საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

სირიის რეჟიმი არ გამორიცხავს მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას. ამას ადასტურებს გაზეთ თჰე თიმეს -ისთვის მიცემულ ინტერვიუში სირიელი გენერალი ადნან სილუ.

ის მონაწილეობდა თათბირში, რომელზეც საუბარი იყო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ამბოხებულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. "ჩვენ ვიხილავდით მისი გამოყენების ხერხებსა და ზონებს, სავარაუდოდ, ალეპოზე სახელისუფლებო ჯარების კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში გამოყენებული იქნება ისეთი უკიდურესი ზომა, როგორიც ქიმიური იარაღია", - ამბობს გენერალი. მისი თქმით, სირიის მთავრობის წევრებმა განიხილეს აგრეთვე ლიბანის "ჰეზბოლაჰისთვის" ქიმიური იარაღის გადაცემის საკითხი. სირიის მთავრობა, რომელიც მსოფლიოში ქიმიური იარაღის ერთ-ერთ უდიდეს მარაგს ფლობს, გენერლის ნათქვამს უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯიჰად მაქდისიმ განაცხადა, - სირიის მთავრობა არასდროს გამოიყენებს ქიმიურ იარაღს თავისი მოსახლეობის წინააღმდეგო, თუმცა დასძინა, - ის, შესაძლოა, გამოვიყენოთ ქვეყანაში უცხოელების შეჭრის შემთხვევაში.

CNN-ის ცნობით, არჩევნების წინ აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთის კონფლიქტში ამერიკელთა მონაწილეობას მნიშვნელოვნად ამცირებს - სამი წლის წინ საომარი მოქმედების ზონაში გაგზავნილი 33 ათასი ჯარისკაცი სამშობლოში დაბრუნდა.

2009 წელს ბარაქ ობამამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა: გამოაცხადა ერაყის ომის დამთავრება და ჯარის ავღანეთში გადაყვანა. ამჟამად ავღანეთში 68 ათასი სამხედრო დარჩა. მალე ქვეყანაში ნატოს ძალებით შეიქმნება ავღანეთის ბრძოლისუნარიანი ახალი არმია.

"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ირანის მთავრობამ დაიწყო ტექნიკური საფუძვლის მომზადება ინტერნეტის ნაციონალური ქსელისთვის, რომელიც მთლიანად იქნება გამოყოფილი მსოფლიო ქსელიდან და ინფორმაციის ნაკადზე კონტროლს განახორციელებს. ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქსელის განვითარება დაჩქარდა ირანის ბირთვული პროგრამის საწინააღმდეგო კიბერშეტევების შემდეგ.