საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

მოაკლედ:

კუბის ექსლიდერმა, ფიდელ კასტრომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. 86 წლის კასტრომ საათზე მეტი დაყო საარჩევნო უბანზე და მედიასა და ამომრჩევლებსაც გაესაუბრა. ოპოზიციურ პარტიებს კუბის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ და კანდიდატები მხოლოდ მმართველი, "კომუნისტური პარტიიდან" არიან შერჩეული. კუბის რევოლუციის ლიდერი საზოგადოებაში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა.

აშშ-ის სენატში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობის კანდიდატ ჯონ ბრენანს თავის მართლებამ მოუწია უპილოტო თვითმფრინავიდან ტერორიზმის ხელშემწყობთა დაცხრილვასა და წამების პოლიტიკის წაქეზების გამო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დარბაზი დაატოვებინეს სენატის წევრებს, რომლებიც ითხოვდნენ "მკვლელის" შეჩერებას. ბრენანი თავის მართლებას შეეცადა, - არასოდეს მიფიქრია, რომ ჯობს მოკლა ტერორისტი, ვიდრე დააპატიმროო. ბრენანმა აღიარა, რომ იცოდა ბუშის ადმინისტრაციის მიერ ლეგალიზებული წამების ფაქტების შესახებ და ეწინააღმდეგებოდა კიდეც, თუმცა ნაბიჯები არ გადაუდგამს მათ აღსაკვეთად.

სოროსის ფონდმა Open Society-მ გამოაქვეყნა საიდუმლო ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების სია, რომლებიც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ძებნაში, ტრანსპორტირებასა და წამებაში ეხმარებოდა. ფონდის მონაცემებით, საიდუმლო ოპერაციები ყველა კონტინენტზე ტარდებოდა, წამების მეთოდები კი აშშ-ის ხელისუფლების მიერ იყო სანქცირებული. სიაში მსოფლიოს 54 ქვეყნის მთავრობა შევიდა. ცსს-ს ამერიკელების დამხმარეთა შორის ირანი და სირიაც კი აღმოჩნდნენ. საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან კი ცსს-ს საიდუმლოდ უჭერდნენ მხარს აზერბაიჯანი, საქართველო, ლიტვა და უზბეკეთი.

ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის კაიროში ვიზიტისას მეორედ დაესხნენ თავს. ერთ-ერთი ირანელი დიპლომატის სახლში საზეიმო მიღების დროს მასთან მიიჭრა აგრესიულად განწყობილი მოქალაქე, რომელიც არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა სტუმრებს შორის. დაცვამ მისი შეჩერება შეძლო, "სიკვდილი აჰმადინეჟადის, სიკვდილი ასადს!" - ყვიროდა თავდამსხმელი. ორი დღით ადრე კი ირანის პრეზიდენტს უცნობებმა ფეხსაცმელები დაუშინეს. ეგვიპტის მცხოვრებთა უმეტესობა - არაბი სუნიტები - სირიელ ამბოხებულებს უჭერს მხარს. შიიტური ირანი კი ასადს ემხრობა. თავდამსხმელები სუნიტი არაბები აღმოჩნდნენ.

მომავალ კვირას ამერიკა უძლიერეს შტორმს ელოდება. მას მეტეოროლოგებმა უკვე შეურჩიეს სახელი - "ნემო". შესაძლოა, თოვლის საფარმა 60 სმ-ს მიაღწიოს, ქარის სიჩქარემ კი საათში 100 კმ-ს გადააჭარბოს. ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აეროპორტებმა უკვე გააუქმეს ასობით ფრენა. მეტეოროლოგების განცხადებით შტორმი რეკორდების წიგნში შევა.

ინდოეთში ამიერიდან გაუპატიურება სიკვდილით დაისჯება. სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა კანონპროექტი", რომელიც ითვალისწინებს 10-დან 20 წლამდე სასჯელს ან სასჯელის უმაღლეს ზომას - სიკვდილით დასჯას. სიკვდილმისჯილებს არც ამნისტია შეეხებათ.