საზღვარგარეთის ქვეყნები
25-03-2013
საზღვარგარეთის ქვეყნები
ქურთთა მუშათა პარტიის ლიდერი აბდულა ოჯალანი, რომელიც 14 წელია, ქარმარის კუნძულზე ციხეში ზის, თანამოძმეებს თურქეთთან რამდენიმეწლიანი დაპირისპირების დასრულებისკენ მოუწოდებს. ათასობით ქურთმა მოიყარა თავი თურქეთის ქალაქ დიარბაქირში, რათა მოესმინათ თავიანთი ლიდერის მიმართვა ციხის საკნიდან: "უნდა დასრულდეს ქურთი და თურქი ხალხების სისხლიანი დაპირისპირება. შეიარაღებული ბრძოლიდან დემოკრატიულ ბრძოლაზე გადავდივართ".
"ქურთების მუშათა პარტიის" ლიდერი, აბდულა ოჯალანი კენიაში 1999 წელს დააკავეს, საიდანაც თურქეთის ციხეში გადაიყვანეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. "ქურთთა მუშათა პარტიასა" და თურქეთის სამთავრობო
ძალებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 1984 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დაპირისპირებას 40 ათასი კაცი ემსხვერპლა.

ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ქვეყანამ დიპლომატიური კავშირი დაამყარა აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრალიურ პრესაში გავრცელდა. 2011 წელს ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა განაცხადა, რომ
მისი ქვეყანა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. მოგვიანებით მან ეს ჯერ უარყო, მერე კი კვლავ დაადასტურა. ამჟამად, კარლოტის განცხადებით, ვანუატუს და აფხაზეთს შორის დიპლომატიური კავშირი არ არსებობს, მის ქვეყანას კი სურს საქართველოსთან დაახლოებისკენ გადადგას ნაბიჯები.

"აფხაზეთის საკითხი გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული. თავის დროზე, მთავრობის წევრებმა მხოლოდ წერილი გაგზავნეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ განიხილებოდა აფხაზეთთან ფორმალური ურთიერთობის დაწყების საკითხი. "ამჟამად ეს საკითხი აღარ განიხილება"", - აცხადებს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯონი კოანაპო.

ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედმა "ალ-ქაიდას" დანაყოფმა ფრანგი მძევლის მოკვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ფილიპ ვერდონს თავი საფრანგეთის მალიში ინტერვენციის გამო მოჰკვეთეს.
ის ერთ-ერთი იყო ორი ფრანგი მძევლისგან, რომელიც 2011 წლის ნოემბერში გაიტაცეს. ვარაუდობენ, რომ დაჯგუფებას კიდევ შვიდი ფრანგი მოქალაქე ჰყავს მძევლად.
ისლამისტმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ვერდონი ფრანგი ჯაშუში იყო, ხოლო დანარჩენი მძევლების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს, აკისრია.

ისრაელში ყოფნისას ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ აშშ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს იძიებს და თუ ინფორმაცია დადასტურდა, ქვეყნის მოქმედ რეჟიმს პასუხისმგებლობის აღება მოუწევს: "ჩვენ ნათლად გამოვხატეთ პოზიცია. სირიელი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება სერიოზული და ტრაგიკული შეცდომა იქნება. ასადის რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის იქნება პასუხისმგებელი ქიმიური იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრაზე".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით