ავღანეთის მეორე ფრონტი - კვირის პალიტრა

ავღანეთის მეორე ფრონტი

აღმოსავლეთ ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში ძალას იკრებს სახალხო აჯანყება მოძრაობა "თალიბანის" წინააღმდეგ, რომელიც უკანასკნელ დრომდე აკონტროლებდა აქაურობას. ადგილობრივ მცხოვრებთაგან შექმნილმა რაზმებმა ანდარის ოლქის 50 დასახლებული პუნქტიდან თალიბები გაყარეს. ამბოხებულები აცხადებენ, - არც "თალიბები" გვინდა და არც ჰამიდ ყარზაის მთავრობაო. ის, რაც დღეს ღაზნიში ხდება, მაჩვენებელია იმისა, რაც მოხდება მთელ ავღანეთში 2014 წელს იქიდან უცხოეთის ჯარების გაყვანის შემდეგ. ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებენ საველე მეთაურები, რომლებსაც საკუთარი წესების დაკანონება სურთ.

ღაზნიში თალიბების წინააღმდეგ ამბოხება ოთხი თვის წინ დაიწყო - მას შემდეგ, რაც "რწმენის სიწმინდისათვის მებრძოლები" მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველა სკოლისა და მაღაზიის დახურვას შეეცადნენ. მთავრობა დიდი ხანია შეეგუა იმას, რომ პროვინციათა უმეტესობის სასოფლო რაიონებს ფაქტობრივად "თალიბანი" მართავს - ჯარი და პოლიცია კი უმეტესად იმით კმაყოფილდება, რომ ქვეყნის მთავარ ქალაქებს განაგებს.

ახლა შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს, ავღანეთში გაჩნდა მესამე ძალა, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი აშშ-ის დანიშნულად მიიჩნია, თალიბებს კი პაკისტანთან მეტისმეტად მჭიდრო კავშირში ადანაშაულებს. "მათ სურთ, რომ ავღანეთმა პაკისტანის კანონებით იცხოვროს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ", - აცხადებენ მესამე ძალის წარმომადგენლები.

"თალიბანის" წარმომადგენლების ვარაუდით, ამბოხებულებს უკან ქაბული და ნატოს კონტინგენტი დგას. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დროთა განმავლობაში ღაზნელი ამბოხებულები დაახლოებით იმ როლს ითამაშებენ, რომელიც შეასრულეს სუნიტთა ბრიგადებმა (სახელწოდებით "გამოღვიძება") ერაყში "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ.

"კომერსანტი", რუსეთი