საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

მოკლედ:

კაიროში პარტია "ძმები მუსლიმანების" შტაბბინას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ და "ძმებმა მუსლიმანებმა" მომხდარში საპროტესტო აქციის მონაწილეები დაადანაშაულეს. დაახლოებით 200-მდე ამბოხებული პოლიციამ ცრემლსადენი გაზით მოაშორა შტაბბინას, თუმცა ისინი ეგვიპტის მმართველი პარტიის კიდევ ერთი ოფისის დაწვას შეეცადნენ.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში 22 ნოემბერს დაიწყო, როცა პრეზიდენტ მოჰამედ მურსის ბრძანებით, სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაიზარდა. პრეზიდენტის სასახლის წინ, ტაჰრირის მოედანზე, 5 დეკემბერს, შეტაკებაში 7 კაცი დაიღუპა, 600 დაიჭრა. 6 დეკემბრიდან ხელისუფლების ბრძანებით, შუადღის 3 საათის შემდეგ სასახლის მოედანზე შეკრება იკრძალება. იმავე დღეს, ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელეარხებით ოპოზიციას - ეგვიპტის პოლიტიკური პარტიებისა და "რევოლუციური ახალგაზრდობის" ლიდერებს შეხვედრა შესთავაზა კრიზისიდან გამოსასვლელი გზების მოსაძებნად. ოპოზიციური ახალგაზრდული მოძრაობა "ექვსი აპრილის" აქტივისტებმა უარყვეს ეს წინადადება და თანამემამულეებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ლათინურ ამერიკაში ეძებს პოლიტიკურ თავშესაფარს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლათინური ამერიკის რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენელს პრეზიდენტ ასადის პირადი წერილები გადასცა ამ ქვეყნების მეთაურებისათვის გადასაცემად.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქ საფირაში მმართველი პარტია "ბაასის" შტაბბინა აიღეს, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმულია სამხედრო ბაზები, საწყობები, ქარხანა, სადაც, დასავლელი სპეციალისტების აზრით, აწარმოებენ და ინახავენ ქიმიურ იარაღს. ასე რომ, საფირას აღებამ, შესაძლოა, მთავარი როლი ითამაშოს სირიის კონფლიქტში. ადრე ითქვა, მთავრობის ჯარმა საბრძოლო მასალები აქედან გაიტანაო. აშშ-მა, ნატომ და ევროკავშირმა გააფრთხილეს პრეზიდენტი ასადი, - თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებ, მაშინვე ჩავერევითო. ოფიციალურმა დამასკომ უპასუხა, - საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას არ ვაპირებო.

აშშ-ის სენატმა მიიღო კონგრესის წარმომადგენელთა მიერ მოწონებული "მაგნიტსკის სიასთან" დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი. დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციების შემოღებას იმ რუსი მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც ასე თუ ისე არიან დაკავშირებული Hermitage Capital-ის იურისტის, სერგეი მაგნიტსკის დაღუპვასა და მისი სიკვდილის გამომწვევი ვითარების გამოძიებასთან. შავი სიის ფიგურანტებს აეკრძალათ აშშ-ში ჩასვლა, გაუქმდება ადრე გაცემული ვიზები, მათი ანგარიშები და კერძო საკუთრება აშშ-ში დაპატიმრებული იქნება.