საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

მოკლედ:

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ორი ყოფილი პრემიერი - იულია ტიმოშენკო და პაველ ლაზარენკო 1996 წელს უმაღლესი რადას დეპუტატის, ევგენი შჩერბანის მკვლელობაში ეჭვმიტანილად ცნო. უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, გამოძიებით მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ტიმოშენკომ პაველ ლაზარენკოსთან ერთად დეპუტატის მკვლელობა შეუკვეთა. მკვლელობის მიზეზად კი გენპროკურატურა ბიზნესთან დაკავშირებულ კონფლიქტს ასახელებს.

მალიში სამოქალაქო ომია. ამ ქვეყნის მთავრობას მეამბოხე ტუარეგებთან ბრძოლაში საფრანგეთი ეხმარება, რომელმაც მალიში 1400-კაციანი კონტინგენტი შეიყვანა. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს ფრანგული ავიაციაც. ფრანგულმა ქვედანაყოფებმა რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ აიღეს ქალაქი დიაბალი, რომელშიც ტუარეგები იყვნენ გამაგრებული. მანამდე ფრანგებმა და მალის სამთავრობო ძალებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაი-კონაც დაიკავეს. მალის მთავრობას აშშ-ც ეხმარება.

20 წლის შემდეგ პირველად, აშშ-მა ოფიციალურად აღიარა სომალის მთავრობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, სომალის პრეზიდენტთან, ჰასან შეიხ მოჰამუდთან შეხვედრისას განაცხადა. მოჰამუდი სომალის სათავეში 2012 წელს, დიქტატორ სიად ბარის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩაუდგა.

სომალიში 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა სამოქალაქო დაპირისპირება. ქვეყანაზე კონტროლის დაწესებას ერთბაშად რამდენიმე ისლამისტური დაჯგუფება ცდილობდა, მათ შორის "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული "ალ-შაბაბი".

ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის გაწყვეტილი ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა სომალისთან. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა, ახლო მომავალში სომალიში აშშ-მა საელჩო გახსნას.

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი 18 იანვარს ჰავანის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჰოსპიტლის სპეციალურ იატაკქვეშა ბუნკერში მოათავსეს.

უცხოური მედიის ცნობით, თავის დროზე ეს ბუნკერი საგანგებოდ აიგო ფიდელ კასტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ბუნკერში ჩავესის გადაყვანის გადაწყვეტილება იმ მიზეზით იქნა მიღებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცნობამ არ გაჟონოს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩავესს უახლოეს დღეებში ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გადაიყვანენ.

58 წლის ჩავესი კუბაში დეკემბრიდან მკურნალობს. 2011 წელს ექიმებმა მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.