საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

ნატოს ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნა დაიწყო სირიის საზღვრების მახლობლად. თურქეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სამი ხომალდი "ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებს" დაამუშავებს. "ტერორიზმი საბოლოოდ არ დამარცხებულა, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ დამნაშავეებს, რომ ნატო არ დაუშვებს რეგიონში მათი აქტიურობის გაძლიერებას", - განაცხადა მანევრების ხელმძღვანელმა, კონტრადმირალმა ტორსტენ კალერმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად - დაუჭერს თუ არა მხარს რუსეთი სირიაში მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, განაცხადა, - "მოსკოვი არ ეთანხმება გაეროს გეგმას ამ არაბულ ქვეყანაში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. უშიშროების საბჭოს  რეზოლუცია, რომელიც მშვიდობის დასამყარებლად იძულების ოპერაციის ჩატარებას გულისხმობს, სხვა არაფერია, თუ არა ინტერვენცია. ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით". მისივე თქმით, რუსეთისთვის მშვიდობის ძალით დამყარება მიუღებელია და სწორედ ამიტომაც არ დაუჭერს მხარს გაეროს რეზოლუციას.

კიევში, უკრაინული სახლის წინ გამართულ გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე, "ცვლილებების ფრონტის" ლიდერმა არსენი იაცენიუკმა შეკრებილთ ამცნო, რომ ოპოზიციამ დაიწყო საპროტესტო კამპანია - "უკრაინა იანუკოვიჩის გარეშე". და ეს კამპანია ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გამართვით უნდა დასრულდეს. "ჩვენ გავიმარჯვეთ - ლიტვინი გადადგა, ხოლო იანუკოვიჩმა პრესკონფერენცია ვერ გამართა. ეს ჩვენი პირველი გამარჯვებაა. შემდეგი გამარჯვება - იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობა იქნება. ჩვენ დავამხობთ ამ ბანდიტურ რეჟიმს", - აცხადებს იაცენიუკი.

კიევში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო "სახელმწიფო ენისა და პოლიტიკის საფუძვლებზე კანონპროექტი". ეს კანონპროექტი უკრაინაში რუსული ენის სტატუსის ამაღლებას ითვალისწინებს. პროტესტის ნიშნად რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. 4 ივლისს კი კიევში საპროტესტო გამოსვლები სპეცდანაყოფებთან შეტაკებით დასრულდა. ამის გამო იანუკოვიჩის პრესკონფერენცია გადაიდო.

2000-2001 წლებში უკრაინაში მიმდინარეობდა კამპანია "უკრაინა კუჩმას გარეშე", რომელიც ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გატაცებისა და მკვლელობის გამო დაიწყო.

ტაჯიკეთის პოზიციის გამკაცრება რუსეთის სამხედრო ბაზისთვის იჯარის გაგრძელების საკითხში, რესპუბლიკაში აშშ-ისა და ჩინეთის გააქტიურებას უკავშირდება. ეს კი ტაჯიკეთში მოსკოვის გავლენის შესუსტებას მოასწავებს. გაზეთი "კომერსანტი" იტყობინება, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს დუშანბესთან ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანის შემდეგ სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით. ჩინეთში ამასწინანდელი ვიზიტის დროს ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა 2 მლრდ დოლარის კრედიტი მიიღო. ექსპერტების ვარაუდით, დუშანბე ამერიკელებს საჩუქრად უმზადებს აეროდრომ "აინის", რაზეც პრეტენზია აქვთ რუსეთსა და ინდოეთს.

რუსეთის სამხედრო ბაზა ტაჯიკეთში, საზღვარგარეთ მოსკოვის ყველაზე მსხვილი სახმელეთო ბაზაა, სადაც 7 ათასამდე კაცი მსახურობს.