საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებამ, ლონდონის მრავალსართულიანი რამდენიმე სახლის სახურავებზე საზენიტო - სარაკეტო დანადგარების განთავსების თაობაზე, ლონდონელები აღაშფოთა. თავდაცვის სამინისტრომ ამ ზომას ოლიმპიური თამაშების პერიოდში ტერორისტული საფრთხის შესამცირებლად მიმართა. ბრიტანეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს კი მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო გახდეს ეს სახლები ტერორისტთა სამიზნე. სასამართლოს უკვე მიმართეს აღმოსავლეთ ლონდონის ლეიტონსტოუნის რაიონში მდებარე მრავალბინიანი კოშკის მცხოვრებლებმა.

იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი დიდ პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება. მით უმეტეს, რომ მას აქვს ხელისუფლებაში ზარ-ზეიმით დაბრუნების გამოცდილება. პრემიერის სავარძელი მან პირველად 1994 წელს დაიკავა, მაგრამ შვიდ თვეში მისი კაბინეტი გადადგა. 2001 წელს ბერლუსკონი კვლავ გახდა მთავრობის მეთაური და ქვეყანას 5 წელი მართავდა. მესამედ ის ხელისუფლებაში 2008 წელს დაბრუნდა, მაგრამ 50-ჯერ გამოუცხადეს უნდობლობა და 2011 წელს იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სილვიო ბერლუსკონის მაინც აქვს გაპრემიერების შანსი. შესაძლოა მარიო მონტის ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმებით უკმაყოფილო იტალიელებმა მხარი დაუჭირონ სილვიო ბერლუსკონის 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ არსებობის 10 წლის განმავლობაში პირველად გამოიტანა განაჩენი - კონგოლეზელ ამბოხებულთა ყოფილ ლიდერს ტომას ლუბანგა დილოს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კონგოლეზელ პატრიოტთა კავშირის გასამხედროებული ფრთის ლიდერი ტომას ლუბანგა 2005 წელს დააპატიმრეს და ერთი წლის შემდეგ ჰააგაში გადაიყვანეს. მას ბრალდებად წარუდგინეს პროვინცია იტურიში ეთნიკური კონფლიქტის დროს ბრძოლაში არასრულწლოვანთა უკანონო ჩართვა. გაირკვა, რომ ლუბანგა და მისი თანამებრძოლები არასრულწლოვან ბიჭებს ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, ძარცვას, ძალადობას. გოგონებს კი თავისი მებრძოლებისთვის სექსმონებად ამზადებდნენ.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო 2002 წელს შეიქმნა, როგორც ეფექტიანი მექანიზმი იმ პირთა დასასჯელად, რომლებსაც ბრალი მიუძღვით კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში.

აშშ-მა გააფართოვა სანქციები ირანის იმ სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან და მონაწილეობენ თეირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის განხორციელებაში.

ორგანიზაციებისა და კომპანიების "შავ სიას", რომელთანაც ამერიკულ ბიზნესს ამიერიდან ეკრძალება კონტაქტი, მიემატა კიდევ 11 დასახელება, მათ შორის, ირანის ნაციონალური სანავთობე და სატანკერო კომპანიები.