"ჰესბოლა" სირიის ომში ერთვება - კვირის პალიტრა

"ჰესბოლა" სირიის ომში ერთვება

ლიბანში ბოლო დროს მომხდარი ამბები ადასტურებს ექსპერტთა ვარაუდს - სირიაში ომს, შესაძლოა, მთელი რეგიონის დესტაბილიზაციაც მოჰყვესო. შიიტური დაჯგუფება "ჰესბოლა" ფაქტობრივად ომში ჩათრეული აღმოჩნდა - ის ბაშარ ასადის მხარესაა, ბევრი ლიბანელი სუნიტი კი ასადის მოწინააღმდეგეებს ემხრობა. დემონსტრანტმა შიიტებმა ბეირუთის აეროპორტი დაბლოკეს და ფაქტობრივად ქვეყანა სამყაროს მოსწყვიტეს. ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა თავიანთ ქვეშევრდომებს ლიბანის დატოვება მოუწოდეს - შესაძლოა, შიიტმა მებრძოლებმა დაგატყვევონო.

ექსპერტები შიშობენ, რომ სირიის კონფლიქტს ლიბანში კონფესიათა შორის ახალი კონფლიქტი მოჰყვება. ამის ყველა წინა პირობა არსებობს - ლიბანის პრემიერი, სუნიტი ნაჯებ მიკატი, რომელიც ბოლო დრომდე ცდილობდა ნეიტრალიტეტის დაცვას, ახლა ფაქტობრივად ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა ბანაკს შეუერთდა. ლიბანის მთავრობამ სირიის სპეცსამსახურები დაადანაშაულა ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების სერიის მომზადებასა და შეკვეთილ მკვლელობებში. შიიტები, რომლებიც მოსახლეობის 35%-ს შეადგენენ და თანაუგრძნობენ ბაშარ ასადს, პრემიერის პოლიტიკით აღშფოთებულები არიან.

ბაშარ ასადის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეჯახება აქამდე ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში, უფრო ქალაქ ტრიპოლიში ხდებოდა, ახლა ეს კონფლიქტი უკვე მთელ ქვეყანაში ვრცელდება და ლიბანს ახალი სამოქალაქო ომის ზღვარზე აყენებს.

"ლა სტამპა", იტალია