მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

აშშ-ის პრეზიდენტი არაოფიციალური ვიზიტით ეწვია ქაბულს. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ხელმოწერა ხელშეკრულებაზე სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, აშშ კისრულობს ვალდებულებას, 2024 წლამდე დაეხმაროს ავღანეთს ფინანსურად და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. ამის სანაცვლოდ ამერიკელი სამხედროები ქვეყანაში დარჩებიან 2014 წელს ჯარის გაყვანის ვადის დასრულების შემდეგაც. ხელშეკრულება ქაბულს ხდის აშშ-ის მთავარ მოკავშირედ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ შედიან ნატოში.

დოკუმენტში მითითებული არ არის ფინანსური დახმარების ოდენობა - ამას ყოველ წელს გადაწყვეტს აშშ-ის კონგრესი.

"ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერი სიცოცხლის ბოლო თვეებში უკმაყოფილო იყო და ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში ცვლილებების შეტანას გეგმავდა. ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება ახლახან აშშ-ის სამხედრო აკადემიის საიტზე გამოქვეყნებული ბინ ლადენის 17 წერილის ანალიზიდან. მსოფლიოს #1 ტერორისტის ლიკვიდაციის შემდეგ პაკისტანში, მის სახლში, 6 ათასზე მეტი დოკუმენტი იპოვეს. გამოქვეყნებულ წერილებში ბინ ლადენი აღიარებს, რომ მისმა თანამებრძოლებმა ურწმუნოებთან ბრძოლაში ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს და საჭიროა მათი სასწრაფოდ გამოსწორება. როგორც წერილებიდან ჩანს, ბინ ლადენი გეგმავდა შეტევას აშშ-ის უმაღლეს ხელმძღვანელობაზე.

რუსეთის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუმინეთში ნატოს ფარის ელემენტების განთავსების საპასუხოდ მოსკოვი განიხილავს ახალი რადარული დანადგარების განლაგების შესაძლებლობას დნესტრისპირეთში, რომელმაც მოლდავეთისგან თავისი გამოყოფა გამოაცხადა.

ინდოეთმა ცოტა ხნის წინ შორეული რადიუსის რაკეტა გაუშვა. პაკისტანი ვალში არ დარჩა და გამოცადა რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის ზიდვა შეუძლია. ეს არის საშუალო რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა. დასავლეთის პრესა რაკეტის გაშვებას განიხილავს, როგორც პაკისტანის პასუხს ინდოეთისადმი. ბი-ბი-სი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინდოელები პოტენციურ სამიზნედ პაკისტანს კი არა, ჩინეთს ისახავდნენ. დელის სურდა, პეკინისთვის ეჩვენებინა, რომ მასაც აქვს ჩინელების მსგავსად მძლავრი შემაკავებელი საშუალება.