ახალი რუსული იმპერია - კვირის პალიტრა

ახალი რუსული იმპერია

პრემიერ-მინისტრის რანგში უკანასკნელ გამოსვლაში ვლადიმირ პუტინმა თავისი პრეზიდენტობის მესამე ვადისთვის "ხუთი პრიორიტეტი" მონიშნა. მეხუთე პუნქტი მოიცავდა ევრაზიულ სივრცეში თანამშრომლობის გაძლიერებას, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შემდგომი ინტეგრაციის გზით რუსეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა: "საბაჟო კავშირის და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა, ჩემი რწმენით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ინტეგრაციული მოვლენაა".

რუსეთი უკვე არის საბაჟო კავშირის წევრი. ყაზახეთთან და ბელორუსთან ერთად, დიდი ხანია ცდილობს, საერთო ეკონომიკურ სივრცეში უკრაინის ჩართვას. რუსეთის გაწევრებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი იმ ბარიერის მოხსნას, რომელიც უკრაინის მონაწილეობას უშლიდა ხელს. გარდა ამისა, მოსკოვში ახლახან გამართულ "ევრაზესის" სამიტზე, საბაჟო კავშირის წევრმა ქვეყნებმა, ასევე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა მოილაპარაკეს, რომ ევრაზიის კავშირთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე მუშაობას 2015 წლისთვის დაასრულებენ.

პრეზიდენტობისას და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის განმავლობაში, პუტინს მკაფიო „ევრაზიული ხედვა გააჩნდა - ის რუსეთს განიხილავდა რეგიონის ცენტრად. მოსკოვი ფიქრობს, რომ მას შEეუძლია ახალი“ევრაზიის კონსოლიდაცია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ევროპულ და აზიურ "გავლენის სფეროებად" დანაწევრების“ნაცვლად, რუსეთს შეუძლია ხელახლა იქცეს მსოფლიო არენაზე ისეთ ზესახელმწიფოდ, რომელიც დასავლეთში ევროკავშირის, აღმოსავლეთში კი აზიის (ჩინეთის ხელმძღვანელობით) საპირწონე გახდება.

ხომ არ ცდილობს პუტინი, რომელმაც ერთხელ სსრკ-ის დაშლას მასშტაბური გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, კვლავ საბჭოთა კავშირის შექმნას? დუმაში გამოსვლის დროს პუტინმა თავად განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდი დასრულდა. რუსეთის მოუსვენარი საშუალო კლასის სულ უფრო მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, პუტინს აღარ უნდა რესურსების ხარჯვა ერთიანი, მთლიანი სახელმწიფოს შესანარჩუნებლად: ცენტრალური აზიის და კავკასიის მცხოვრებთა განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების განსაკუთრებული სურვილი არ არსებობს. მაგრამ პუტინი ისურვებდა საბჭოთა (და იმპერიული) პერიოდის ბევრი კავშირის აღდგენას, პერიოდისა, როდესაც ვაჭრობა, რესურსები და სამუშაო ძალა რუსეთის და მისი მეზობლების ტერიტორიების ფარგლებში გადაადგილდებოდა. ეს მოსკოვს რეგიონის ეკონომიკური ცენტრის სტატუსს შეუნარჩუნებდა.

ევრაზიული კავშირის იდეის რეალიზაცია მთავარი პუნქტია პუტინის ჩანაფიქრის განხორციელებაში, კერძოდ, ის ცდილობს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანებას, რათა გააძლიეროს რუსეთის პოზიცია გეოპოლიტიკურ კონკურენციაში აშშ-თან, ევროკავშირთან და ჩინეთთან. ევრაზიული კავშირის შექმნის ბოლო ვადის 2015 წლით განსაზღვრა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მოსკოვის რწმენასთან, რომ იმ დროისთვის აშშ კვლავ მიაპყრობს თავის ყურადღებას ევრაზიას, რადგან ვაშინგტონი უკვე გათავისუფლდება ერაყთან დაკავშირებული ვალდებულებებისგან და მნიშვნელოვნად შეამცირებს სამხედრო ძალების რაოდენობას ავღანეთში, ხოლო "ფერადი რევოლუციების" სერია არაბულ სამყაროში დასრულებული იქნება. ამიტომ 2015 წლისთვის ვაშინგტონს ექნება სამხედრო და დიპლომატიური შესაძლებლობები ევრაზიის რეგიონისთვის ყურადღების მისაპყრობად. გარდა ამისა, იმ მომენტისთვის აშშ-ს ცენტრალურ ევროპაში უკვე ექნება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზები.

პუტინმა ჯერჯერობით ევრაზიული კავშირის შექმნაზე მხოლოდ სურვილი გამოთქვა. თუმცა ამის განხორციელება შეიძლება იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ის ფიქრობს.

"ნაციონალ ინტერესტი", აშშ