საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

მოკლედ:

ფრანკო-ლიბიელმა ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მოამარ კადაფისგან 50 მლნ ევრო მიიღო. ბიზნესმენმა სასამართლოს განუცხადა, რომ სარკოზი კადაფისგან ფულს 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში და არჩევნების შემდეგაც იღებდა. ტაკიედინი ირწმუნება, რომ თუ საჭირო იქნება, წარადგენს ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებსაც.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმად, გადასახადები გაეზრდებათ მდიდარ ამერიკელებს და, პირიქით, შეღავათებით ისარგებლებენ საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები. ის ასევე ითვალისწინებს ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას.

პაკისტანში, სამხრეთ ვაზირისტანის პროვინციის სოფელ ანგორ ადაში ამერიკის უპილოტო თვითმფრინავმა გაანადგურა "თალიბანის" ერთ-ერთი საველე მეთაურის, მოლა ნაზირის სახლი. დაიღუპნენ მოლა ნაზირი, მისი მოადგილე და რამდენიმე თანამებრძოლი.

აშშ-ის პოლიციამ 254 კაცი დააკავა ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად. სპეცოპერაცია”"მზესუმზირა" აშშ-ის საზღვრებს გარეთაც ჩატარდა. სექსუალური ძალადობისგან იხსნეს 123 ბავშვი, რომელთაგან ყველაზე პატარა ორი წლისაა.

სირიაში 2011 წლის 15 მარტიდან დღემდე, შიდა კონფლიქტს 60 ათასზე მეტი კაცი ემსხვერპლა. მოკლულთა 76%-ზე მეტი მამაკაცია, 7,5% კი ქალი. მსხვერპლთა 16,5%-ის სქესის დადგენა ვერ მოხერხდა. დაბეჯითებით შეუძლებელია ითქვას, მოკლულთაგან ვინ იყო მებრძოლი და ვინ - მშვიდობიანი მოქალაქე.