ყარაბაღში დენთის სუნი დატრიალდა - კვირის პალიტრა

ყარაბაღში დენთის სუნი დატრიალდა

ბოლო ხანს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანის მოსაზღვრე სომხეთის ოლქებში აღკვეთილი იქნა რამდენიმე დივერსიული აქტი. აუღიარებელი ყარაბაღის საზღვართან შეტაკებებს ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა - არიან მოკლულები და დაჭრილები. ვაშინგტონი, ანკარა და პარიზი თითქმის ერთდროულად გამოვიდნენ დაძაბულობის ესკალაციის შეწყვეტის მოწოდებით. სომხეთმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა იმაში, რაც ხდება. თავის მხრივ, აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ ყველაფრის მიზეზი სომხეთის შეიარაღებულ ძალებში გამეფებული სრული უკონტროლობაა. სომხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, - ჩვენს არმიას მხოლოდ 10 დღე დასჭირდება ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად და ირანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრამდე მისასვლელად. თავს მხოლოდ იმიტომ ვიკავებთ, რომ აღარ გვინდა სისხლის ღვრაო.

"აზერბაიჯანს შეუძლია, როგორც სურს, ისე დაამახინჯოს ფაქტები, მაგრამ ყველა ხედავს, რომ დივერსია სომხეთის მიწაზე ხდება. ბაქო, თავისი განცხადებით ვერ შეგვაშინებს, ყოველთვის მზად ვართ პასუხის გასაცემად, მაგრამ ჩვენ გვსურს მშვიდობიანი ცხოვრება", - განაცხადა ყარაბაღის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის მხარე, თავისი აგრესიული ქმედებით, აუფასურებს მოლაპარაკების ისედაც მძიმე პროცესს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ ბაქოში გაკეთებულ განცხადებას, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად აშშ მათ ახალ მიდგომას შესთავაზებს.

"ნეზავისიმაია გაზეტა" რუსეთი