რომის პაპი გადადგება - რატომ? - კვირის პალიტრა

რომის პაპი გადადგება - რატომ?

მსოფლიო გააოგნა რომის პაპ ბენედიქტ XVI-ის (იოჰან რატცინგერის) გადაწყვეტილებამ, თვის ბოლოს ვატიკანის წინამძღვრის პოსტიდან გადამდგარიყო. როგორც კათოლიკური სამყაროს ლიდერმა განაცხადა, გაუარესებული ჯანმრთელობა ხელს უშლის სრულად შეასრულოს საკუთარი უფლება-მოვალეობები: "ამ მიზეზების გამო, საღ გონებაზე მყოფი, ვაცხადებ, რომ ვიხსნი ვატიკანში ღვთის მოციქულისა და წმინდა პეტრეს მემკვიდრის სტატუსს", - ნათქვამია პაპის ოფიციალურ განცხადებაში. უკანასკნელი 600 წლის მანძილზე ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც რომის პაპი ტახტს ტოვებს.

ვინ იყო პაპი ბენედიქტი - ტრადიციონალისტი თუ რეფორმატორი? როგორ დარჩება მისი სახელი ისტორიაში -  როგორც თავისი წინამორბედის, კურთხეულად წოდებული იოანე[-პავლე II-ის ღირსეული მემკვიდრისა თუ პაპისა, რომელიც საკუთარ მოვალეობას გაექცა?

პაპს არც მოთაყვანეები აკლია და არც მაძაგებლები. მის შესახებ ერთი აზრი არ არსებობს არც კონსერვატორთა და არც რეფორმისტთა ბანაკში. მეტიც, ხშირად ვატიკანის მიდგომას ერთსა და იმავე საკითხის მიმართ, მაგალითად, ქალი-ეპისკოპოსებისა და ერთსქესიანი ქორწინებების საერთაშორისო სკანდალად ქცეული თემებისადმი, აკრიტიკებენ ტრადიციონალისტებიც და რეფორმისტებიც. ერთნი საკითხის დაყენებით არიან უკმაყოფილონი, მეორენი კი რომის პაპისგან პოზიციების დათმობასა და ლიბერალობას მოითხოვენ.

ვატიკანის კანონიკური კოდექსის მიხედვით, პაპი უნდა გადადგეს მხოლოდ თავისივე ნება-სურვილით. სწორედ ეს პუნქტი იქცა თავსატეხად საზოგადოებისათვის: რა იყო პაპის გადაწყვეტილების ნამდვილი მოტივი და იქნა თუ არა იგი მიღებული ძალდატანებით?

აი, რას ასახელებს პაპის გადადგომის მიზეზად ვატიკანის სპიკერი ფედერიკო ლომბარდი Euronews-თან ინტერვიუში:

-”ეს გადაწყვეტილება მოითხოვდა უდიდეს სიბრძნეს, თავმდაბლობასა და სიმამაცეს. პაპმა ობიექტურად შეაფასა საკუთარი ჯანმრთელობა და უარი თქვა ამ საოცნებო და საარაკო პატივზე.

- ბოლო ხანს რომის კათოლიკურ ეკლესიას უამრავი სკანდალი დაატყდა თავს. ლაპარაკობენ ვატიკანის ბანკის უზარმაზარ ვალებზე, გახშირდა ბრალდებები პედოფილიასა და ჰომოსექსუალიზმზე, პაპის კამერდინერმა გასცა პაპის პირადი დოკუმენტები და პაპს ანტიქრისტეს შეგირდობას აბრალებს. იქონია თუ არა ყოველივემ გავლენა მის გადაწყვეტილებაზე?

- დარწმუნებული ვარ, პაპმა გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, როდესაც ღვთის წინაშე შეაფასა საკუთარი სიმართლე და ძალა, შეეძლო თუ არა საკუთარი მოვალეობის კვლავ შესრულება. ცხადია, მისი მმართველობის დროს იყო პრობლემები. ბენედიქტი რეალისტია და მშვენივრად იცის, რომ ადვილი არ არის, იყო ისტორიის ნაწილი და ამავე დროს, თავადვე ქმნიდე მას. იგი თავისი მოვალეობების შესრულებას არ გაურბოდა. უეჭველია, მომავალ პაპსაც დახვდება დიდი პრობლემები, რომელთან  გამკლავებაც მოუწევს.

- რატომ გადაწყვიტა პაპმა, რომელიც "ტვიტერზეც" კი დარეგისტრირდა, საკუთარი გადადგომის შესახებ მსოფლიოსთვის ლათინურად ეცნობებინა?

- პაპი ბრძენი ადამიანია. იცის, რომ მისი გადაწყვეტილება ისტორიული და ეპოქალური მნიშვნელობისაა, რასაც ყველაზე კარგად ლათინური შეეფერებოდა.

ახალი პაპის ვინაობა აღდგომამდე გახდება ცნობილი. ვინ იქნება იგი, ან რა გზას აირჩევს, ჯერჯერობით უცნობია, ისევე, როგორც ის, თუ რას მოიმოქმედებს ბენედიქტ  XVI გადადგომის შემდეგ - მას უფლება აქვს, ვატიკანში დარჩეს. თუ ასე მოხდა, კიდევ ერთ ისტორიულ პრეცედენტს მივიღებთ - კათოლიკურ სამყაროს ორი - ყოფილი და მოქმედი პაპი ეყოლება.

პ.ს. კარდინალი ფრანცის არინზე ნიგერიიდან პაპობის სავარაუდო კანდიდატებს შორის ყველაზე პოპულარულია. თუ არინზე პაპი გახდა, იგი ისტორიაში შევა, როგორც პირველი შავკანიანი პაპი. მიუხედავად იმისა, რომ პაპის ტახტი აფრიკელებს სამჯერ ეკავათ, ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ისინი კონტინენტის თეთრკანიანი მოსახლეობის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.

80 წლის ფრანცის არინზე კარდინალისთვის საკმაოდ თამამი მოსაზრებებით გამოირჩევა: 2011 წელს მან მთელი მსოფლიო გააოცა, როდესაც განაცხადა, რომ მისი აზრით, სამოთხეში შეიძლება მოხვდნენ მუსლიმებიც, ბუდისტებიცა და ებრაელებიც. კარდინალი ასევე ცნობილია როგორც სპორტის გულმხურვალე ქომაგი

მოამზადა ვაჟა თავბერიძემ