საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

მოკლედ:

ევროკავშირის ლიდერებს ოფიციალურად გადასცეს 2012 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ოსლოში გამართულ ცერემონიაზე ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებმა: ჰერმან ვან რომპუიმ, ჟოზე მანუელ ბაროზომ და მარტინ შულცმა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით მიიღეს პრემია. ჯილდო -1,25 მლნ დოლარი, მათ ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ტორნბიორნ იაგლანდმა გადასცა. ამ თანხას ნობელიანტები საომარ ზონებში მყოფი ბავშვების დასახმარებლად განსახორციელებელ პროექტებს გადაურიცხავენ.

ბარაკ ობამას ფავორიტმა კანდიდატმა სუზან რაისმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტისთვის ბრძოლაზე უარი განაცხადა. უცხოური მედიის ცნობით, რაისი გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელია და დიდი ხნის მანძილზე სწორედ ის მიიჩნეოდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის შემცველად.

სუზან რაისის უარის შემდეგ, ექსპერტების აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი ამ დროისთვის არის ჯონ კერი. ის 2004 წელს დემოკრატიული პარტიიდან აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ამჟამად კი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ჩრდილოკორეელები შორსმოქმედი რაკეტის წარმატებით გაშვებას ზეიმობენ. მთავრობა აცხადებს, რომ რაკეტის გაშვება სატელიტის ორბიტაზე გაყვანას ემსახურებოდა, საერთაშორისო საზოგადოების აზრით, კომუნისტური სახელმწიფო ბალისტიკურ რაკეტებს ცდის. აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია შიშობენ, რომ ეს არის გამოცდა ტექნოლოგიისა, რომელიც ერთ დღეს მათ ბირთვულ დარტყმას მიაყენებს.

ხუთი კაცი დაიჭრა ჰებრონში პალესტინელი ახალგაზრდებისა და ისრაელის სამხედროების შეტაკებებისას. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქის გამშვებ პუნქტზე 17 წლის პალესტინელი მუჰამედ ზიადი ისრაელელმა პოლიციელმა ქალბატონმა მოკლა.

სერბეთში თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, მიროსლავ მისკოვიჩი და მისი ვაჟი. ბრალდების მხარის განცხადებით, მისკოვიჩი 25-მილიონი ევროს თაღლითობით მითვისებაშია ეჭვმიტანილი. მილიარდერი ბრალდებას უარყოფს. მისკოვიჩი ბელგრადში, პროკურატურის ორგანიზებული კრიმინალის დეპარტამენტში დაჰკითხეს.