ისრაელი საომრად ემზადება - კვირის პალიტრა

ისრაელი საომრად ემზადება

ისრაელს შეუძლია უახლოეს ხანში დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს. ამ სიგნალს სულ უფრო დაბეჯითებით უგზავნის თელ-ავივი მსოფლიოს. "ახლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია ეფექტიანი სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად", - განაცხადა წყარომ ისრაელის მმართველი კოალიციიდან. დაზვერვის მონაცემების თანახმად, გაისად გაზაფხულზე თეირანს უკვე ექნება ატომური ბომბის დამზადების საშუალება. ამ პროცესის შესაჩერებლად თელ-ავივს სურს ისარგებლოს აშშ-ში წინასაარჩევნო სიტუაციით. ისრაელელი პოლიტიკოსების აზრით, ნოემბრის არჩევნების წინ ბარაქ ობამა უარს ვერ ეტყვის დახმარებაზე თავის სტრატეგიულ მოკავშირეს. ამ დღეებში ირანის მიმართ უპრეცედენტოდ მკაცრი განცხადება ერთდროულად გააკეთა ისრაელის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა, ძალოვანმა სტრუქტურებმა კი საჯაროდ პირველად აღწერეს საბრძოლო მოქმედების შესაძლო განვითარების გეგმა.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ ირანის საკითხი პრიორიტეტულად გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის ნათან ვილნაის თქმით, ომი, სავარაუდოდ, 30 დღეს გაგრძელდება და რამდენიმე ფრონტზე გაიშლება - კერძოდ, ირანში, ღაზის სექტორსა და ლიბანის სამხრეთში. ვილნაიმ თანამემამულეები დაარწმუნა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები მათ საიმედოდ დაიცავს.

აშშ ჯერჯერობით არ ჩქარობს მოკავშირის სამხედრო გეგმების მხარდაჭერას. პენტაგონის ხელმძღვანელმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ არ სჯერა ისრაელის გეგმების სერიოზულობის. იმავე აზრისაა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი რამინ მეჰმანპარასტი: - "ამ ანტილეგიტიმური რეჟიმის რომელიმე ლიდერმა კიდეც რომ მოინდომოს ასეთი სისულელის ჩადენა, მოიძებნება ხალხი, რომელიც ამას არ დაუშვებს, რადგან კარგად ესმით, რა მძიმე შედეგები მოჰყვება ამას".

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი