საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

მოკლედ

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი კუბაში ჩატარებული სიმსივნის საწინააღმდეგო რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ვენესუელაში დაბრუნება 58 წლის ჩავესმა "ტვიტერის" მეშვეობით ამცნო მსოფლიოს. სოციალურ ქსელში მან მადლობა გადაუხადა კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროსა და ყოფილ ლიდერს, ფიდელ კასტროს.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. სომხეთის პირველ პირს ამომრჩეველთა 59%-მა დაუჭირა მხარი, მის მეტოქე რაფი ოვანესიანს კი - 37%-მა.

დანარჩენმა კანდიდატებმა (მათ შორის ვარდან სედრაქიანმაც, ვინც ირწმუნებოდა, პრეზიდენტი გავხდები თუ არა, სომხეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებსო, სტატისტების როლი შეასრულეს - ხმების 0,24% და 2,15% მიიღეს.

საკვების მწარმოებელი უდიდესი შვეიცარიული  კომპანია "ნესტლეს" ხორცპროდუქტებში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. კომპანიის ინფორმაციით, ანალიზის შემდეგ იტალიისა და ესპანეთის სუპერმარკეტებიდან ამოიღეს საქონლის ხორცის ის ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც ცხენის ხორცი აღმოჩნდა.

ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ "ნესტლეს" პროდუქციაში ცხენის ხორცის შემცველობა მხოლოდ 1% იყო, თუმცა კომპანიამ მაინც მიიღო მათი გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება.

ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იწყება. ლიბერმანს ბრალი თაღლითობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისრაელის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.