რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი ვაშინგტონისთვის - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი ვაშინგტონისთვის

ორ საკვანძო მოვლენას, კერძოდ, ავღანეთიდან ამერიკული ჯარის დაგეგმილ გაყვანას და კრემლში ვლადიმირ პუტინის დაბრუნებას, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ წრეებში პოსტსაბჭოთა მეზობლებთან მოსკოვის ურთიერთობასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დებატების განახლება მოჰყვა.

პუტინი კარგა ხანია, "ევრაზიული კავშირის" შექმნის მოწოდებით გამოდის. ზოგიერთი უცხოელი მიმომხილველი ამ კავშირის შექმნას მიიჩნევს საბჭოთა კავშირის აღორძინების შენიღბულ მცდელობად, იმ საბჭოთა კავშირისა, რომლის დაშლასაც პუტინმა, როგორც ეს კარგადაა ცნობილი, "XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა" უწოდა. რასაც უნდა მოასწავებდეს ევრაზიული კავშირის შექმნა, ის საბჭოთა კავშირი ნამდვილად ვერ გახდება. მოსკოვს დიდი ხანია აღარ აინტერესებს მეზობლების სუბსიდირება. მეტიც, პუტინი და რუსეთის სხვა ხელმძღვანელები დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს საკუთარ ორბიტაზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შენარჩუნებას. მართალია, განგაში, ახალ სსრკ-თან დაკავშირებით გადაჭარბებულია, მაგრამ აშშ-ს შეშფოთების საფუძველი აქვს. პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილზე ინტეგრაციის გაღრმავების ეკონომიკური და პოლიტიკური ლოგიკა საკმაოდ ძლიერი და რუსეთის სპონსორობის პირობებში სხვა სახის საფრთხის მატარებელია: რუსეთის მეზობელი ქვეყნების მოსკოვზე დამოკიდებულების ზრდა საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ მათ განვითარებას, არამედ საგარეო პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც.

ეს პროექტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობას მაინცდამაინც არ ხიბლავს. ცენტრალური აზიის ყველაზე სუსტი სახელმწიფოები - ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, როგორც ჩანს, შევლენ ევრაზიულ კავშირში, რადგან რუსეთი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი (მუშახელის ექსპორტის ჩათვლით) და ინვესტიციების წყაროა. უზბეკეთი და თურქმენეთი მიისწრაფვიან, შეზღუდონ რუსეთზე დამოკიდებულება მრავალვექტორული“ საგარეო პოლიტიკის წარმოების ხარჯზე. მათ საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური წონაც აქვთ იმისთვის, რომ საკუთარ გზაზე იარონ და ახალი გაერთიანების მიღმა დარჩენას ამჯობინებენ. სომხეთიც კი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა, ცალსახა პოზიციას არ ავლენს, რადგან მას არა აქვს საერთო საზღვარი მომავალი გაერთიანების შესაძლო წევრებთან და თან მოსკოვზე ზედმეტი დამოკიდებულებაც აშფოთებს.

კიევმა განაცხადა, რომ ევრაზიულ კავშირში არ გაწევრდება და ეს იმით დაასაბუთა, რომ წევრობა მას ხელს შეუშლის ევროპასთან შემდგომი ინტეგრაციის პროცესში. რუსი ექსპერტები აღიარებენ უკრაინის მონაწილეობის მნიშვნელობას ევრაზიის კავშირში, რაც ამ პროექტის საერთო წარმატებას უზრუნველყოფდა.  ამიტომ მოსკოვი, ჩანს, მომავალშიც გააგრძელებს კიევზე სერიოზულ ზეწოლას. მეორე მხრივ, ბოლო წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ მოსკოვი ეკონომიკური შეღავათების და პრივილეგიების მინიჭების სანაცვლოდ პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობს. შესაძლებელია, მოითხოვოს ყირგიზეთში, სატრანზიტო ცენტრ "მანასში", ამერიკელების ბაზის გაუქმება. მოსკოვმა შეიძლება ევრაზიის კავშირის წევრობა ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს და ბიშკეკს ამ ბაზიდან ამერიკელების გაყრა აიძულოს. ვაშინგტონი ასეთ ქმედებებს უნდა შეეწინააღმდეგოს.

ევრაზიულ ინტეგრაციას შეუძლია ხელი შეუწყოს სტაბილურობას და კეთილდღეობას ამ რეგიონის დიდ ნაწილში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ინტეგრაცია იქნება ნებაყოფლობითი, არ მოსწყვეტს მის წევრებს გარე სამყაროს და სასარგებლო იქნება ყველა მისი წევრი-სახელმწიფოსთვის. ჯერჯერობით, უცნობია, პასუხობს თუ არა პუტინის მიერ შემოთავაზებული ევრაზიის კავშირი ამ კრიტერიუმებს. დასავლეთმა უნდა იფრთხილოს, იმავდროულად, მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის სრულიად სერიოზულად ეკიდება რუსეთის მეზობლების უფლებას - თავად აირჩიონ, ვისთან სურთ საერთაშორისო თანამშრომლობა.

ნეიშენლ ინტერესტი, აშშ