ფრანგები რუსეთს მიიჩქარიან - კვირის პალიტრა

ფრანგები რუსეთს მიიჩქარიან

"რუსეთის კონსტიტუციის 89-ე მუხლის ა პუნქტის შესაბამისად, 1948 წელს დაბადებულ ჟერარ ქსავიე დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა"," - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

თურმე ცნობილ ფრანგ მსახიობს თავად დაუწერია განცხადება რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად. რუსულ მხარეს კი ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიუღია, "რომ მსახიობს მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება, თამაშობს რასპუტინის როლს ფილმში, რომლის სცენარიც თავად პრეზიდენტს შეუთანხმეს". ამასთან, მონაწილეობას მიიღებს სამ მასშტაბურ რუსულ კინოპროექტში, მათ შორის, დოსტოევსკის "ძმებ კარამაზოვებისა" და "დანაშაულისა და სასჯელის" ეკრანიზაციაში.

როგორც გაირკვა, დეპარდიემ უკვე საცხოვრებელი ადგილიც შეარჩია - მოსკოვის მახლობლად, სოფელ სტეპანჩიკოვოში დასახლდება. და მაინც, რატომ გადაწყვიტა მუსიო ჟერარმა პარიზი მოსკოვზე გაეცვალა ან საცხოვრებლად რატომ აირჩია რუსეთი? მას ხომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ბელგიაში დასახლება? ისე, დეპარდიეს კორტესის როლიც აქვს ნათამაშები, მაგრამ რატომღაც ესპანეთის მოქალაქეობის მოთხოვნა არ გახსენებია. ამ ყველაფერს მარტივი პასუხი აქვს - გადასახადები!..

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლების სათავეში სოციალისტი ფრანსუა ოლანდი მოვიდა, ქვეყნიდან მდიდრების მასობრივი გადინება დაიწყო - არავის სურს, "სიმწრით ნაშოვნი" მილიონის 75% სახელმწიფოს ჩაუჯიბოს. პირველი "გადამფრენი მერცხალი" ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გამოდგა, რომელმაც ჩრდილოეთით "აიჩოჩა" და ბელგიაში დასახლდა. ასეთივე აჩოჩებას აპირებდა დეპარდიეც (რომელსაც მსახიობის ჰონორარის გარდა, მეღვინეობის მსხვილი ბიზნესი და რამდენიმე რესტორანიც აქვს). ალბათ, ასეც მოიქცეოდა, რომ არა საფრანგეთის პრემიერის, ჟან-მარკ ეროს კრიტიკული განცხადება, რომელშიც მან დეპარდიეს საქციელი "ქვეყნის წინაშე მოქალაქის ვალდებულებისგან თავის დაძვრენის უბადრუკ მცდელობად" მონათლა. დეპარდიემაც არც აცია, არც აცხელა და მინისტრს ღია წერილი გაუგზავნა, კონვერტში ჩადებული საკუთარი პასპორტით, თანაც განაცხადა, მე საფრანგეთის კი არა, მსოფლიოს მოქალაქე ვარო. მეორე დღეს კი დეპარდიეს გადმობირების პირველი, თანაც ერთობ ოდიოზური მსურველი გამოჩნდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ფრანგ მსახიობს ხოტბა შეასხა და განაცხადა, "თანამედროვე კინემატოგრაფიის დიდ მოღვაწეს თუ სურვილი ექნება, ჩეჩნეთში საკადრის პირობებს შევუქმნითო". ცოტა ხანში კი ასეთივე წინადადებით მსახიობს პუტინმაც მიმართა: "თუ მუსიო ჟერარს ამის სურვილი აქვს, რუსეთი მას ხელგაშლილი დახვდებაო." საინტერესოა ისიც, რომ ამასობაში საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოლანდის მთავრობის კანონი 75%-ის შესახებ არამართლზომიერად მიიჩნია, თუმცა საეჭვოა, დეპარდიე სამშობლოში დაბრუნდეს. როგორც ამბობენ, გაფრენილ სიტყვას, უფრო სწორად, პასპორტს, ვერ დაიბრუნებ. თუ ყველაფრის თავიდათავი გადასახადებია, მაშინ საფრანგეთის 75 და ბელგიის 50%-იან საგადასახადო განაკვეთებთან შედარებით რუსეთში სამოთხეა - 13%. ასე რომ, დეპარდიეს ბედსა და შემოსავლებს, როგორც იტყვიან, ძაღლი არ დაჰყეფს. თუმცა, როგორც რუსები იტყვიან, "პაჟივიომ - უვიძიმ"...

დეპარდიეს "გარუსება" ცნობილმა რუსმა პროდიუსერმა სერგეი კალვარსკიმ ასე შეაფასა: "მანქანას მთვრალი მართავს, ცუდ ღვინოს ძვირად ყიდის, თვითმფრინავებში შარდავს, სიფათი წითელი აქვს. რითი არ არის რუსი?! ველქამ, ჟერარ!".

როგორც იტყვიან, დეპარდიეს ამბავი ჯერ გაცივებული არ იყო, რომ ცნობილი ფრანგი მსახიობი, ბრიჟიტ ბარდო თავისიანებს დაემუქრა, - "ჩემი ძმა" ჟერარის კვალს გავყვები და რუსეთის მოქალაქეობას მეც მოვითხოვო. თუმცა, დეპარდიესგან განსხვავებით, მიზეზი მაღალი გადასახადები კი არა, ცხოველთა მიმართ უმოწყალო დამოკიდებულება აღმოჩნდა. კერძოდ, მსახიობი აღაშფოთა ლიონის ზოოპარკში დატყვევებული ორი სპილოს - ნეპალისა და ბეიბის ბედმა, რომლებიც ტუბერკულოზით არიან ავად და შესაძლოა ეს ინფექცია ადამიანებსაც გადასდონ. სასამართლო ინსტანციების გავლის შემდეგ სპილოებს სასტიკი განაჩენი გამოუტანეს - მათ დააძინებენ...

"თუ ამ მშიშარა ხელისუფლებას ეყოფა თავხედობა, მოკლას ნეპალი და ბეიბი, რუსეთის მოქალაქეობას მეც მოვითხოვ, რათა იმ სახელმწიფოდან გავიქცე, რომელმაც ქვეყანა ცხოველების სასაფლაოდ აქცია", - განაცხადა აღშფოთებულმა კინოვარსკვლავმა.

მოამზადა ვაჟა თავბერიძემ

ასევე იხილეთ:

-ვლადიმერ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსული პასპორტი გადასცა

- ვინც კი პუტინზე ცუდს ლაპარაკობს, დროს ჩამორჩა - ჟერარ დეპარდიე