საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

მოკლედ:

პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ დაამტკიცა შესწორებები ეგვიპტის კონსტიტუციაში, რის თანახმადაც, ქვეყნის მეთაურს მნიშვნელოვნად გაეზარდა უფლებამოსილება. ლიბერალური რეფორმების მომხრეები ეგვიპტის რეჟიმს უკვე აბსოლუტურ მონარქიას ადარებენ, თავად მურსის კი ახალ ფარაონად ნათლავენ.

"ამიერიდან ქვეყნის მეთაურს შეუძლია გამოსცეს ნებისმიერი ბრძანებულება რევოლუციის დასაცავად. მის მიერ ხელმოწერილი საკონსტიტუციო დეკლარაციები, კანონები და დადგენილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება", - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა იასირ ალიმ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბირთვული ენერგიის მსოფლიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის მუჰამედ ალ ბარადეის თქმით, "ახალი პრეზიდენტი საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს, იგი ახალი ფარაონი გახდა. რევოლუციაზე ამ დარტყმას ეგვიპტისათვის სავალალო შედეგი მოჰყვება".

ისრაელმა და პალესტინის მოძრაობა "ჰამასმა", აშშ-ისა და ეგვიპტის შუაკაცობით, ღაზის სექტორში რვადღიანი დაპირისპირების შემდეგ შეთანხმების ხელშეკრულება დადეს. თუმცა ისრაელელი რეზერვისტები კვლავაც ღაზის საზღვარზე რჩებიან. სამხედროები აცხადებენ: თუ პალესტინა ხელშეკრულებას დაარღვევს, უფრო ძლიერ პასუხს დაუყოვნებლივ გავცემთო. "ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, ნაადრევი იყო და, დარწმუნებული ვარ, მალევე დაირღვევა", - აცხადებს ისრაელის მმართველი პარტია "ლიკუდის" დეპუტატი მირი რეგევი. "სამხედრო ოპერაციას მიზნისთვის არ მიუღწევია, დრო გვიჩვენებს, როდის დაიწყება ახალი ეტაპი", - მიაჩნია პარტია "კადიმას" ლიდერს შაულ მოფაზს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაშიც ადანაშაულებენ ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს კრიტიკოსები". პრემიერი ნეთანიაჰუ ესაუბრა პრეზიდენტ ობამას და მიიღო მისი რეკომენდაცია, შეესრულებინა ეგვიპტის წინადადება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით", - თქვა ქალბატონმა კლინტონმა და დაუმატა, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლებაო.