საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

თურქეთს კონფლიქტის გამწვავება სურს. ანკარამ იძულებით დასვა მოსკოვიდან დამასკოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი - დამასკოში იარაღი გადაჰქონდაო. ანკარა პირველად არ ამოწმებს საჰაერო ტვირთს, თუმცა სამოქალაქო თვითმფრინავი არასდროს შეუმოწმებია. ექსპერტების ვარაუდით, ანკარამ, რომელმაც კარგად იცის, რომ რუსეთი კარგა ხანია იარაღს სირიაში გზავნის როგორც გემებით, ასევე თვითმფრინავებით, სამოქალაქო თვითმფრინავის დაშვების ბრძანება ვითარების დასაძაბავად გასცა. "სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორია ხშირად იცხრილება, ანკარა საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნას მოითხოვს, მაგრამ არც ნატო და არც გაერო საამისოდ არაფერს აკეთებს. კონსერვატორულ ისლამისტურ ხელისუფლებას მანევრირებისთვის არცთუ დიდი სივრცე აქვს, რადგან თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სირიის საქმეში ჩაურევლობას ემხრობა", - წერს ფრანგული გაზეთი "ლიბერასიონი".

2012 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ევროკავშირს 6 ათეული წლის განმავლობაში ევროპაში მშვიდობის განსამტკიცებლად გაწეული ძალისხმევისათვის. პრემია განიხილება, როგორც ევროკავშირისთვის მხარდაჭერა მძიმე ფინანსური კრიზისის პირობებში. ნობელის კომიტეტმა აღნიშნა ევროკავშირის ღვაწლი ევროპის აღორძინების საქმეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მისი როლი ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ინტეგრაციაში.

ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც 1,2 მლნ დოლარს შეადგენს, ევროკავშირს გადაეცემა ოსლოში 10 დეკემბერს.

ნობელის პრემია დააარსა შვედმა მეწარმემ და გამომგონებელმა ალფრედ ნობელმა.

ბოლო ორგანიზაცია, რომელმაც 1999 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია, იყო "ექიმები საზღვრებს გარეშე"...

ეგვიპტეში განიხილავენ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ ქვეყნის ახალი ძირითადი კანონის პროექტს. ადამიანის უფლებების დამცველები და ლიბერალები შეშფოთებულნი არიან, რომ ახალი კონსტიტუცია ეგვიპტეს შარიათის სახელმწიფოდ აქცევს. საკამათოა ახალი კონსტიტუციის მეორე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე კანონმდებლობასა და შარიათს შორის ურთიერთკავშირს. კონსტიტუციის მეორე მუხლის თანახმად, "ისლამი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიაა, ოფიციალური ენა - არაბული, კანონმდებლობის მთავარი საფუძველი კი ისლამური სამართლის (შარიათის) პრინციპები. ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დროს ეს უკანასკნელი პუნქტი დეკლარაციული ხასიათის იყო, ახლა კი ძირითადი კანონის ავტორები კონსტიტუციას რეალურად უკავშირებენ შარიათს.

ტოკიოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხდომაზე, პოლონეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე მარეკ ბელკამ განაცხადა, რომ ერთიანი ევროპული ვალუტის შექმნა შეცდომა იყო და მისი ქვეყანა არ აპირებს ევროზე გადასვლას მსოფლიო ფინანსური კრიზისის აღმოფხვრამდე.

ამჟამად ევროზონაში ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 17 ქვეყანა შედის. პოლონეთის გარდა ევროზე გადასვლა გადადო ბულგარეთმა.