოფილი სიძე - მან დაუნგრია ცხოვრება და ბრწყინვალე კარიერა ჩემს ქალიშვილსო. მათი ერთად ცხოვრების 15 წლის მანძილზე ხშირად იყო სკანდალები, ოჯახური ძალადობა და პოლიციის ჩარევა. ბევრის აზრით, მომღერალი სწორედ ამის გამო მიეძალა კოკაინს. ამასთან, უიტნიმ განქორწინებაც მძიმედ გადაიტანა (განქორწინების შემდეგ ერთ დროს 100 მლნ დოლარის პატრონი სუპერვარსკვლავისგან ბრაუნს ბევერლი ჰილზში მდიდრული სასახლე დარჩა).

ამ დღეებში ისიც გაიხსენეს, რომ უიტნის მილიონობით თაყვანისმცემელს შორის, ამერიკელების მიერ ლიკვიდირებული მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი - უსამა ბინ ლადენიც ყოფილა! გადაცემა "Zee News "-ის ცნობით, ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ განაცხადა "ალ-ქაიდას" მეთაურის ჰარამხანაში ნამყოფმა ქალმა, სუდანელმა მწერალმა, კოლა ბუფმა - მისი მემუარები, "დაკარგული გოგონას დღიური", ჯერ კიდევ 2006 წელს გამოქვეყნდა. კოლა ამტკიცებდა, რომ 1996 წელს რამდენიმე თვე იყო ბინ ლადენის ერთ-ერთი ცოლი და შეეცადა, დაწვრილებით აღეწერა უსამას მიდრეკილებები. "ის განუწყვეტლივ მასზე (უიტნიზე) ლაპარაკობდა - უჩვეულოდ ლამაზია და მომაჯადოებელი ღიმილი აქვსო". უსამა მას ჭეშმარიტ მუსლიმანად მიიჩნევდა, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს ამერიკულმა კულტურამ და ქმარმა - ბობი ბრაუნმა. მას სურდა, უიტნი ცოლად მოეყვანა და მისთვის ხართუმში სასახლეც ეჩუქებინა.

უიტნი ჰიუსტონი

უიტნი ელიზაბეტ ჰიუსტონი დაიბადა 1963 წლის 9 აგვისტოს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში. სუპერვარსკვლავად 1992 წელს მსოფლიოს ეკრანებზე ფილმ "პირადი მცველის" გამოსვლის შემდეგ აღიარეს, როცა ბალადა ფილმიდან - I will always love you არა მარტო მსოფლიო ჰიტი, არამედ "სიყვარულის ჰიმნიც" გახდა!

უიტნი არის 415 ჯილდოს ლაურეატი (მათ შორის 6 "გრემის") - გინესის წიგნის თანახმად, ჯილდოების რაოდენობით ქალთა შორის რეკორდსმენია.

უიტნის მშობლებს - ჯონ და კისი ჰიუსტონებს სამი შვილი ჰყავდათ, უიტნი უმცროსი იყო. მისი კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო: ოჯახი მორწმუნე იყო და გოგონას პატარაობიდან კავშირი ჰქონდა რელიგიურ მუსიკასთან.  მოწაფეობისას ბაპტისტური ეკლესიის უმცროსი გუნდის სოლისტი გახდა. 20 წლისამ პირველი კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ კომპანიებთან, პირველი წარმატებული დებიუტი კი ერთ-ერთ პოპულარულ შოუში სიმღერის, Home-ს შესრულება გახდა. 1985 წლის თებერვალში გამოვიდა სადებიუტო ალბომი "უიტნი ჰიუსტონი", შემდეგ კი სინგლი You give good love, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა.

ნამდვილი დიდება კი ფილმ "პირადი მცველის" გამოსვლის შემდეგ ეწვია, სადაც კევინ კოსტნერთან ერთად მთავარი როლი ითამაშა. ამ მომენტიდან მომღერალი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა. თუმცა უიტნისთვის დიდებას მოჰყვა ის, რაც სხვებისთვისაც ბევრჯერ მოუტანია - 90-იან წლებში ტაბლოიდებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია უიტნის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ. მომღერალს დასჩემდა უცნაური ქცევები - კონცერტების გაუქმება, ფოტოსესიების გაცდენა. მის უსიამოვნებებში ძალიან დიდია უიღბლო ქორწინების წილი. უიტნიმ მომღერალი ბობი ბრაუნი 1989 წელს გაიცნო. თუმცა ბობის სამი ქალისგან სამი შვილი უკვე ჰყავდა, უიტნიმ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო და ცოლად გაჰყვა. 1993 წელს მათ გოგონა - კრისტინა ჰიუსტონ-ბრაუნიც შეეძინათ...

ბობი რამდენჯერმე გაასამართლეს - მათ შორის სექსუალური ძალადობის, ჩხუბისა და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარებისთვის, ამიტომ, როცა უიტნი ნაადრევი მშობიარობისა და ბუნებრივი აბორტის გამო საავადმყოფოში მოხვდა, ბობი მის გვერდით არ იყო - ციხეში იჯდა. 2000 წლიდან უკვე უიტნის  ნარკოდამოკიდებულებაზე ალაპარაკდნენ. ცალკე სალაპარაკო გახდა მისი მკვეთრად გამოხატული სიგამხდრე - უიტნის პრესმდივანი ამტკიცებდა, მომღერალმა მადა ოჯახური პრობლემების გამო დაკარგაო. საზოგადოება ეჭვობდა, რომ ესეც ნარკოტიკების ბრალი იყო.

2004-2005 წელს რამდენჯერმე იწვა ნარკოლოგიურ კლინიკაში. 2006 წელს კი განქორწინება მოითხოვა. სასამართლომ ქალიშვილზე ზრუნვა მთლიანად მას მიანდო, თუმცა ბობი განაჩენის გაპროტესტებას ცდილობდა.

2009 წელს უიტნიმ ოფრა უინფრის ცნობილ შოუში ბოლო 7 წლის მანძილზე პირველად მისცა ინტერვიუ. საუბარი ხანგრძლივი გამოდგა და ორ ნაწილად გავიდა ეთერში. მომღერალმა პირველად ახადა ფარდა საკუთარი ყოფის უსიამოვნო დეტალებს: "არასოდეს ვყოფილვარ მასთან ბედნიერი. თანდათან ვკარგავდი საკუთარ თავს, როცა მისთვის კოჭის გორებას ვცდილობდი! ნარკოტიკებს ორივე ვხმარობდით, მაგრამ დალევით მხოლოდ ბობი სვამდა და ერთიანად იცვლებოდა, ლოთობა საზიზღრობაა", - აღიარა მომღერალმა.

ამის შემდეგ მისი საქმეები უკეთ წავიდა - შემოდგომაზე გამოჩნდა რამდენიმე ევროპულ ტელეპროგრამაში ახალი ფირფიტის,  I look to you რეკლამით. დეკემბერში ბოლო 10 წელიწადში პირველად მსოფლიო ტურნე მოაწყო, რომელიც მოსკოვიდან დაიწყო. მაგრამ კვლავ დაბრუნებული დიდება მალე ჩაქრა - უიტნის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა ხმასთან დაკავშირებით - გამოსვლები ერთიმეორის მიყოლებით უქმდებოდა, ალბომები სულ უფრო ნაკლებად იყიდებოდა და მომღერალი სცენაზეც იშვიათად ჩნდებოდა. 2010 წელს კვლავ იმკურნალა ნარკოდისპანსერში. ვარსკვლავი რაც შეეძლო, ცდილობდა ნორმალურ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა. თუმცა ამაოდ.

ბედის ირონიით, "სიყვარულის ჰიმნის" შემსრულებელი, უთვალავი ადამიანის სათაყვანებელი მომღერალი უიღბლო სიყვარულს შეეწირა... სუპერვარსკვლავმა ვერ გადაიტანა იმ უებრო ხმის დაკარვა, რითაც ბედნიერებას ანიჭებდა მსმენელს და შეეძლო სცენაზე გაეკეთებინა ისეთი რამ, რაზეც ბევრს არც უოცნებია - მაგალითად, კარიერის პიკზე მყოფმა "მედისონ სკვერ გარდენის" გრანდიოზულ დარბაზში თავისი განუმეორებელი ჰიტის შესრულებისას, ყველასთვის ცნობილი პაუზა გააგრძელა და კულმინაციის მოლოდინში მყოფი ფეხზე ამდგარი მსმენელი - პარტერშიც და მილიარდერთა ლოჟებში მსხდომნი, კაცი თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, მისკენ ხელგაწვდილი ელოდა უსაყვარლესი ხმის გაგონებას...