საზღვარგარეთის ქვეყნები
01-04-2013
საზღვარგარეთის ქვეყნები
ახალარჩეულმა რომის პაპმა ფრანცისკმა სააღდგომო ღონისძიებები არასრულწლოვანთა ციხეში დაიწყო. კათოლიკური სამყაროს ლიდერმა 12 პატიმარს ფეხები დაბანა და მათ ფეხზე ეამბორა. რიტუალში ორი მუსლიმი ქალიც მონაწილეობდა. პაპმა ახალგაზრდებს მიმართა: ""ვისაც ყველაზე მაღალი პოსტი უჭირავს, სხვებს უნდა ემსახურებოდეს. მე რომ ფეხებს გბანთ, ნიშნავს, რომ თქვენს სამსახურში ვარ"." ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ეამბორა პაპი პატიმარს ფეხზე, ელვის სისწრაფით გავრცელდა და უკვე მილიარდზე მეტმა კაცმა ნახა.

პუტინის განკარგულებით, რუსეთმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო
სწავლება დაიწყო. სწავლების მიზანია სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება.
წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ: სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში ბაზირებული 36 გემი, სამხედრო ავიაცია, შს სამინისტროს სწრაფი რეაგირების შენაერთები, საზღვაო ქვეითი ძალები და სპეცდანიშნულების დანაყოფებიც.

ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო სისტემების
საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბრძანებით, სასწრაფო საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი ქვეყნის ყველა სარაკეტო სისტემა. გარდა ამისა, შეინიშნება სამხედროებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის მობილიზაცია.
როიტერის ცნობით, კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, სარაკეტო შენაერთები მზადყოფნაში უნდა იქნენ მოყვანილი სამხრეთ კორეასა და წყნარ ოკეანეში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის დარტყმის მისაყენებლად.

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზად ჩამოხრჩობა დაასახელა. ტემზის პოლიციის განყოფილების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ეს ექსპერტებმა ცხედრის გაკვეთის შედეგად დაასკვნეს. ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობა. 67 წლის ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, ქალაქ ასკოტთან მდებარე საკუთარ სასახლეში 23 მარტს მკვდარი იპოვეს. იგი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ბარაქ ობამამ საიდუმლო სამსახურის უფროსად ქალი დანიშნა. სამსახურს ჯულია პირსონი უხელმძღვანელებს. ""ჯულია საიდუმლო სამსახურში  30 წელია მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება დაეხმარება, უხელმძღვანელოს ამ მნიშვნელოვან სამსახურს"", - განაცხადა ობამამ პირსონის წარდგენისას.  

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მალიში წლის ბოლომდე დარჩებიან. მიუხედავად ამისა, ოლანდი ირწმუნება, რომ მალიდან ფრანგი ჯარისკაცების გაყვანის პროცესი აპრილიდანვე დაიწყება. 4-ათასკაციანი კონტინგენტი ივლისისთვის 2 000-მდე შემცირდება, წლის ბოლოსთვის კი მალიში მხოლოდ ათასი ფრანგი სამხედრო დარჩება.

ევროპაში ნატოს კოალიციური ჯარების სარდლად აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ფილიპ ბრიდლავი დაინიშნა. ბრიდლავი, რომელსაც მხარი ნატოს წევრი 28 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაუჭირეს, ამ პოსტზე ადმირალ ჯეიმს სტავრიდისს შეცვლის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით